Accessibility links

ვინ გააფრთხილებს პარტნიორებს?


თუკი ვაშინგტონი ვერც არსებული „პატარა გეგმებით“ დაარწმუნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით შეატყობინებს ამერიკის კონგრესსა და შესაძლოა, პირდაპირ - პრეზიდენტ ტრამპსაც, რომ ამერიკის ინტერესებს საქართველოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაცვა ესაჭიროება. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ დასავლეთში შეკითხვები არა აქვთ „ქართული ოცნების“ მიმართ და რომ ყველაფერი ოპოზიციის ორგანიზებულია.

რამდენად დამაჯერებელი იქნება ვაშინგტონისთვის ბიძინა ივანიშვილის წერილი? რაზე მიუთითებს ივანიშვილის ასეთი განზრახვა? რა რეაქცია აქვს ევროპასა თუ ამერიკას „ქართული ოცნების“ დაპირების არშესრულებაზე?

კონკრეტულად რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა?

„არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში; იქვე განმარტა, რომ ამერიკა მის გარეშეც „ძალიან კარგად ართმევს თავს თავის განვითარებას“; მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მაინც საჭირო გახდეს კონგრესისა და პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილება - „ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ“.

„კიდევ მაქვს, გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით - დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ... თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო, ღია წერილით კონგრესს, თუ გნებავთ - სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის პრეტენზიები ორი უმსხვილესი, ავტორიტეტიანი ორგანიზაციის (NDI-ისა და IRI-ის) მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდება.

  • „დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარა ტენდენციურობა“;
  • „დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“;
  • „...ეს შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ - ეს თუ ცუდია, შეიძლება მთლიანად ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც რაღაცას ისეთს არ აკეთებს...“;
  • „ნაცების მიერ მართული ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს... სამწუხარო რეალობაა და იგივე ხდება NDI და IRI-ის კვლევებში“;
  • „ამ ფონზე ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებს ეს ენჯეოები ან მსგავსი კვლევები...“;
  • „აბა ნახეთ, ვინ აკეთებს ველს (გამოკითხვის საველე სამუშაოებს) - CRRC და მეორეს, არ ვიცი, რა ჰქვია... „ნაცების“ მიერ დაფუძნებული...“
  • „საზოგადოებას უკვე ეზიზღება... საზოგადოებას აგრესია აქვს უკვე ამ ტიპის NGO-ებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“;
  • „ენჯეოებიც ამათთან პარალელში მიდიან და შემთხვევით არა აქვს აგრესია ხალხს მათზე“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ყველაზე პროდასავლური გუნდია“, „მიისწრაფვის განვითარებული ევროპისკენ“ და დასავლელ პარტნიორებსაც ადეკვატურად ესმით მისი პოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების არშესრულებასთან დაკავშირებით - „არცერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, რომ მსგავსი არ მოსვლოდეს... არანაირი კანონი არ დაურღვევია „ქართულ ოცნებას“.

  • „ელჩებს შევხვდი არაერთხელ - კითხვა არა აქვს არავის - ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ“...
  • „მთელი ძველი სამეგობრო წამოსწიეს („ნაციონალურმა მოძრაობამ“) ახლა და დღეში ერთი ან ორი კაცი აკეთებს განცხადებებს... ლამის ტრამპს მოთხოვეს ვიღაცეებმა - ტრამპმა უშველოსო... რას უნდა უშველოს, კაცო, ვის უნდა უშველოს?!“.

ამავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების რესურსი 50-60%-ს შეადგენს. IRI-ის ბოლო კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 23% უჭერს მხარს. NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად კი, თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა მხოლოდ 19% ასახელებს.

რამ გააბრაზა ბიძინა ივანიშვილი?

„პირდაპირ გარჩევებს მიწყობდნენ ხოლმე „ქართული ოცნების“ ოფისში - მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით... მთავარი ეჭვმიტანილი და ბრალდებული ვიყავი ყოველ ჯერზე, როდესაც, მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რაიმე განცხადებას გააკეთებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

მან ზუსტად იცის, როგორ რეაგირებს „ქართული ოცნება“ მესამე სექტორის კრიტიკაზე და ისიც იცის, რომ არასამთავრობო სექტორზე შეტევის ტალღა ძლიერდება ხოლმე მაშინ, „როდესაც განსაკუთრებულ პანიკაშია ხელისუფლება და ეშინია, მისი სიტყვა, მოქმედება და სტრატეგია სხვებისამ არ გადაძალოს“.

ხიდაშელს ვაშინგტონში წერილის გაგზავნის გეგმაზე ეცინება, მაგრამ რისკსაც ხედავს:

  • „რა უნდა მისწეროს ამერიკის ხელისუფლებას, კონგრესს, პრეზიდენტს?! ... ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ არ იცის, რა მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო სექტორს... ამერიკული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ თავის პარტნიორ ქვეყნებში გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, პლურალიზმი, განსხვავებული აზრი, როგორც დემოკრატიის მთავარი საყრდენი... კონგრესი ამისთვის ამტკიცებს დაფინანსებას“;
  • „ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას აყენებს ზიანს... ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნათქვამი ჩემთვის დასავლეთში - რომ უბრალოდ, ვეცოდებით, აი, ამ მანიაკალური სისტემის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით“.

„შენ თუ არ დააკმაყოფილე ის მაღალი სტანდარტები, რის მიხედვითაც ფასდება შენი შრომა დონორების მიერ, ერთ თეთრსაც ვერ მიიღებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, დასავლეთი შეფასებებში არასოდეს ცდება და ყოველთვის აქვს სათანადო ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ:

  • „საქართველოში ყველა ქვეყანას აქვს თავისი საელჩო“;
  • „მაგალითად, ამერიკის საელჩოში მუშაობს რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის - ამერიკელებიც... სხვა საელჩოებშიც მუშაობს ხალხი“;
  • „ძალიან კარგად აკვირდებიან მოვლენებს, აკეთებენ ანალიზს“;
  • „ბრიუსელისა და ვაშინგტონის აღქმებზე ზეგავლენის მოხდენა ღია წერილებით იქნება ძალიან რთული“;
  • „დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს არაფერი მოჰყვება“.

„CRRC“-ში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებს NDI-ის დაკვეთით ატარებს, ბიძინა ივანიშვილისგან მოსმენილი კრიტიკა საერთოდ არ გაჰკვირვებიათ - „მეტ-ნაკლებად მივეჩვიეთ კიდეც“.

როგორც „CRRC - საქართველოს“ კვლევების დირექტორმა, დავით სიჭინავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ორგანიზაცია უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მუშაობს და საერთაშორისო დონეზე ავტორიტეტს მყარად ინარჩუნებს.

„NDI-ის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვების გარდა, ჩვენ უამრავ სხვა კვლევას ვაკეთებთ ისეთი დონორებისთვის, როგორიც არის ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, გაეროს სხვადასხვა ორგანიზაცია, ბრიტანეთის მთავრობა, შვედეთის საერთაშორისო დახმარების ორგანიზაცია... სახელმწიფო სტრუქტურებიც იყენებენ კვლევის შედეგებს... თუ ამ შემთხვევაში ასეთი დიდი ნდობაა ჩვენი ორგანიზაციის მიმართ, მაშინ სხვა შემთხვევაში საქმე სხვა რაღაცაშია...“

სიჭინავა ასევე ამბობს, რომ „CRRC - საქართველო“ მზად არის, დასაბუთებული პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც მათი მისამართით დაისმება.

აქვე, კიდევ ერთი ფაქტობრივი უზუსტობა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში - NDI-ის ბოლო კვლევებს არა ამერიკის, არამედ - ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს.

აქვთ თუ არა შეკითხვები პარტნიორებს?

ვალერი ჩეჩელაშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოში მომუშავე ელჩებს შეკითხვები არ დაესვათ და გასარკვევი არაფერი ჰქონოდათ „ქართულ ოცნებასთან“, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ გადაცემაში ილაპარაკა.

ყოფილმა ელჩმა იცის, რომ დიპლომატები საჯაროდ ღია ტექსტებით ლაპარაკს ერიდებიან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ისინი იმავეს ამბობენ ხელისუფლებასთან შეხვედრების დროს, რასაც ამბობენ მათთან, ექსპერტებთან - „მე ვიცი, დაახლოებით რა დეპეშებს წერდნენ ისინი (ელჩები) მანამდე, როცა იყო კარგი განცხადებები პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ვიცი, რას წერენ ისინი ახლა დედაქალაქებში“.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ამერიკის საელჩოს, არ დაუმალავთ, რომ იმედგაცრუება და კრიზისის საფრთხე მოიტანა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხის ჩავარდნამ. შესაბამისად, ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ საკითხი ამოწურული ვერც ამ ეტაპზე იქნება, რადგან კრიზისი არ დაძლეულა:

  • გრძელდება ქუჩის აქციები;
  • ოპოზიცია გამოსავალზე ფიქრობს - „გერმანული მოდელის“ შეთავაზებით;
  • ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებამ გამოსავლის ძიებისთვის აუცილებელი სადისკუსიო პროცესი დახურა;
  • „გერმანული მოდელი“ არაკონსტიტუციურიაო - ამბობს ხელისუფლება და არ ზრუნავს ამ პოზიციის გადამოწმებაზე.

„როდესაც დიპლომატები ორივე მხარეს მოუწოდებენ, რომ მოიძებნოს საერთო გამოსავალი, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მოწოდების ადრესატია ორივე მხარე და ორივე მხარე უნდა იყოს მზად დიალოგისთვის“, - ამბობს ჩეჩელაშვილი.

პროპორციული არჩევნების საკითხის პარლამენტის კენჭისყრაზე ჩაგდების ამბავმა ეუთოში ყოფნისას ჩაუსწრო თინა ხიდაშელს და იქვე ძალიან ბევრი მწვავედ კრიტიკული მოსაზრებაც მოისმინა. ამიტომ მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს - უცხოელ პარტნიორებს შეკითხვები არ აქვთო.

„როგორც მას ელაპარაკებიან, ისე მეც მელაპარაკებიან და კიდევ ბევრ ადამიანს ელაპარაკებიან... მას არა აქვს ექსკლუზივი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი. ამ ჭრილში მისთვის ბევრ რამეზე მეტყველებს ასევე 27 ნოემბერს, ევროპარლამენტის სხდომის ფარგლებში მოსმენილი განცხადებები.

გაკეთდა არაერთი განცხადება, რაც ევროპელების უკმაყოფილებაზე მეტყველებს, მაგალითად:

  • „ამჟამად საქართველოში ვხედავთ უკუსვლის რისკს ზოგიერთ მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის სფეროში “, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ;
  • „საქართველოში განვითარებული მოვლენები ჩვენს შეშფოთებას იწვევს ქვეყნის დემოკრატიული მომავლის თაობაზე. ერთი რამ აშკარაა, არ იქნება დემოკრატია, არ იქნება ინტეგრაცია“, - განაცხადა ლიტველმა დეპუტატმა, ანდრიუს კობილიუსმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ევროპარლამენტარები მხარეებს და მათ შორის - „ქართულ ოცნებას“ გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდებენ.

პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, შეშფოთება გამოხატა ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმაც, სწორედ იმ ჯგუფმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ:

„მეტად შეშფოთებული ვართ ბოლო მოვლენებით საქართველოში. საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომლის ინიციატორიც იყო ქართული ოცნება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. მოველით ყველა მხარისგან, რომ შესრულდება ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG