Accessibility links

logo-print logo-print

ვინ რას წარმოადგენს ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციაში


ჯო ბაიდენი

მაშინ, როცა ბაიდენის ინაუგურაცია ახლოვდება, რამდენიმე ბობოქარი კვირის შემდეგ, აშშ-ის დედაქალაქში ყურადღება იმ ადამიანებზე გადადის, რომლებიც მან მომავალ ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე დაასახელა.

ბევრი მათგანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო სამსახურში. სახელმწიფო საქმის ცოდნა მათ დაეხმარება მუშაობის დაწყებაში ამ საკმაოდ რთული გადასვლის შემდეგ.

„ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, როცა საქმე ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას“, განაცხადა ბაიდენმა 24 ნოემბერს, როცა თავის მიერ არჩეულ კანდიდატთაგან რამდენიმე წარადგინა.

„მჭირდება გუნდი, რომელიც მზად არის პირველივე დღიდან დააბრუნოს ამერიკა მაგიდის სათავეში, გააერთიანოს მსოფლიო იმ უდიდესი გამოწვევების მიმართ, რომლის წინაშეც ვდგავართ, და წინ წასწიოს ჩვენი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფასეულობები“.

ბაიდენის კაბინეტის არჩევანი, რომელიც ჯერ აშშ-ის სენატის მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული, ასევე ასახავს უფრო ადრინდელ მოთხოვნას - მთავრობაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობები და მათი ხმა შესმენილი იქნეს.

ბაიდენის მიერ ყველაზე მაღალ თანამდებობებზე შერჩეული რამდენიმე კანდიდატის მცირე პორტრეტი:

სახელმწიფო მდივანი

ენტონი ბლინკენი

იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უმუშავია ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ, 58 წლის ბლინკენმა კარგად იცის, რას ნიშნავს იყოს აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი.

ბლინკენი, დიდი ხანია, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ნდობით აღჭურვილი პირია, რადგან მათ ახლო თანამშრომლობა უწევდათ 2002-2008 წლებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და შემდეგაც, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ობამას ადმინისტრაციაში, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო.

ბაიდენის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ საგარეო ურთიერთობები აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია.

მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოკავშირეებთან ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში გაჩენილი განხეთქილებები კვლავ გამოასწოროს.

ბლინკენმა ახალგაზრდობაში არაერთი წელი გაატარა პარიზში, თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას და ინტერნაციონალისტია, რაც წინა ადმინისტრაციის ლოზუნგთან, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, თანხვედრაში არ მოდის.

არის რა ნატოს ერთგული მომხრე, ის კარგად იცნობს პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკურ რეალობას და საფიქრებელია, რომ მტკიცედ აღუდგება წინ კრემლის აგრესიულობას. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების საქმეში, მაგრამ თავის დროზე ვერ მოახერხა მომხრეები მოეპოვებინა და ლეტალური იარაღი მიეწოდებინა კიევისათვის.

საფიქრებელია, რომ სამსახურებრივი პოზიციის გამო მას ბევრი მოგზაურობა მოუხდება, რაც ბლინკენს საოჯახო ფრონტზე გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენებს. ორი პატარა ბავშვის მამა, ბლინკენი წლების მანძილზე პირველი სახელმწიფო მდივანი იქნება, რომელსაც ამ პოსტზე ყოფნისას შვილების აღზრდაც მოუწევს.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი

უილიამ ბერნსი

თუ ბაიდენის კანდიდატურა აშშ-ის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცდა, შეიცვლება ტრადიცია და უილიამ ბერნსი იქნება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პირველი უფროსი დიპლომატიური წარსულით და არა ვინმე საკუთრივ სადაზვერვო წრეებიდან.

მისი ხანგრძლივი კარიერა სახელმწიფო დეპარტამენტში (1982-2014) ნიშნავს, რომ ბერნსი სავსებით მზად იქნება დაკავდეს ახალი ადმინისტრაციის ორი პრიორიტეტული სფეროთი: რუსეთითა და ირანით.

64 წლის ბერნსი მუშაობდა ელჩად მოსკოვში რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, პრეზიდენტობისას. ის თავიდან უძღვებოდა საიდუმლო მოლაპარაკებებს, რომლებმაც გზა გაუკვალეს 2015 წელს ირანის ბირთვულ შეთანხმებას მსოფლიოს ქვეყნებთან ყოფილი პრეზიდენტის, დემოკრატ ბარაკ ობამას, დროს. მან განაცხადა, რომ მომხრეა აღადგინოს პირობები ბირთვული შეთანხმებისა, რომლიდანაც ტრამპმა შეერთებული შტატები 2018 წელს გამოიყვანა.

აშშ-ის ხუთ - როგორც დემოკრატ, ისე რესპუბლიკელ - პრეზიდენტთან მუშაობის გამო, ბერნსი კარგად ერკვევა საგარეო პოლიტიკის უმეტეს საკვანძო სფეროებში, თუმცა, ზოგიერთების აზრით, ჩინეთთან მისი მუშაობის შეზღუდული გამოცდილება, შესაძლოა, მისი სუსტი მხარე აღმოჩნდეს.

ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად წარდგენისას ბაიდენმა განაცხადა, ბერნსი „იზიარებს ჩემს ღრმა რწმენას, რომ დაზვერვა უნდა იყოს აპოლიტიკურიო“, და დასძინა, იგი „მოიტანს ცოდნას, განსჯას და პერსპექტივას, რომელიც გვჭირდება საფრთხეებთან დაპირისპირებისა და მათი თავიდან აცილებისთვისო“.

მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ჯეიკ სალივანი

44 წლის ჯეიკ სალივანი აშშ-ის ისტორიის ბოლო ნახევარ საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. ახალგაზრდობის მიუხედავად, ის გამოცდილი ექსპერტია საგარეო ურთიერთობებსა და უშიშროების საკითხებში. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ობამას პერიოდში, ის მრჩეველი იყო სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობის დროს პოლიტიკის დაგეგმვის სამსახურს განაგებდა და იყო მისი ერთ-ერთი ახლო სტრატეგიული მრჩეველი.

სალივანს ახლო ურთიერთობა აქვს ბლინკენთან, რომელიც ასევე ბაიდენის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მოელიან, რომ ისინი მჭიდრო თანამშრომლობას შეძლებენ ბევრ სფეროში.

ისევე როგორც სახელწიფო მდივნის თანამდებობაზე დასახელებული პოლიტიკოსი, სალივანიც შეეცდება ურთიერთობები აღადგინოს მოკავშირეებთან. მან განაცხადა, რომ სურს ირანი კვლავ „ყუთში მოაქციოს“ ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებით, რათა თეირანმაც შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

სალივანი, როგორც ის აცხადებს, ყურადღებას დაუთმობს ასევე ჩინეთსა და კოვიდ-19-ის პანდემიას, რაც, მისი ფიქრით, იმპულსს მისცემს „ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად გადაქცევას“.

ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას არ სჭირდება სენატის მიერ დამტკიცება, რაც ნიშნავს, რომ სალივანი 20 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციისთანავე, შეძლებს შეუდგეს მოვალეობის შესრულებას.

თავდაცვის მინისტრი

ლოიდ ოსტინი

როგორც ადამიანი, რომელმაც 40 წელი იმსახურა არმიაში, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს თავისი მდიდარი გამოცდილებით, რომელიც მან, სხვათა შორის, ერაყში ჯარის რაოდენობის შემცირებისა და ავღანეთში ძალების გაზრდის ზედამხედველობისას, ასევე ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომავალ საფრთხეზე აშშ-ის რეაგირების მეთაურობის დროს შეიძინა.

ბაიდენი მოხიბლული იყო ოსტინის მუშაობით ობამას ადმინისტრაციაში მთავარი სამეთაურო ცენტრის სათავეში ყოფნისას. იმას, თუ რატომ აირჩია ოსტინის კანდიდატურა, ბაიდენი ასე განმარტავს: ოსტინმა „გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრძოლის ველიდან 150 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის შინ დაბრუნებაში. ამას არამხოლოდ, უბრალოდ, გამოცდილი ჯარისკაცის უნარები და სტრატეგია სჭირდებოდა. ოსტინი უნდა ყოფილიყო დიპლომატი და ჩვენს ერაყელ კოლეგებსა და პარტნიორებთან რეგიონში კავშირ-ურთიერთობები დაემყარებინა. ის მსახურობდა როგორც სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც თავის ქვეყანას პატივითა და ღირსებით წარმოადგენდა და, პირველ რიგში, საკუთარ ხალხზე ფიქრობდა“.

თუ თანამდებობაზე დაამტკიცეს, 67 წლის ოსტინის შესანიშნავი კარიერა გაგრძელდება როგორც პირველი აფრიკელ-ამერიკელისა თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

შესაძლო დაბრკოლება შეიძლება გახდეს ის, რომ კონგრესს დასჭირდება გამონაკლისის დაშვება, რადგან ამ თანამდებობაზე მხოლოდ სამოქალაქო ან ის პირები ინიშნებიან, რომლებმაც სულ მცირე შვიდი წლის წინ დასრულეს არმიაში სამსახური.

ოსტინი 2016 წელს გავიდა პენსიაში. კონგრესმა ასეთი გამონაკლისი დაუშვა ადრე მხოლოდ ორჯერ: 1950 წელს ჯორჯ მარშალის და 2017 წელს ჯეიმს მატისის გამო.

გაეროში აშშ-ის ელჩი

ლინდა თომას-გრინფილდი

68 წლის ლინდა თომას-გრინფილდი არის კარიერული დიპლომატი, რომელმაც, დაახლოებით, 35 წელი იმუშავა აშშ-ის საგარეო სამსახურში მანამდე, სანამ ის სამსახურიდან არ გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპმა, გადმოცემის თანახმად, 2017 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობის პირთა წმენდა ჩაატარა.

იმ დროიდან მოყოლებული, მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები გლობალური სტრატეგიის კომპანიაში, რომლის სათავეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი, იდგა, და ასევე მუშაობდა ბაიდენის გარდამავალ გუნდთან ნოემბერში ბაიდენის არჩევის მომენტიდან.

გარდა იმისა, რომ ერთ დროს მუშაობდა ამერიკის ელჩად ლიბერიაში, ის მრავალ ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო ოკეანის გადმოღმა ისეთ ადგილებში, როგორიცაა პაკისტანი, კენია და იამაიკა. მან ასევე რამდენიმე წელი გაატარა როგორც შეერთებული შტატების უმაღლესმა დიპლომატმა აფრიკაში და ეკავა უმაღლესი თანამდებობა სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოვილთა და მიგრაციის საკითხთა ოფისში.

გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოპოვებული ცოდნა კარგ სამსახურს გაუწევდა გაეროში, მას, ალბათ, არ უნდა გაუჭირდეს აკლიმატიზაცია ამ დიპლომატიურ გარემოში, რადგან ადრე მუშაობდა შვეიცარიაში, გაეროში აშშ-ის მისიაში.

თომას-გრინფილდის დანიშვნა უნდა მივიჩნიოთ ბაიდენის პირობის იმ ნაწილის შესრულებად, რომლის თანახმადაც, მას უფრო მრავალფეროვანი კაბინეტი უნდა ჩამოეყალიბებინა. ადრე თომას-გრინფილდი ხშირად ლაპარაკობდა იმ აფრიკელ-ამერიკელი ბავშვის ცხოვრებაზე, რომელიც ამერიკის სამხრეთში, სეგრეგაციის პირობებში იზრდებოდა. მისი ნომინაციის შემდეგ დედა იყო პირველი, ვინც თომას-გრინფილდმა ახსენა.

გენერალური პროკურორი

მერიკ გარლანდი

ყველაფერი რომ ისე განვითარებულიყო, როგორც ბარაკ ობამას სურდა 2016 წელს, ახლა 68 წლის მერიკ გარლანდი ვერ გახდებოდა გენერალური პროკურორი. ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მაშინ ის დაასახელა უზენაეს სასამართლოში ანტონინ სკალიას შემცვლელად, მაგრამ, მიუხედავად ხანგძლივი და შესანიშნავი რეპუტაციისა სააპელაციო ფედერალურ სასამართლოში, სენატში რესპუბლიკელებმა ის არ დაამტკიცეს.

გარლანდს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის ფართო გამოცდილებაც აქვს, პირველ რიგში, როგორც ფედერალურ პროკურორს. მის ხელში გაიარა ორმა დიდმა საქმემ: ერთი ეხებოდა ოკლაჰომა-სიტიში ტერორიზმში ბრალდებულ ტიმოტი მაკვეის და მეორე - ვაშინგტონის ყოფილ მერს, მერიონ ბერის, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის გაასამართლეს.

თუ დაამტკიცეს, გარლანდი თანამდებობაზე შეცვლის უილიამ ბარს, რომელიც ხშირად საჯაროდ დასცინოდა თავის თანამშრომლებს.

იუსტიციის სამინისტროში მოპოვებული კარგი რეპუტაცია, ალბათ, გააძლიერებს მორალურ ატმოსფეროს და გააქარწყლებს ბრალდებას, რომ უწყება პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა, რაშიც მის წინამორბედს ადანაშაულებდნენ ხოლმე.

ბაიდენმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ ბოლოს მოუღებს რასობრივ დაპირისპირებას სამართალდაცვის სისტემაში და, სხვათა შორის, გააუქმებს სიკვდილით დასჯის ფედერალურ კანონს და იზრუნებს იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტრომ პოლიციელებს პასუხისგება დააკისროს ნებისმიერი სისტემური გადაცდომის დროს.

ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატების გამარჯვებამ შესაძლებლობა მისცა ბაიდენს ეფექტიანი კონტროლი იქონიოს კონგრესის ორივე პალატაზე, რაც გარლანდს გაუჩენს შანსს ბაიდენს დაპირებების შესრულებაში დაეხმაროს.

ცნობილია ისიც, რომ სასამართლოში მუშაობის დროს, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეების გარჩევისას, გარლანდმა უფრო კონსერვატიზმისკენ მიდრეკილება გამოავლინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG