Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირტუალურიდან მიუნხენის რეალურ კონფერენციამდე


Bayerischer Hof. 2018
Bayerischer Hof. 2018

19 თებერვალს მიუნხენში მდებარე სასტუმრო Bayerischer Hof-მა უმასპინძლა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის „სპეციალურ გამოშვებას“, რომელმაც ნიადაგი უნდა მოუმზადოს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსკენ გადატანილი არა ვირტუალური, არამედ რეალური ფორუმის გამართვას მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერის, წამყვანი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ანალიტიკოსებისა და მრავალრიცხოვანის მედიის თანდასწრებით.

მას შემდეგ, რაც აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა, მიუნხენის კონფერენციის დღის წესრიგში ისე მწვავედ აღარ დგას კითხვა, იხევს თუ არა ვაშინგტონი უკან გლობალური ჩართულობისგან და დაკარგა თუ არა აშშ-მა დასავლეთის ლიდერის როლი, რაც წითელ ზოლად გასდევდა 2019 და 2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციებს.

ამასთან, უსაფრთხოების სხვა გლობალურ გამოწვევებს დაემატა კორონავირუსის პანდემია, რომელზეც მიუნხენის 57-ე საერთაშორისო კონფერენციის ყველა გამომსვლელი ამახვილებდა ყურადღებას.

უვაქცინობისა და კორონავირუსის მუტაციის საფრთხე

ერთი წლის წინ, როდესაც გერმანია 56-ე მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლონდა, სამყარომ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა გამოწვევის წინაშე დააყენებდა მას ახალი კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიოში 2,5 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 110 მილონს აჭარბებს.

და ამ ფონზე, გაეროს თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე დიდი რაოდენობა, 75 %, განაწილებულია მსოფლიოს მხოლოდ 10 ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოში, მაშინ როცა 100 ქვეყანაზე მეტს ჯერ არც ერთი დოზა არ მიუღია. ასეთი უთანასწორობის მთავარი რისკი ისაა, რომ აცრების მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში ჩატარება ვირუსს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს განვითარებად ქვეყნებში და მოხდეს მისი მუტაცია.

„ხოლო მუტაციის შედეგად ის (კორონავირუსი) არა მხოლოდ კიდევ უფრო საშიში გახდება, არამედ შეძლებს უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს ვაქცინებს, უკან დაბრუნდეს და ააწრიალოს განვითარებული სამყარო, რომელიც ფიქრობდა, რომ იცავდა საკუთარ ხალხს, მაგრამ მაშინ უკვე ვაქცინის დახმარებით ვეღარ გაუმკლავდება ვირუსის ახალ ვარიანტს. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ მთელი მსოფლიოს მობილიზება, რათა რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ყველგან და ყველა ადამიანის ვაქცინაცია“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა. იგი გამოვიდა წინადადებით, პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნას ოპერატიული ჯგუფი, რომლის შესახებ შეთანხმებას, გუტერეშის აზრით, უნდა მიაღწიონ „დიდი ოცეულის“ ფარგლებში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კორონავირუსის პანდემიაზე ლაპარაკობდა თითქმის ყველა გამომსვლელი. ვიდეოხიდის საშუალებით ერთდღიან კონფერენციას სიტყვით მიმართეს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა, ასევე ნატოს, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმა.

„უდასავლეთობიდან“ ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებამდე

მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების წინა კონფერენციებზე, სასტუმრო „ბაერიშერ ხოფის“ საკონფერენციო დარბაზებსა თუ დერეფნებში, ხშირად გაიგონებდით პესიმისტურ პროგნოზებს დასავლეთის როლის დაკნინების შესახებ, რასაც უსაფრთხოების პარადიგმაში ახალი ტერმინის, Westlessness-ის, გაჩენა მოჰყვა. დასავლეთის სამყაროს წარმომადგენელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი დაირღვა, აშკარად იკვეთება ზესახელმწიფოების ახალი დაპირისპირება, რასაც დასავლეთი - უპირველეს ყოვლისა, მისი ლიდერი, აშშ - მოუმზადებელი ხვდება.

„უნდა შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა, იგი უფრო გახსნილი უნდა იყოს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, დღეს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა [მიუნხენის კონფერენციაზე] აღნიშნა, რომ დევიზი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას. მშვენიერია! ჩვენ გვჭირდება ამერიკა, ნატოს სჭირდება ამერიკა, ჩვენ გვჭირდება ამერიკა, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროს ლიდერი, მამოძრავებელი ძალა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა პარტნიორებთან - ევროკავშირსა და ნატოსთან. აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკით მე იმედგაცრუებული ვარ“, - განაცხადა 2019 წლის მიუნხენის კონფერეციაზე პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ კვაშნევსკიმ.

ამ ეგზისტენციურ გაურკვევლობაზე ჯერჯერობით კვლავ არის მსჯელობა დასავლურ სამაყროში, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ „უდასავლეთობაზე“ მიუნხენში ახლა უფრო ოპტიმისტურად ლაპარაკობენ.

„ერთი წლის წინ სწორედ ამ დარბაზში ჩვენ ვმსჯელობდით უდასავლეთობაზე (Westlessness) იმაზე, რომ თავად დასავლეთი ხდებოდა კანონებზე ნაკლებად დაფუძნებული და ფასეულობებზე ნაკლებად ორიენტირებული. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ გასულმა წელმა დაადასტურა ჩვენი დიაგნოზი. სახიფათო ეროზიას განიცდიდა ცივი ომის ეპოქის შემდგომ ჩამოყალიბებული, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებული არაერთი ურყევი შეხედულება. მაგრამ, მოდი, დღეს ჩვენს აწინდელ იმედებზეც გავამახვილოთ ყურადღება. მოდი, გავცდეთ უდასავლეთობის ფარგლებს და ვნახოთ, როგორ შეიძლება აღვადგინოთ, განვაახლოთ და მოვახდინოთ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის რეფორმირება; როგორ შეიძლება გავაერთიანოთ ძალები ისეთი გლობალური გამოწვევების შესამცირებლად, როგორიცაა კლიმატური ცვლილება და ამჟამინდელი (კორნავირუსის) პანდემია“, - თქვა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ იშინგერმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში.

პრეზიდენტის რანგში თავის პირველ საგარეო-პოლიტიკურ გამოსვლაში ჯო ბაიდენმა 4 იანვარს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის სწრაფვა იქნება იყოს ლიდერი მსოფლიოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყება და გამოაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“ მსოფლიო არენაზე. ბაიდენის დაპირებით, ის წინ აღუდგება ავტორიტარიზმს ჩინეთსა და რუსეთში და კვლავ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან.

„ჩემთვის უდიდესი პატივია მივესალმო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ ლიდერებს აქ, ამ დღევანდელ საგანგებო ღონისძიებაზე. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პირველად მიმართავს მიუნხენის კონფერენციას. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რომ არჩიეთ პირველად სწორედ მიუნხენის ფორუმზე მიგემართათ ევროპაში თქვენი მოკავშირეების და პარტნიორებისათვის“, - განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა და გაიხსენა, რომ ორი წლის წინ ჯო ბაიდენმა სწორედ სასტურმო „ბაიერიშერ ხოფის“ საკონფერენციო ოთახში წარმოთქვა ის სიტყვები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკურ დევიზად იქცა: „ჩვენ დავბრუნდებით!“

ეს სიტყვები ჯო ბაიდენმა 19 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ვიდეოხიდის საშუალებითაც გაიმეორა.

„აშშ დაბრუნდა. მე ახლა ამას ვამბობ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი. მე მკაფიო სიგნალს ვუგზავნი მსოფლიოს: ამერიკა დაბრუნდა. ტრანსატლანტიკური ალიანსი დაბრუნდა. და ჩვენ ერთად ვივლით წინ... მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირთან, რათა ერთად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ შეასრულებს ნატოელი მოკავშირეების მიმართ ნაკისრ ყველა - მათ შორის მე-5 მუხლით ნაკისრ - ვალდებულებას, რომელიც ალიანსის თითოეული წევრის კოლექტიურ დაცვას ითვალისწინებს მასზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევაში, - თქვა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული, 2001 წელს აშშ-ში მომხდარი ტერაქტების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხედავს იმ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთისა და ჩინეთისგან ემუქრება თანამედროვე სამყაროს და რომ, ამ მხრივ, კოლექტიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა რუსეთიდან განხორციელებული ჰაკერული იერიშები აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ზუსტად ერთი დღით უსწრებდა ნატოს თავდაცვის მინისტრთა 2021 წლის პირველი სხდომა, რომელზეც ასევე გამახვილდა ყურადღება რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„ავტორიტარული ჩინეთი და რუსეთი კანონიერებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენს თანამოაზრეებთან პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ ჩვენი ფასეულობები და დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG