Accessibility links

ვისთვის მოდის ახალი წელი?


“მოდი, ყველაფერი ცუდი ამ წელს გავატანოთ, ახალ წელს კი ჩვენთვის სიკეთე და ბედნიერება მოეტანოს...” ალბათ მალე ბევრ ოჯახში, ბევრ საახალწლო სუფრაზე გავიგონებთ ამ, ან მსგავს ფრაზას, მაგრამ შევძლებთ კი დავუჯეროთ ამ მოწოდებას? ვისი ახალი წელი მოდის? ვისთვის მოდის? ვის დარჩა იმედი, შემართება, ბრძოლის ან სიხარულის უნარი? ბესიკ ხარანაულის ლექსი-შედევრი, საქართველოს ერთგვარი ძილისპირული სახელად “საქართველოს მიწავ!” ერთადერთია ამ წუთას, რომელიც ამ ჩვენი მართლაც და დაღლილი ქვეყნის ნუგეშად მეგულება. ხანდახან, როცა ტკივილი მოდის, ის არ უნდა განდევნო. მას უნდა დახვდე, ხელები გაუშალო, ჩაეხუტო. ის უნდა იგრძნო, როგორც რეალობა და ათვლის წერტილი. ხარანაულის ეს ლექსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიყვარულითა და ტკივილით უმღერის, სწორედ ამ ტკივილის მიღება და გააზრებაა.

ხშირად საქართველოს მიტოვების ღირსად, სისასტიკის, საშინელებისა და უბედურების კერად მოვიხსენიებთ. მას ვლანძღავთ და ვგმობთ, როგორც ქვეყანას, რომელიც გვტანჯავს, რომელიც არ გვაძლევს ბედნიერების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და სიყვარულის უფლებას. ხარანაული კი ამ ლექსში სულ სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს. ის საქართველოს გაპიროვნებულ, მოწყვლად, დაღლილ სუბიექტად წარმოგვიჩენს, რომელსაც სწორედ ჩვენ, მისი შვილები ვეპყრობით უდიერად:

მახვილს შენზე გადმოქნეულს
შენივ შვილის ხელი ევლო,
ძილში მაინც დაისვენე,
ნუღა ბორგავ, სანატრელო...
ჯერ სვავები არ გამძღარან,
ჯერაც ისევ მგელი მგელობს,
ჯერეც ძილი გირჩევნია,
დაიძინე, საყვარელო!

პერსპექტივის ეს ცვლილება თითქოს მართლაც გვიხელს თვალს, თითქოს მკითხველმა ახლა მაინც უნდა დაიწყოს იმის გააზრება, რომ ყველა ჭირი, რაც ქვეყანას ემართება, საკუთარ თავში უნდა ეძიოს, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის საშიში სიცხადე, რომლისაგანაც ავტორს ამ პატარა ქვეყნის დაცვა სურს. ამიტომ ურჩევს ის სამშობლოს თვალის დახუჭვას, დაძინებას:

სიზმარი თუ ტკბილი ნახე,
სცადე, რომე გაიგრძელო,
ცხადს ერიდე, ცხადი ჩვენ ვართ,
ცხადი ჩვენ ვართ საქართველო.

ახალი წელი უცნაური დღესასწაულია. ის მოდის, სულერთია, გვინდა თუ არა, და გვაძალებს, რომ კარგად ვიყოთ; რომ მას კარგად დავხვდეთ, გავიხაროთ, მომავლისკენ იმედის თვალით გავიხედოთ. რამდენად შეგვიძლია დღეს ჩვენ ეს?

ჩემთვის ეს ახალი წელი ლუკა სირაძის ახალი წელია. არდამდგარი, მაგრამ მაინც მისი წელი. წელი, როცა ის 16 წლის გახდებოდა. და მერე, როცა მრავალი სხვა წელიც ჩაივლიდა, როცა ის უკვე დიდი ბიჭი იქნებოდა, შეიძლება შვილების მამაც, ერთხელ ალბათ სიცილით მოყვებოდა, თუ როგორ შეიპარა ის ყოფილ სკოლაში და კედლებზე წარწერები დატოვა. გაიცინებდა, მოყვებოდა დაკითხვის ამბავს, როგორც რაღაც ჩავლილს... ჩვენ შეგვეძლო ისეთი ქვეყანა აგვეშენებინა, რომ ლუკა სირაძესთვის ეს ამბავი მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ან თუნდაც უმნიშვნელოზე მეტი სტრესი ყოფილიყო მის ბავშვურ ცხოვრებაში, და არავითარ შემთხვევაში არ გადაესროლა მომხდარს ის სადღაც, სამუდამო სიჩუმეში. ჩვენ შეგვეძლო, რომ ლუკა გაზრდილიყო, გაეხარა, და როგორც ერთ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, დიღომიც, ვაკეც და მთელი საქართველო მართლაც მისი უბანი ყოფილიყო.

ეს წელი ეკა მიქავას წელიც იქნება, რომელიც როგორც “გამოცხადებულ მკვლელობის ქრონიკაში” გარბის, კარს აწყდება, სურს თავს უშველოს, მაგრამ მას არავინ უწვდის ხელს. ეს მისი წელი იქნება, რადგან მისი სამი მცირეწლოვანი შვილი ამ წელს უიმისობას უნდა შეეგუოს. რადგან ისინი ბევრჯერ დასვამენ კითხვას, “დედა სად არის?” და ჩვენ რას ვეტყვით მათ? “ცაში?” “ღმერთთან?” ან იქნებ: “ის სულ თქვენთანაა და გიყურებთ და გლოცავთ...”

ეს წელი იმ ხუთი ბიჭის წელიც იქნება, ვინც მტირალას პარკიდან ბოლოჯერ აფრინდა, სხვა სამყაროში გადაინაცვლა. ვინ იცის, იქნებ ისინიც შეხვედროდნენ ერთმანეთს მომავალში, 10, 20, 30 წლის მერე და იგივე ადგილას კიდევ ერთხელ წასულიყვნენ საქეიფოდ და გაეხსენებინათ “მაშინდელი” გიჟური ამბავი. იქნებ ისიც ეთქვათ, რომ არასრულწლოვან შვილებს არავითარ შემთხვევაში არ ჩაუგდებენ ხელში მანქანის გასაღებს და რომ თავადაც მაშინ, როცა მეთერთმეტე კლასელი ბიჭები იყვნენ, გაუმართლათ. მაგრამ არა, მათ არ გაუმართლათ. მათ ჩვენ ვერ ვუთხარით დროულად, რომ მანქანა, საჭე და სისწრაფე სიცოცხლისათვის საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა და გამოუცდელი ხარ და არც მანქანის მართვის უფლება მოუციათ. ჩვენ ვერ ვუთხარით მათ, რომ მანქანის გასაღებიდან სიკვდილამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია და რომ სიცოცხლე ერთადერთია, სათუთი და მოსაფრთხილებელი.

ეს წელი ნათია გოგალაძის წელიც იქნება, რომელიც ეკა მიქავას მსგავსად ისიც ქმარს გაექცა, იმ იმედით, რომ სადმე სამეზობლოში თავს შეაფარებდა, მაგრამ მას მაინც დაეწია მასზე ძლიერი ქმარი და როგორ საშინელებათა ფილმებში ხდება, ქალს სიცოცხლე ამოართვა. ნათიას იმედი ჰქონდა მომავლის, საკუთარი დამოუკიდებლობის, შრომის... უცხოეთიდან დაბრუნებულს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და არ იცოდა, რომ მალე ერთადერთს და ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს დაკარგავდა. მასაც მცირეწლოვანი შვილები დარჩა, ბევრი შეკითხვით და დიდი ცარიელი ადგილით, რომელსაც არც ერთი და არც ასი ახალი წელი ეყოფა ამოსავსებად. იქნებ ერთხელ მაინც რომ მოგვესმინა ქადაგება იმის შესახებ, რომ ქალი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ღმერთი განსაკუთრებით იმ კაცს შეიყვარებს, ვინც ცოლს არ დაარტყამს და არ შეურაცხყოფს, ვინც პირიქით, პატივს სცემს და დააფასებს ქალის შრომას, ვინც გაითავისებს, რომ კაცი და ქალი ღმერთისათვის თანასწორად ძვირფასია, მაშინ... მაშინ, ვინ იცის, იქნებ ერთით ნაკლები ქალი მოეკლათ, იქნებ ერთით ნაკლებ ბავშვს დაეკარგა ყველაზე ძვირფასი და ნუგეშის მომცემი - დედის თბილი და სანდო სხეულის სუნი.

ეს წელი ირაკლი კვარაცხელიას წელიც უნდა იყოს. მისი არდავიწყების წელი. არა, ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულ წელს ყველაფერი გავატანოთ და ახალი წლის სუფთა ფურცლის ლეგიტიმაციით ვითომ და ჩავლილი ტრაგედიებისგან გავთავისუფლდეთ. ირაკლი კვარაცხელია უნდა გვახსოვდეს! როგორც სხვები, ვინც მანამდე რუსი ოკუპანტის ხელით იქნენ მოკლულნი. იქნებ ირაკლისაც შესძლებოდა დღეს თავისიანებთან ერთად ყოფნა, ერთი ჭიქის აწევა და იმედის გამოთქმა, რომ მისთვისაც გაქრება ოდესმე საოკუპაციო ხაზი და ისიც თავის აკრძალულ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

ეს წელი მოკლულ დედებთან და შვილებთან ერთად იმ მამების წელიც იქნება, რომლებიც არ, ვერ დაიღალნენ სამართლის ძიებაში. ეს წელი ისევ უნდა დარჩეს მამა-შვილი სარალიძეების წლად, მამა-შვილი მაჩალიკაშვილების წლად, რადგან არ შეიძლება შვილმოკლული მამების ამ ტრაგედიასთან მარტო შეტოვება, იმ იმედით, რომ დრო რაღაცას წაიღებს... დროს ვერასოდეს მიაქვს შვილის სიკვდილის ტკივილი, და ამ მარტივ ჭეშმარიტებას ყველამ პატივი უნდა სცეს, ასეთი ტრაგედიის საკუთარ თავზე გამოცდის გარეშეც.

კიდევ რამდენი გავიხსენოთ? რამდენ შეწყვეტილ სიცოცხლეს უნდა მივცეთ პირობა? ალბათ დღევანდელი დღიდან რომ უკან გადავთვალოთ, გასული წლის ყოველ კვირას, ყოველ თვეს ეყოლება თავისი ტრგიკულად, უსამართლოდ დაკარგული ადამიანი. სუიციდისა და ფემიციდის შემთხვევები, მშენებლობებზე და მაღაროებში დაღუპული მუშები, უცხოეთიდან ჩამოსვენებული საქართველოს მოქალაქეები, დაკარგული თვალის ჩინი, სიძულვილის ნიშნით მოტივირებული დანაშაულები...

ცარიელი ფურცლისა და ეფემერული კეთილი სიახლის მოლოდინის ნაცვლად, ამ საახალწლოდ, იქნებ სჯობდეს ის ჩავიფიქროთ, რომ არასდროს დავივიწყებთ ადამიანებს, რომლებმაც მოგვცეს შანსი კიდევ ერთხელ, მძაფრად, დამანგრევლად მძაფრად გვეგრძნო ტკივილი. ტკივილი, როგორც პასუხისმგებლობა, როგორც ვალდებულება და შანსი იმისა, რომ შევცვალოთ ეს ქვეყანა.

ქართლ-კახეთო, იმერეთო,
გურიავ და სამეგრელო,
ნუღარც ხმალი გელანდება,
ნუღარც ჩანგი სარუსთველო
დაიძინე, დაღლილი ხარ,
ტანჯული ხარ, საქართველო!

ამ ლექსით ხარანაული თითქოს ილიას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი ეს ტკივილი ილიას ტკივილის ერთგვარი გაგრძელებაა, რომ ქართვლის ძილში ტანჯვით ამოძახილი კვნესა ახლაც ისმის, თუმცა ხარანაული გაღვიძებას კი აღარ ნატრობს, არამედ ცდილობს ძილი შეუბრუნოს ნატანჯ და ძილში მბორგავ ქვეყანას, მოუშუშოს ჭრილობები და ამით ჩვენ, ცხადის შემოქმედებს თვალი აგვიხილოს, გამოგვაღვძოს და დაგვანახოს, თუ ვინ ვართ, რა დღეში ჩავაგდეთ ჩვენი სამშობლო.

ეს წელი სიმართლის წელიც უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის იმის საშუალება, რომ მოგვატყუოს, გამწარებული ქვეყანა ახალი წლის ბრჭყვიალა ქაღალდში ტკბილ კანფეტად შეგვიფუთოს. ამიტომ უნდა გვერჩივნოს მაჩალიკაშვილის, მამალაძის, სამოქალაქო აქტივისტების, მოქალაქეებისა თუ ოპოზიციის საპროტესტო კარვები გასაბერ, ჭრელ ბატუტებს, სასაცილო ატრაქციონებს, უგემოვნო გასართობებს, რომლებიც დღეს ყველაზე ნაკლებად ბავშვებს სჭირდებათ. ისინი სჭირდებათ რეალობის უნიჭოდ გამყალბებლებს, რომლებიც ჯიუტად გვარწმუნებენ, რომ საქართველო დღეს ბედნიერი და უდარდელია.

ეს წელი გამარჯვებულების წელიც უნდა იყოს. და თუკი ვინმეს დღეს შეიძლება გამარჯვებული ეწოდოს, ეს არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ძალიან სასიხარულო იყო მისი გათავისუფლების ამბავი, ერთ-ერთი იშვიათი, დადებითი მოვლენა ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ ეს არ არის მიზეზი რატომაც მას „გამარჯვებული“ ეწოდა. ის გამარჯვებულია, რადგან მან შეძლო ბევრისათვის რწმენა დაებრუნებინა. რწმენა იმისა, რომ შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში, სრულიად მარტო, შიშველი ხელებით შეერკინო შენზე ფიზიკურად ბევრად დიდსა და ძლიერს და არ დაკარგო საკუთარი ადამიანური, პროფესიული, მოქალაქეობრივი ღირსება.

ეს წელი საქართველოს წელი უნდა იყოს.

საქართველო, არა როგორც სახელმწოფო ერთეული, არა როგორც ისტორიული რეალობა, არა როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობისა და დამწერლობის, დიადი მეფეებისა და სახელოვანი ადამიანების საუნჯე, არამედ ერთი დაღლილი, ნატანჯი, მშიერი და ჩაგრული ადამიანი; ადამიანი-საქართველო, რომელსაც ხარანაული უმღერის. ალბათ ეს უნდა ვისურვოთ ამ ახალ წელს... არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მისი სიცოცხლე, მისი თავისუფალი სიტყვა და ხმა იმხელა მნიშვნელობისაა, რამხელაც მთელი საქართველო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG