Accessibility links

ვის ბრალდება პანკისელების პროტესტი?


პანკისის ხეობაში მცირე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებელი კომპანია მოსახლეობის ამხედრებაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. რომ არა არასამთავრობო სექტორი, მოსახლეობა პროტესტს არ გამოხატავდაო - აცხადებს შპს „ფერისა“ და „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობა. თუმცა პანკისის ხეობაში „ხადორი 3“-ის მშენებლობას მოსახლეობა იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა და ამას არაერთი მწვავე საპროტესტო აქციაც მიეძღვნა.

ვინ აურია ტვინი ხალხს?

ჩვენ ვთქვით ის, რაც გვევალებოდა, რომ „ხადორი 3“-ის შემთხვევაში არ ჩატარებულა მეცნიერული შესწავლა და არაფრად ვარგა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, - უთხრა რადიო თავისუფლებას „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩლაძემ.

მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ადანაშაულებს მის ორგანიზაციას პანკისელების ამხედრებაში „ხადორი 3“-ის მშენებელი კომპანია:

  • „თუკი ადამიანმა წერა-კითხვა იცის, ის მიხვდებოდა, რომ ამ ჰესთან მიმართებით საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი მეცნიერულ შესწავლაზე“...
  • „თუ რამე პრეტენზია აქვს ბატონ იორდანიშვილს იმაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ ვარგა, ეს პრეტენზიები უნდა მიმართოს პირველ რიგში კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიმართ“...
  • „შემდეგ, თავის ორგანიზაციაში უნდა მოჰკითხოს თანამშრომლებს, რომლებმაც ჩაიბარეს ეს უვარგისი დოკუმენტი“.

მანანა ქოჩლაძის განმარტებით, „გამა კონსალტინგის“ მიერ „ხადორი 3“-სთვის მომზადებული დოკუმენტის ზოგიერთი თავი პირდაპირ კოპირებული იყო სხვა ჰესებისთვის მომზადებული დოკუმენტებიდან და ცხადი იყო, რომ ადგილზე სამუშაოები არ იყო შესრულებული.

22 აპრილს, კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელმა, ლაშა იორდანიშვილმა თქვა, რომ პანკისელები არ ეწინააღმდეგებოდნენ მცირე ჰესის მშენებლობას მანამდე, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივები შეცდომაში არ შეიყვანეს.

მოსახლეობის ამხედრებასთან მიმართებით საგანგებოდ დასახელდა „მწვანე ალტერნატივა“.

„ჩვენ როდესაც ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ, დავაანონსეთ, საჯარო განხილვები ჩავატარეთ... თვეები გრძელდებოდა მილსადენების შეტანა და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს ამის წინააღმდეგ.

ჩვეულებრივ მიდიოდა, რადგან იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ - ჩვენ იქ ორი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს აშენებული.

ამის შემდეგ ჩაერთნენ რაღაც ძალები, ჩვენი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სიტუაცია ისე შემოატრიალეს, რომ აქციის მონაწილეების გუშინდელი განცხადებები იყო არა მოსახლეობის პრობლემებზე, არამედ - ჩვენი გადასახლება, ჩვენი ამოწყვეტა, ჩვენ რაღაც უმცირესობა... ეს არის ყველაზე ყურადსაღები და საშიში“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

ბრალდებები ღიმილისმომგვრელია გარემოსდამცველებისთვის. ისინი ამბობენ, რომ ხალხი ბრძენია და მათთვის არახელსაყრელი, დამაზიანებელი რაც არის, თავადაც კარგად ხვდებიან.

"მწვანე ალტერნატივაში" ნანობენ, რომ მწირი რესურსების გამო, ვერ ახერხებდნენ პანკისელებთან ურთიერთობას.

პანკისელები დიდი ხანია ღელავენ

პანკისის ხეობის მოსახლეობა იმთავითვე აპროტესტებდა მდინარე ალაზანზე ახალი ჰესის - „ხადორი 3“-ის მშენებლობას. გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია და იყო ასევე საკმაოდ მძიმე ლაპარაკი ჰესის მშენებლებთან და მათ შორის, კონკრეტულად, ლაშა იორდანიშვილთანაც, 2018 წლის მარტში.

მოსახლეობამ მას პირდაპირ განუცხადა, რომ არ დაუშვებს პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობასა და სასიცოცხლო გარემოს მოსპობას. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ:

  • სოფელ ბირკიანი კარგავს ალაზანს, რადგან მდინარე, ჰესის გამო, კილომეტრების მანძილზე მილსადენებში უნდა მოექცეს;
  • პრობლემა შეიქმნება სასმელ წყალთან დაკავშირებით;
  • პრობლემა შეიქმნება სარწყავ წყალთან დაკავშირებით;
  • მოსპობს მწვანე საფარს მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • წარმოიშობა საძოვრების პრობლემა;
  • ალაზანში პრობლემა შეექმნება თევზის სახეობებს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ ჰესის, ანუ მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სანაცვლოდ, მათ არც დაპირებული ინფრასტრუქტურა უნდათ და არც ზურგით მოზიდული წყალი.

ლაშა იორდანიშვილს ერთ-ერთ შეხვედრაზე ასეთი დაპირებების გაცემაც მოუხდა:

  • ომალოში წყალი არ არის? მივიყვანოთ...
  • ბალახი გახმება? ორი იმდენი ბალახი ვიყიდოთ...
  • სასმელი წყალი ერთ ოჯახსაც რომ დააკლდეს და ჭაში წყალი შეუმცირდეს, ყველას სახლამდე მივუზიდავთ წყლებს...
  • თქვით, რა სჭირდება პანკისის ხეობის სოფლებს, ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში.

არაო, უთხრეს პანკისელებმა. არაფერი გვინდა ჩვენს სოფლებში მშვიდობიანად და ჯანმრთელად ცხოვრების გარდაო.

მათ უკვე ნანახი ჰქონდათ „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებული ანგარიში. იქ მაგალითად ეწერა, რომ „ხადორი 3“ ჰესის ძალური კვანძის განთავსება დაგეგმილია მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, სოფ. ბირკიანის აღმოსავლეთით“, და „ უახლოესი საცხოვრებელი სახლიდან დაცილების მინიმალური მანძილი იქნება, დაახლოებით, 100 მ“.

ადგილობრივებმა ტექსტში ასევე ამოიკითხეს, მაგალითად ის, რომ „პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფართობის ტერიტორიებზე ადგილი ექნება მცენარეული საფარის განადგურებას, ცხოველთა საბინადრო ადგილების მოშლას, ჰაბიტატების განადგურებას და სხვა“.

ამის შემდეგ კომპანიამ მოლაპარაკებები სხვადასხვა ჯგუფებთან განაგრძო, რიგ შემთხვევებში - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართვით, რამაც პანკისელების დიდ ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ მათი აზრი არავის აინტერესებს.

მოსახლეობა წუხდა ფსიქოლოგიურ წნეხზეც.

ეკონომიკის სამინისტრო ჰესის მხარდასაჭერად

21 აპრილს პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალები ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე რომ შეიყვანეს, ეს ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამაც დაადასტურა.

22 აპრილს კი, ფაქტის ახსნას თავად ეკონომიკის სამინისტრო შეეცადა, გავრცელებული წერილობითი განცხადებით. უწყების ცნობით:

  • მას „ალაზანი ენერჯიმ“ დახმარების თხოვნით მიმართა 2019 წლის 19 აპრილს - „რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა“.
  • "მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება".

ტექსტში ეკონომიკის სამინისტრო ხაზს უსვამს პანკისში მშენებარე ორი ჰესის - „სამყურაწყალი 2“ -ისა და „ხადორი 3“-ის მნიშვნელობას და ასევე, მათი მშენებელი „ალაზანი ენერჯის“ დიდ გეგმებს მოსახლეობის საკეთილდღეოდ; ასე მაგალითად:

  • მშენებლობაზე დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
  • კომპანია უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
  • ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ სოციალურ პროექტებს განახორციელებს.
  • ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს.
  • ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს.

პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა უარზეა და ბოლომდე დადგება ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ხშირად გაიგებთ იმასაც, რომ - ჰესი არ აშენდება, სულ რომ სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG