Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეშინია და ვის რატომ არ უნდა ეშინოდეს ფემინიზმის საქართველოში?


ანტიფემინიზმი, ფემინიზმი და ქალის უფლებები - სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში? ვის ეშინია საბედისწერო ქალის? გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში - ეს და სხვა პუბლიკაციები ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ 2013 წელს გამოსცა ერთ წიგნად, სახელწოდებით „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ ამავე სახელწოდების მეორე კრებული 2017 წელს გამოიცა. მასში შეტანილია 14 პუბლიკაცია და ყურადღება გამახვილებულია დედობაზე, მითოლოგიურ სილამაზეზე, სექსუალურ შევიწროებაზე, კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, ქალების თანასწორობაზე, პოლიტიკაში მათ მონაწილეობასა და ფემინიზმის სხვა ასპექტებზე.

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს გენდერული პროგრამის კოორდინატორის ეთუნა ნოღაიდელის განცხადებით, კრებულების გამოცემა მცდელობაა შეიქმნას ქართული ტექსტები და დაიწყოს მსჯელობა ქალთა უფლებების კუთხით არსებულ პოლიტიკურ თუ კულტურულ მოვლენებზე.

წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ქუთაისში
წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ქუთაისში

ერთ-ერთი პუბლიკაციის, „ნუ მოკლავ, დედას“ ავტორის, გენდერის მკვლევარ ნუკრი ტაბიძის შეფასებით, კრებული უპასუხებს შეკითხვას, თუ რატომ არ უნდა ეშინოდეს საზოგადოებას ფემინიზმის.

ფემინისტი ქრისტინე მაღლაკელიძე მიიჩნევს, რომ თანასწორობისთვის მხოლოდ ქალები არ უნდა იბრძოდნენ, რადგან თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, თავის მხრივ, გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას, რამაც, საბოლოოდ, საერთო კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს.

ქრისტინეს აზრით, მამაკაცებს და ქალებს ფემინიზმის ერთნაირად ეშინიათ და ერთ შემთხვევაში საფუძველია ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე, მეორეში კი მასკულინური საზოგადოების ზეგავლენა.

ფემინისტი მხატვარი ლია უკლება ამბობს, რომ დღეს საზოგადოება ქალს არაერთ მოთხოვნას უყენებს, მათ შორის იმას, რომ უპირობოდ იყოს კარგი დედა და ცოლი, კარგად გამოიყურებოდეს და წარმატებულ კარიერასთან ერთად ოჯახს კარგად უვლიდეს. ლია უკლებას თქმით, კარგი დედობისა და სილამაზის მოთხოვნები მუდმივად ცვალებადია და თუ ქალი მათ ვერ აკმაყოფილებს, შეიძლება არასასურველი დამოკიდებულების მსხვერპლიც კი გახდეს.

წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ქუთაისში
წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ქუთაისში

ახალი, მეორე კრებულის „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ პროლოგში ნათქვამია, რომ პუბლიკაციების ავტორები ქალთა პოლიტიკური ბრძოლის აქტუალურ ხედვებზე საუბრობენ. ამ ბრძოლაში, რომელიც შეუქცევადი პროცესია, ქალების ხმა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმის ყველა სივრცეში, ქალები ფეხს მოიკიდებენ ყველა სასურველ ასპარეზზე და ხელს შეუწყობენ ერთმანეთის განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG