ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერალურმა სასაზღვრო უწყებამ წარმოადგინა რუსეთში სამუშაოს საძებნელად ჩასული უცხოელების სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები კვლავაც ყველაზე აქტიურად ეტანებიან რუსეთის შრომის ბაზარს.
2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, სიას სათავეში უდგას უზბეკეთი - 918 ათასი კაცით, მეორეზეა ტაჯიკეთი, 524 ათასით, და მესამეზე - ყირგიზეთი, 256 ათასით.
2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში სამუშაოდ წასულა სულ 669 კაცი. თან, თუ პირველ კვარტალში ეს ციფრი შეადგენდა 486-ს, მეორე კვარტალში იყო მხოლოდ 183, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლები.
ორ ქვეყანას შორის მიმდინარე გამოუცხადებელი ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების მიუხედავად, რუსეთში კვლავ დიდია მიგრანტთა ტალღა უკრაინიდან - მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 165 ათასი კაცი.
პირველ ხუთეულში შედის ევრაზიულ კავშირში რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი ყაზახეთი. ცენტრალური აზიის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ქვეყნიდან მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში რუსეთში სამუშაოდ წასულა 105 ათასი კაცი.
არმიზიდული ქართველები
რუსეთის შრომის ბაზარი კვლავინდებურად მიმზიდველია სამხრეთ კავკასიის ქვყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის - მოქალაქეებისათვის.
აზერბაიჯანიდან სამუშაოდ რუსეთში წელს უკვე ჩასულა 74 594 კაცი, მოსახლეობის რაოდენობით აზერბაიჯანზე უფრო ნაკლები სომხეთიდან კი უფრო მეტი - 99 ათასი კაცი.
რუსეთის სასაზღვრო უწყების სტატისტიკის თანახმად, რუსეთის შრომის ბაზარი ან არ იზიდავს ქართველებს, ან საქართველოს მოქალაქეებისათვის მოსკოვი კვლავაც შერჩევით გასცემს სამუშაო ვიზებს.
2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში სამუშაოდ წასულა სულ 669 კაცი. თან, თუ პირველ კვარტალში ეს ციფრი შეადგენდა 486-ს, მეორე კვარტალში იყო მხოლოდ 183, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლები.
ეს სტატისტიკა არ უკვირთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში წავიდნენ 2008 წლამდე, ანუ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის სრულ გაწყვეტამდე.
„ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთის მხრივ სავიზო მიმოსვლის დაწესებამ ქართველების მიგრაცია შეაჩერა. მეტიც, არამოქალაქე ქართველები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ(ან დაატოვებინეს) რუსეთი. სადაც მე ვცხოვრობ, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ახალი სახე ქართველისა არ გამოჩენილა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს მოქალაქეთათვის სამუშაო კვოტები არც არსებობს“, ამბობს ზურა გალდავა, ციმბირში, კრასნოიარსკის ოლქში, მცხოვრები ქართველი, რომელიც იქ, მრავალი წელია, მშენებლობის ბიზნესითაა დაკავებული.
„ანომალიური მიგრაცია“ და დემოგრაფია
რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში 2,4 მილიონმა უცხოელმა განაცხადა, რომ რუსეთში სამუშაო მიზნით ჩავიდა. მთლიანობაში, უცხოელ ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ ამავე პერიოდში შეადგინა 15 მილიონი კაცი.
რაც შეეხება ახლო საზღვარგარეთს, იქიდან უცხოელი მიგრანტების ნაკადი გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება. 50 ათასი კაცით პირველ ადგილზეა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი, მეორეზე - გერმანია, 10,8 ათასი კაცი, და მესამეზე - თურქეთი, 10, 2 ათასი კაცი.
თუ ფედერალური უწყების სტატისტიკას დავუჯერებთ, სამუშაო მიზნით რუსეთში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დიდი ბრიტანეთიდან 4,3, ხოლო აშშ-იდან 3,7 ათასი მოქალაქე ჩასულა.
მიგრაციის სტატისტიკა რომ რუსეთში არ არის სრულყოფილი, ამას რამდენიმე ოფიციალური სტრუქტურის განსხვავებული მონაცემები ადასტურებს.
მიგრაციის მატებამ რუსეთში, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შეადგინა 2019 კაცი, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მონაცემები კი არსებითად განსხვავებულია: თანახმად ბიულეტენისა „რუსეთის მოსახლეობის მიგრაცია და რაოდენობა 2018“, რუსეთში ჩასულა 32,6 მილიონი ადამიანი, ხოლო გასულა 32 მილიონი.
რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური სააგენტო „როსსტატის“ თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სააღრიცხვო მონაცემებს ეყრდნობა, 2018 წელს რუსეთში ჩასული უცხოელი მოქალაქეების საერთო რაოდენობამ შეადგინა 4,9 მილიონი, ხოლო გასულთა - 4, 8 მილიონი კაცი.
მიგრაციის მატებამ რუსეთში, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
მიგრაციის მატება, ანუ განსხვავება გასულ და შემოსულ ადამიანებს შორის, 2018 წლის შედეგებით შეადგენდა 124,9 ათასს კაცს, რაც ყველაზე დაბალ მაჩვენებლად იქნა მიჩნეული პოსტსაბჭოთა პერიოდში.
გარდა ამისა, ასეთი ზრდა ვერ ახდენს მოსახლეობის ბუნებრივი კლების კომპენსაციას, რის გამოც რუსეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შარშან პირველად შემცირდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.