Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხალხს ლამის მიცვალებული უხაროდა“ - ვიხსენებთ, რატომ ქრებოდა შუქი 90-იანებში

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს მთელი თაობა ჰყავს, რომელიც საშინაო დავალებას სანთლის შუქზე წერდა. ზოგ სოფელში ისეთი ბავშვებიც იყვნენ, ჩართული ტელევიზორი წლები რომ არ ენახათ და როცა ნახეს, დიქტორი სტუმარი ეგონათ.

შენობები თბებოდა შეშით, მათ შორის სკოლები და ბაღებიც. ბინებიდან ბოლი გამოდიოდა. ცეცხლს ხანდახან პირდაპირ სადარბაზოში ანთებდნენ. ეძინათ ჩაცმულებს. სამსახურებში თითები რომ არ მოჰყინოდათ, კომპიუტერებთან გადაჭრილი ხელთათმანებით მუშაობდნენ. ხალხს ლამის მიცვალებული უხაროდა - თუ უბანში ვინმე მოკვდებოდა, შუქს აძლევდნენ.

რა გახდა ასეთი კოლაფსის მიზეზი? რადიო თავისუფლება შეეცადა, 30 წლის წინანდელი ამბები აღედგინა ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილთან ერთად, რომელიც ამ სფეროში 1994 წლიდან მუშაობს.

- რით დაიწყო მაშინდელი ენერგოსისტემის კრიზისი?

- ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, საბჭოთა კავშირში აღარ ვიყავით და გაზის მოწოდება შეწყდა. ჩვენ ელექტროენერგიას ვიღებთ ჰიდროელექტროსადგურებიდან და თბოელექტროსადგურებიდან. ზაფხულში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება (წყალუხვობის გამო) მეტ-ნაკლებად საკმარისი იყო, ზამთარში კი თბოელექტროსადგურები, მათ ასამუშავებლად კი გაზი და მაზუთი გვჭირდებოდა. მაზუთზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის (თბილსრესი) ყველა ბლოკი, მეცხრე ბლოკის ჩათვლით. მერე გაზზე გადავიდა.

მაშინ USAID-მა აღადგინა მაზუთის საცავი და მაზუთიც ჩაგვისხა, 70 ათასი ტონა. ზამთარში ფულსაც გვაძლევდნენ, რომ გაზი გვეყიდა.

მეორე მიზეზი ის იყო, რომ ხალხი ტრანსფორმატორებს, ელექტროგადამცემ ხაზებს შლიდა და თურქეთში ჰყიდდა.

ენერგია რომ არ ჰყოფნიდა სისტემას, მისი გადანაწილება ჭირდა და ამ გადართვა-გადმორთვაში ავარიები ხდებოდა. თან სისტემა ძალიან ცუდი პარამეტრებით მუშაობდა, სიხშირე იყო დაბალი და ყველანაირ მოწყობილობას აზიანებდა.

- გარდა ამისა, მთლიანად მოიშალა გათბობის სისტემა კორპუსებში და მოსახლეობა დენით გათბობაზე გადავიდა.

- გაზი რომ აღარ იყო, ბოილერები დაჭრეს და თურქეთში გაყიდეს. თბილისის ცენტრში თბოელექტროცენტრალის სადგური იყო, გენერაციის სამი ბლოკით. ისინიც დაშალეს.

მურმან მარგველაშვილი
მურმან მარგველაშვილი

- 90-იან წლებში მუდმივი პრობლემა იყო მეცხრე ბლოკი. რატომ ითიშებოდა?

- ენერგია არ გვყოფნიდა. ცდილობდნენ ცოტა ენერგია ბევრ მომხმარებელზე გაენაწილებინათ და წონასწორობა ირღვეოდა.

- დივერსიებიც უნდა გავიხსენოთ. შევარდებოდა რომელიმე ფორმირება ობიექტზე და შუქის ჩართვას მოითხოვდა. მახსოვს, სვანეთში ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ეზოშიც გადამცემი ხაზი გადიოდა, სადენებს ესროდა და მთელ საქართველოს თიშავდა.

- მაშინ ძალიან ვიყავით დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე. მთელი ჩვენი სისტემა, განსაკუთრებით ზამთარში, 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზიდან („კავკასიონი“) იღებდა ელექტროენერგიას. ეს ხაზი გადადის კავკასიონზე და ადგილობრივები ესროდნენ სადენებს. ჭორი დადიოდა, რომ „ხარკს“ ითხოვდნენ, რომ არ ესროლათ.

- ასე ერთ და ორ ხაზზეა დამოკიდებული მთელი ენერგოსისტემა?

- არა. ასობით მცირე ჰესი გვაქვს, ათობით - საშუალო და დიდი. ყველა ერთად მუშაობს, ყველა გენერატორი ერთი სიჩქარით ბრუნავს, ერთმანეთთან შეწყობილად. თუ სადმე წონასწორობა დაირღვა, სისტემა ისეა მოწყობილი, დაზიანება არ უნდა გავრცელდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ავტომატურად გაითიშება. გენერატორები პარამეტრებს უყურებენ, თუ ზღვარს გადასცდა, არეგულირებს, თუ ესეც ვერ მოახერხა, საკუთარ თავს გათიშავს.

თუმცა არის მსხვილი გენერატორები, ჩვენთან ასეთი ენგურჰესია. ენგურჰესის ერთი აგრეგატის ამოვარდნამ სისტემური ავარია რომ არ გამოიწვიოს, მოქმედებს პრინციპი N-1. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს რეზერვი. ენგურჰესზე ხუთი აგრეგატია, მაგრამ მხოლოდ სამს ან ორ ამუშავებენ, დანარჩენი მარქაფად რჩება. ასევე თუ გადამცემი ხაზი გამოვიდა მწყობრიდან, სხვა ხაზებმა უნდა გაატარონ ელექტროენერგია. თუმცა სუსტი წერტილებიც არსებობს და მათ აღმოფხვრაზეც მუშაობენ.

- 90-იანი წლების ერთ-ერთი ტრენდი იყო „დენის გადაყვანა“. ბევრს ჰქონდა გამოყვანილი კაბელი, მაგალითად, საავადმყოფოდან ან სხვა ისეთი ობიექტიდან, რომელსაც ელექტროენერგია იშვიათად ეთიშებოდა. ეს როგორ მოქმედებდა ენერგოკრიზისზე?

- კი, ერთი ფიდერი, მეორე ფიდერი... ძალიან ცუდი იყო. ხალხი ფულს არ იხდიდა, დენს კი დიდი ოდენობით მოიხმარდნენ. ეს იწვევდა გათიშვებს. თბილისის ერთ-ერთი რეგიონის უფროსი ვიყავი და ჩვენმა თანამშრომლებმა ასეთი რამ აღმოაჩინეს - კაცს საწოლის ბადეზე ჰქონდა დაერთებული ელექტრობა და მთელ სახლს ათბობდა. ეს შემდეგ მრიცხველებით დარეგულირდა. გამრიცხველიანების შემდეგ პირველი რამდენიმე წელი ენერგია კი არ მომატებულა, რაც იყო ის გადანაწილდა.

- ანუ სიტუაცია გამრიცხველიანებამ გადატეხა?

- გამრიცხველიანებას ძალიან დიდი წვრილი ჰქონდა. ეს გააკეთა „AES თელასმა“, USAID აქაც გვეხმარებოდა.

- ახლა მრიცხველებიც არის და გაზის გათბობაც ყველამ დააყენა. ახლა რამ შეიძლება გათიშოს შუქი, ისე, როგორ რამდენიმე დღის წინ გაითიშა - მთელს ქვეყანაში და ერთდროულად?

- რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ამ გათიშვაზე არ მესმის. ხალხს ჰგონია, რომ ამან მთელი სისტემა დაანგრია ან უკვე დანგრეულია და იმიტომ მოხდა ასე. კი, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან უამრავი დამცავი საშუალება იყო, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყო. მაგრამ რატომღაც ვერ იმუშავა ამ დამცავმა საშუალებებმა. შეიძლება დივერსიაც იყო, მაგალითად, კიბერშეტევა. ეს უნდა გამოიძიონ.

- ანუ თუ ახლა ელექტროსისტემა გაითიშა, ეს გაზის და მაზუთის ნაკლებობის გამო აღარ იქნება.

- თუ გაზი არ გვექნა, პრობლემები შეგვექმნება, მაგრამ ახლა ასე არ არის.

- მაინინგი? ეს ძალიან დიდი პრობლემაა აფხაზეთისთვის და სვანეთისთვის.

- მაინინგი ქსელშია ჩართული და მან არ უნდა გათიშოს. სვანეთში პრობლემა ის არის, რომ ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან, დენს კი დიდი რაოდენობით მოიხმარენ. თავის მხრივ, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, ელექტროგადამცემი ხაზები ისე გააძლიეროს, რომ ასეთ მოხმარებას გაუძლოს - ამაში ფული დახარჯოს და არაფერი გადაუხადონ. ეს იწვევს ავარიებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG