Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ოინბაზები, ვოვანი და ლექსუსი დისიდენტებს "ღალატში" ამხელენ


ვლადიმირ კრასნოვი (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვი (ლექსუსი)
ვლადიმირ კრასნოვი (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვი (ლექსუსი)

რუსი ოინბაზები (იგივე პრანკერები) ვოვანი და ლექსუსი წლებია უკავშირდებიან უცხოელ პოლიტიკოსებს და რუს დისიდენტებს, რათა მოტყუებით ათქმევინონ ის, რაც სჭირდება კრემლის პროპაგანდას. ბოლო დროს მსხვერპლებს ისინი Deepfake ტექნოლოგიით აბითურებენ.

ცნობილ რუს მწერალს, ლიუდმილა ულიცკაიას მისი გამომცემელი ჰონორარებს აღარ გადაუხდის. მსხვილმა რუსულმა ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ მისი წიგნები გააქრო, ერთმა უნივერსიტეტმა კი საპატიო პროფესორის წოდება ჩამოართვა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 1 თებერვალს ორ რუს პრანკერს, ვოვანს და ლექსუსს უთხრა, ჩემს ჰონორარებს უკრაინაში ვრიცხავო. ულიცკაიას ეგონა, რომ ელაპარაკებოდა ანდრეი ერმაკს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

რუსი მწერალი ლიუდმილა ულიცკაია
რუსი მწერალი ლიუდმილა ულიცკაია

ულიცკაიას დიდად ახალი არაფერიც არ უთქვამს. ადრეც არ მალავდა, რომ წინააღმდეგი იყო პუტინის აგრესიის და მხარს უჭერდა უკრაინას. მაგრამ პრანკერებმა ფულის ამბავი გამოსტყუეს. უკრაინის დახმარებას კი კრემლი სახელმწიფო ღალატად აფასებს.

ულიცკაიასთან გამოყენებული ტაქტიკა ვლადიმირ კუზნეცოვსა და ალექსეი სტოლიაროვს, იგივე ვოვანსა და ლექსუსს, უკვე წლებია კარგად აქვთ დაცდილი. მსხვერპლს როცა უკავშირდებიან, თავს ასაღებენ სხვა ადამიანად. იმად, ვისაც მსხვერპლი გულს გადაუშლის.

“პატრიოტი” ოინბაზები

პრანკერები იყენებენ იმას, რომ კერძო საუბარში ადამიანები უფრო გულახდილები არიან და კითხვებს ისეთნაირად სვამენ, რომ პასუხები შემდეგ კრემლის პროპაგანდას გამოადგეს.

ხშირად პროპაგანდა ამ პასუხებს კონტექსტიდან ამოგლეჯილადაც იყენებს.

მაგალითად, სექტემბერში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის დაურეკეს და თავი “აფრიკელ პოლიტიკოსად” გაასაღეს. აფრიკის პრობლემებზე საუბრისას, მელონიმ თქვა, რომ “ყველა დაიღალა უკრაინის ომით”.

ეს სიტყვები შემდეგ რუსეთის სახელმწიფო მედიამ გამოიყენა, იმის დასამტკიცებლად, რომ “დასავლეთი დაიღალა უკრაინის მხარდაჭერით”.

ვოვანმა და ლექსუსმა თავი სწორედ ყოფილი და მოქმედი უცხოელი მაღალჩინოსნების გაბითურებით გაითქვეს.

ვოვანი (მარცხნივ) და ლექსუსი (მარჯვნივ) მათი წიგნის პრეზენტაციაზე მოსკოვში. წიგნს ჰქვია "ვისთვის რეკს ტელეფონი", მასში "ოინბაზობის ხელოვნებაზე" ჰყვებიან. 2017 წლის სექტემბერი
ვოვანი (მარცხნივ) და ლექსუსი (მარჯვნივ) მათი წიგნის პრეზენტაციაზე მოსკოვში. წიგნს ჰქვია "ვისთვის რეკს ტელეფონი", მასში "ოინბაზობის ხელოვნებაზე" ჰყვებიან. 2017 წლის სექტემბერი

დაურეკეს ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, ბორის ჯონსონს, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს.

ამტკიცებენ, რომ დაურეკავთ მიხეილ სააკაშვილისთვის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, გიორგი მღებრიშვილისთვის.

პრანკერების მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, მღებრიშვილი დააჯერეს, რომ უკრაინელ კოლეგას, არსენ ავაკოვს ელაპარაკებოდა. შს მინისტრი სთხოვს “ავაკოვს”, არ გადასცეს სააკაშვილი საქართველოს, იგინება და ამბობს, სააკაშვილი აქ არაფერში გვჭირდებაო.

თავად მღებრიშვილმა უარყო ამ ჩანაწერის ნამდვილობა.

პრანკერები თავს პატრიოტებს ეძახიან და ამბობენ, რომ მათი ამოცანაა, ამხილონ და გააბითურონ რუსეთის მტრები. რუსი დისიდენტები ვარაუდობენ, რომ მათ “პატრიოტიზმს” სპეცსამსახურები აფინანსებენ. მათ შორის იმიტომ, რომ ამდენი მაღალჩინოსნის კონტაქტის მოპოვება და მათთან დაკავშირება დაუხმარებლად ძალიან გაუჭირდებოდათ.

შიდა მტრების წინააღმდეგ

ოქტომბრიდან ოინებს რუსეთის პირველ არხზე, საკუთარ საავტორო გადაცემაში აჩვენებენ. ოქტომბრიდანვე მათ სწორება კრემლის არა უცხოელ, არამედ უკვე რუს მტრებზე აიღეს და თანაც აითვისეს ახალი ტექნოლოგია, რომელსაც Deep fake (დიფ ფეიკი) ჰქვია.

Deep Fake-ის მეშვეობით, შეგიძლიათ ციფრულად “აიფაროთ” სხვა ადამიანის სახე. მას ხშირად იყენებენ ხუმრობისთვის, ან ვინმეს რეპუტაციის შესალახად.

6 თებერვალს, რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს ცნობილი მწერალი, ბორის აკუნინი. მას რუსული ჯარის შესახებ “ყალბი ამბების” გავრცელებასა და “ტერორიზმის დაფინანსებას” ედავებიან. საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც აკუნინი ვოვანს და ლექსუსს ელაპარაკა.

დეკემბერში, პრანკერებმა აკუნინს თანამოსაუბრე უკრაინის პრეზიდენტად, ვოლოდიმირ ზელენსკიდ შეასაღეს. ანუ მსახიობს, კომპიუტერის დახმარებით ზელენსკის სახე “გაუკეთეს” და მისი ხმით აალაპარაკეს.

ბორის აკუნინი (მარცხნივ) ელაპარაკება „ყალბ“ ვოლოდიმირ ზელენსკის (მარჯვნივ). იმის გარჩევა, რომ უკრაინის პრეზიდენტის სახე კომპიუტერითაა შექმნილი, თითქმის შეუძლებელია.
ბორის აკუნინი (მარცხნივ) ელაპარაკება „ყალბ“ ვოლოდიმირ ზელენსკის (მარჯვნივ). იმის გარჩევა, რომ უკრაინის პრეზიდენტის სახე კომპიუტერითაა შექმნილი, თითქმის შეუძლებელია.

ულიცკაიას მსგავსად, აკუნინმაც თქვა, რომ გმობს რუსეთის აგრესიას, უკრაინას კი ფულით ეხმარება.

რეაქცია მყისიერი იყო. რუსეთის უმსხვილესმა მაღაზიებმა მისი წიგნების გაყიდვა შეაჩერეს. დეპუტატმა და ყოფილმა გენერალმა, ანდრეი გურულიოვმა კი თქვა, რომ აკუნინი “მტერია” და ის “უნდა განადგურდეს”.

ყალბი “ზელენსკი” ელაპარაკა კრემლის სხვა ოპონენტებსაც. მაგალითად, მწერალ დმიტრი ბიკოვს და მსახიობ არტურ სმოლიალნინოვს.

ოინბაზების კიდევ ერთი მსხვერპლი, ჟურნალისტი მიხაილ კოზირევი ამბობს, რომ მათი ამოცანაა, გაუადვილონ საქმე რუსულ სპეცსამსახურებს. დისიდენტების ფარული მიყურადება და სატელეფონო საუბრის ჩაწერა აღარ სჭირდებათ, ამას ვოვანი და ლექსუსი აკეთებენ.

ისინი “ზემოდან დიდი ალბათობით იღებენ ე.წ. ქვეყნის მტრების სიას, რომლებიც უნდა დაამუშაონ. შემდეგ კი ჩეკისტებს ამარაგებენ მასალებით, რომელსაც ისინი სადამსჯელო ზომებისთვის იყენებენ”, - თქვა კოზირევმა ოპოზიციური ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG