Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეზე - „დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს“


ზაზა სარალიძე გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატებს შორის ირაკლი შოთაძის გამოჩენას „ფეისბუკის“ პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ამ ეტაპზე, როცა მას არ აქვს გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი, ყოფილი მთავარი პროკურორის დაბრუნებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძისგან „ღირსეულ ნაბიჯებს“ დაელოდება:

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!

ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.

ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება.

ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს

და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!“, - წერს ზაზა სარალიძე "ფეისბუკის" გვერდზე.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპოკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2018 წლის 31 მაისს მას შემდეგ გააკეთა,რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG