Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუსჯელი მკვლელები და საპროტესტო აქციის ახალი ტალღა


აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან

31 მაისს ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მას ამისკენ მოუწოდებდა მთავარ პროკურატურასთან შეკრებილი ხალხი. საპროტესტო აქცია დილიდან იმართებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძის, მხარდასაჭერად. შოთაძის გადადგომის შემდეგ აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და დაშლას არ აპირებენ.

გადმოწერა

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 31 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, დაუსახელებელი დარჩა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელი. გადადგომამდე ირაკლი შოთაძე აცხადებდა, რომ პროკურატურა აპირებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს მიერ 31 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილება. პარალელურად, მან საქმეში უცხოელი ექსპერტებისა და პროკურორების ჩართვა დააანონსა. უფლებადამცველები, იურისტები და ექსპერტები სვამენ ათასგვარ შეკითხვას, რაც საგამოძიებო და საექსპერტო პროცესების მიმართ უნდობლობას ააშკარავებს. 31 მაისს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საპარლამენტო კომისიამ გამოიძიოს.

აქციის მონაწილეები მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ
აქციის მონაწილეები მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ

„დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა. რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება“, - ვკითხულობთ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, განცხადებაში, რომელიც 31 მაისს, საღამოს, გამოქვეყნდა. შოთაძის გადადგომას ტაშით შეხვდნენ მთავარ პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც იქ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, მხარდასაჭერად შეგროვდნენ. თუმცა ზაზა სარალიძე აქციების გაგრძელებაზე ლაპარაკობს:

„არა მხოლოდ შოთაძე, არამედ მთელი სისტემა აყალბებდა ამ საქმეს. ყველა უნდა იქნეს არა მხოლოდ გადამდგარი, არამედ დაკავებულიც... არ მოვიცვლი ფეხს, ვიდრე ყველას არ დააკავებენ. შოთაძის გადადგომა ჩემთვის არაფერი არ არის. ის სამაგალითოდ უნდა იქნეს დასჯილი, სამაგალითოდ, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე დანაშაული“.

ზაზა სარალიძემ 31 მაისს ბევრჯერ გაიმეორა, რომ გამოძიებამ, კონკრეტული პირების ზეგავლენების გამო, ნამდვილ დამნაშავეებს შეგნებულად დააფარა ხელი, გაანადგურა და შეცვალა მტკიცებულებები. ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს. პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო პროცესში უხეშად ჩაერია ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი. მართალია, სხვა კუთხით, მაგრამ სუბელიანის საქმესთან შემხებლობასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მთავარ პროკურატურაშიც. სუბელიანის შვილი საქმეში მოწმის სტატუსით იყო გამოკითხული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 მაისის იმ გადაწყვეტილების თანახმად, რომელსაც მასშტაბური აქცია მოჰყვა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძესთან მიმართებით, ერთი დაკავებული გამართლდა, ხოლო მეორე დაკავებულს, სასამართლოს განაჩენით, მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლულ მეორე მოზარდს, სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ამ საქმეში თავიდანვე დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ. სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა და მომხრეებთან ერთად ზაზა სარალიძე მთავარი პროკურატურისკენ გაემართა. ის მოუწოდებდა შვილმკვდარ მშობლებსა და მთლიანად საზოგადოებას მხარი დაეჭირათ მისთვის.ზაზა სარალიძის იქ მისვლის შემდეგ თანდათან მთავარ პროკურატურასთან სულ უფრო მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. ცოტა ხნის წინ იქ სიტყვით გამოვიდა 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„მე ზაზა სარალიძის გვერდით ვიქნები, ვიდრე ეს ადამიანი დაადგენს თავის სიმართლეს, და მერე მე გამოვიყვან ჩემს ხალხს და დავანახვებ მათ, რა შემიძლია“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე
მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე

მთავარი პროკურატურა არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 31 მაისს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას. როგორც ირაკლი შოთაძემ ხუთშაბათს, პოსტიდან გადადგომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.

შოთაძის თქმით, იმ შეკითხვებს, რომლებიც არსებობს ექსპერტიზის დასკვნებსა და გამოძიების პროცესთან დაკავშირებით, უცხოელი ექსპერტები უპასუხებენ. კერძოდ, პროცესში ჩაერთვებიან შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროს წარმომადგენლები და ასევე უცხოელი პროკურორები. ითქვა, რომ მათთან მუშაობის საშუალება მიეცემა დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესაც, თუმცა თავად ზაზა სარალიძე ამ შეთავაზებას სრული უნდობლობით შეხვდა.

31 მაისს საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით ნულის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი 31 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაისვა. თავიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციურ ფლანგს წინააღმდეგობას უწევდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, თუმცა მალევე მათი მხრიდან თანხმობის ნიშნები გამოიკვეთა. მსჯელობა პარლამენტის სხდომაზე გაგრძელდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობაიძემ გადაჭრით თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვების გასაქარწყლებლად „შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად“.

საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ რადიო თავისუფლებასთან კომენტარი გააკეთა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემაც. მისი თქმით, პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და შეკითხვების გათვალისწინებით, ამ სტრუქტურის შემდგომი ნაბიჯების მიმართ ნდობის გამოცხადება ძალიან გაჭირდება:

„მართალია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პრეროგატივა არ არის იმის დადგენა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, ანუ სწორად კვალიფიცირება მოხდა თუ არა სასამართლოს მიერ და ასე შემდეგ, მაგრამ ის, რომ ამ საქმეში მართლა რაღაც უკანონო მოვლენებს ჰქონდა ადგილი და ვიღაცების ინტერესები იყო, ამის გამოსააშკარავებლად კომისიის მუშაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან მინდა, რომ ეს საქმე ხელისუფლებისთვის არ გახდეს ისეთივე საქმე, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე თავის დროზე. ამის რისკი და შიში არსებობს“.

სულხან სალაძის თქმით, თუკი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებსა და ეჭვებს ამომწურავი პასუხი არ გაეცემა, სულ უფრო მეტი ხალხი გამოვა საპროტესტო აქციაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG