Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი, პოროშენკო და ერთი პლაგიატის ისტორია


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში, საერთო აზრით, წარმატებული იყო, ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისი გამოსვლის გარკვეული ფრაგმენტები იდენტური აღმოჩნდა იმისა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რამდენიმე დღით ადრე გაახმიანა.

„ უკრაინა ევროკავშირში - ეს არის სიკვდილი რუსული იმპერიული პროექტისა. მეტიც, ეს არის მძლავრი დარტყმა რუსულ ავტორიტარიზმზე, რაც გზას უხსნის დემოკრატიულ ცვლილებებს რუსეთში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონლად ტუსკთან შეხვედრის დროს.

პლაგიატი უკრაინელმა ჟურნალისტებმა სწრაფად აღმოაჩინეს, რადგან სულ რაღაც ხუთი დღეც არ იყო გასული პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ყრილობიდან, რომელზეც პარტიის ხელმძღვანელად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, აირჩიეს. აღმოჩნდა, რომ პოროშენკოს პარტიულ თავყრილობაზე უთქვამს ზუსტად ის, რაც ზელენსკიმ ბრიუსელში სიტყვასიტყვით გაიმეორა - კერძოდ, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იქნება რუსული იმპერიული პროექტისათვის მომაკვდინებელი მოვლენა.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

ვოლოდიმირ ზელენსკი პლაგიატში დაადანაშაულა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერმა სვიატოსლავ ცეგოლკომ, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერმა მოიპარა პეტრო პოროშენკოს სიტყვის ფრაგმენტი.

დივერსია, პროვოკაცია თუ, უბრალოდ, კომედიური ისტორია

პლაგიატით გამოწვეული აურზაურის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს თეზისები სწორია. ისინი დაიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისინი აქ მომზადდა. ჩვენი ვიცით ავტორიც, ვინც ის დაწერა. მაგრამ ემოციები ამის გარშემო - ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ემოციები პოლიტიკურ ფაცაფუცში.
პავლო კლიმკინი

კვალი, როგორც ირკვევა, ძირითადად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომდე მიდის.

„წინასწარ დადგენილ იქნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიფინგის თეზისებს ამზადებდნენ, პარალელურად აგრძელებდნენ მუშაობას პეტრო პოროშენკოზე“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თუ დადგინდა ასეთი თანამშრომლობა, გაკეთდება „მკაცრი დისციპლინური და საკადრო დასკვნები“.

პლაგიატის სკანდალს გამოეხმაურა „ეჭვმიტანილი უწყების“ ხელმძღვანელი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, რომელმაც მომხდარს უწოდა „კომედიური ისტორია“ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ურჩია, უფრო სასარგებლო საქმეებით დაკავდნენ.

ამ ფაქტს ვაფასებთ როგორც დივერსიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანაშრომლების მხრიდან და შეგნებულ პროვოკაციას პეტრო პოროშენკოს გუნდის მხრიდან.
უკრაინის პრეზიდენტის გუნდი

„მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს თეზისები სწორია. ისინი დაიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისინი აქ მომზადდა. ჩვენი ვიცით ავტორიც, ვინც ის დაწერა. მაგრამ ემოციები ამის გარშემო - ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ემოციები პოლიტიკურ ფაცაფუცში. ეს, ერთი მხრივ, სახალისოა, მეორე მხრივ კი, - სამწუხარო“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაგრამ ასე არ ფიქრობენ ზელენსკის გუნდში, სადაც მწვავე შეფასებები გაკეთდა.

„ამ ფაქტს ვაფასებთ როგორც დივერსიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანაშრომლების მხრიდან და შეგნებულ პროვოკაციას პეტრო პოროშენკოს გუნდის მხრიდან“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გვერდზე რომ გადავდოთ იმ კაცის აღშფოთება, რომლის კარიერა, როგორც ბრწყინვალე სატელევიზიო შოუმენისა, ეფუძნებოდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცულ საავტორო მასალებს, უცნობია, რა შედეგს გამოიღებს ზელენსკისათვის მისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე წინდაუხედაობით დაშვებული შეცდომა.

„სასიამოვნოა, რომ ვლადიმირი ყურს უგდებს პეტრო პოროშენკოს, მაგრამ მას ურჩევნია, კორექტორების გარდა, სპიჩრაიტერებიც დაიქირაოს“, - აცხადებს პეტრო პოროშენკოს პრესსპიკერი სვიატოსლავ ცეგოლკო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG