Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი უფრო ღარიბია, ვიდრე ომამდე - რა ჩანს პრეზიდენტის დეკლარაციაში


2019 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მითითებული იყო ქონება საქართველოშიც. ეს ქონება აღარ არის ზელენსკის ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2022 წლის მდგომარეობას ასახავს.
2019 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მითითებული იყო ქონება საქართველოშიც. ეს ქონება აღარ არის ზელენსკის ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2022 წლის მდგომარეობას ასახავს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქონების დეკლარაციის შევსებითა და გამოქვეყნებით მაგალითი მისცა უკრაინელ ჩინოვნიკებს, რომლებსაც დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება გარკვეული პერიოდით მოხსნილი ჰქონდათ.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შევსებული დეკლარაციით, 2021 და 2022 წლებში, შემცირებულია მისი ოჯახის ფინანსური შემოსავლებიც და დანაზოგიც. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მის ოჯახს იგივე უძრავი და მოძრავი ქონება აქვს.

რუსული პროპაგანდით - "უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი ომის დროს გამდიდრდა", თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობამდეც შეძლებულ ბიზნესმენად ითვლებოდა.

თანამდებობის პირთა დეკლარაციების ღიად და გამჭვირვალედ შევსება უკრაინისთვის პრინციპული საკითხია - უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში მეტი ნდობის მოპოვების მიზნებს.

პრეზიდენტის ოჯახის შემოსავლების შემცირება

უკრაინის პრეზიდენტის დეკლარაციის მიხედვით (ზელენსკი პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს), მისი ოჯახის შემოსავლები შემცირდა 2022 და 2021 წლებში.

ზელენსკის ოჯახის 2021 წლის შემოსავალი იყო 10 მილიონ 824 ათას 507 გრივნა (286 ათასი დოლარი), მათ შორის არის ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული - 5 მილიონ 359 ათას 600 გრივნა (141 ათასი დოლარი). ხოლო დანარჩენი შემოსავალი ნაწილდება ხელფასზე, ბანკის საპროცენტო დანარიცხსა და უძრავი ქონების იჯარაზე.

2021 წელს პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 11 მილიონ 922 ათას 320 გრივნით შემცირდა (315 ათასი დოლარი). შემცირდა ოჯახის ფულადი დანაზოგიც.

ზელენსკის მფლობელობაშია მთელი რიგი სასაქონლო ნიშნები. 22 მათგანის რეგისტრაციის პროცესი 2021 წელს დასრულდა. ეს პროცესი პრეზიდენტად მის არჩევამდე დაიწყო.

დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი 3,7 მილიონი გრივნა (265 ათასი დოლარი) იყო, თუმცა გაცილებით ნაკლები 2021 წელთან შედარებით. მიზეზად ის ითქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებები მასობრივად გაუქმდა.

პრეზიდენტის ოჯახის ფულადი სახსრების მოცულობა 2022 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ 800 ათასი გრივნით (თითქმის 129 ათასი დოლარი) შემცირდა.

სხვა მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებები არ არის.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2018 წელს, ვიდრე ზელენსკი პრეზიდენტი გახდებოდა, მისი ოჯახი 900 ათას დოლარზე მეტს ფლობდა.

შოუბიზნესში მისი აქტიურობისა და წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით [სტუდია „კვარტალი-95“ და სხვა] ვოლოდიმირ ზელენსკის შთამბეჭდავი ქონება უკრაინაში არავის უკვირდა.

უძრავი და სხვა ქონება

ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, ზელენსკების ოჯახი ფლობდა რამდენიმე დიდ ბინას კიევში და კერძო სახლს კიევის მახლობლად, მიწის ნაკვეთსა და ორ საპარკინგე ადგილს. ეს ქონება კვლავ ჩანს მოგვიანებით შევსებულ დეკლარაციებში.

ომის დაწყებამდე, ზელენსკები ფლობდნენ ბინას ოკუპირებულ ყირიმში, იალტაში, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა აუქციონზე გაუყიდა - 44 მილიონ 300 ათას რუბლად [493 595 დოლარი]. რუსული წყაროების ინფორმაციით, 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტის ბინა იყიდა ქალმა, რომელმაც აუქციონზე დასახელებული ფასი პირველსავე ბიჯზე გააორმაგა.

2019 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მითითებული იყო ქონება საქართველოშიც.

დეკლარაციაში ჩანდა სასტუმროს 5 ნომერი, საქართველოში; კერძოდ სად - არ კონკრეტდებოდა, მითითებული იყო - „კონფიდენციალური“.

საქართველოში არსებული ქონება აღარ არის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც 2022 წლის მდგომარეობას ასახავს. ეს უძრავი ქონება არც 2020 წლის დეკლარაციაში იძებნება.

2019 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ზელენსკების სათვალავზე იყო ასევე:

  • 413 კვ.მ საკუთარი სახლი - იტალიაში;
  • 91 კვ.მ ბინა - დიდ ბრიტანეთში.

იტალიური სახლი უკვე აღარ არის 2020 წლის დეკლარაციაში.

იტალიის ქალაქ ფორტე-დეი-მარმიში, ზღვის სანაპიროზე მდებარე ვილის გამო ხმაური 2019 წლის მარტში ატყდა, როცა ზელენსკი ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. უკრაინული მედია წერდა იმის შესახებ, რომ 15-ოთახიანი ვილა, რომელიც ზელენსკისა და მის მეუღლეს ეკუთვნოდა, პრეზიდენტობამდე შევსებულ დეკლარაციაში არ იყო შეტანილი. სადავო ვილა იძებნება პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მალევე შევსებულ დეკლარაციაში.

ავტომობილები, საათები

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ზელენსკები ფლობენ ორ ავტომანქანას: 2016 წელს შეძენილ LAND ROVER-სა და 2014 წელს შეძენილ MERCEDES-BENZ-ს.

ვოლოდიმირ ზელენსკის მაჯის რამდენიმე ძვირფასი საათიც აქვს: BREGUET, Tag Heuer, Bovet და ROLEX-ი. მისი მეუღლის, პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას სათვალავზეა - BREGUET-ისა და Piaget-ის მაჯის საათები; ასევე Graff-ის ბრენდის საიუველირო ნაწარმი, ბრილიანტის თვლებით.

საჯარო დეკლარაციების განახლება

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის პირველ კვირებში დეკლარაციების შევსება და გამოქვეყნება ნებაყოფლობითი იყო. სექტემბერში, უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს უკრაინის პრეზიდენტმა 2023 წლის სექტემბერში დაადო ვეტო. ეს კანონი ავალდებულებდა თანამდებობის პირებს, შეევსოთ დეკლარაციები, მაგრამ ისინი ერთი წლის განმავლობაში არ გამოქვეყნდებოდა.

„ვეტო დავადე უმაღლესი რადის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც ზღუდავდა ელექტრონულ დეკლარირებას. დეკლარაციები უნდა იყოს ღია. სასწრაფოდ და არა ერთი წლის შემდეგ. რეესტრი ახლავე უნდა გაიხსნას“, - აცხადებდა პრეზიდენტი ზელენსკი სექტემბერში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების განახლება აუცილებელი პირობაა, რათა უკრაინამ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების მოლოდინში, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ ძალისხმევას არ იშურებს კორუფციასთან საბრძოლველად და მოკავშირეების ნდობის შესანარჩუნებლად.

დეკლარაციების შევსების პროცესს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო კურირებს. პრეზიდენტ ზელენსკის ვეტოს დადების თხოვნით სწორედ ამ უწყებამ მიმართა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG