Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრაქტიკულად, მთავრობამ გუშინ დაიწყო კამპანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის სახიფათო!"


ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი

“საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც არის წახალისებული მთავრობის ქმედებისგან, ამბობს იმას, რომ ჩვენ გვინდა გამოხატვის თავისუფლების გარეშე ცხოვრება, გვინდა თავისუფალი სივრცის გარეშე ცხოვრება”, - ეუბნება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე რადიო თავისუფლებას.

ის ეხმაურება 7 ივლისს „რუსთავი 2“-ის წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

„ძნელია, მკაფიოდ დაალაგო ის ყველაფერი, რაც ხდება იმიტომ, რომ პროცესი გრძელდება. ასევე გასარკვევია და ალბათ, საზოგადოება ამის შესახებაც შეიტყობს თუ რა ტიპის პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ეს განცხადება. მაგრამ ჩვენ ხომ ახლა არ ვართ იმის გარკვევის მცდელობაში დავადგინოთ - ვის რა კონკრეტული ამოცანები აქვს, იმიტომ, რომ გაცილებით და ყველაზე მეტად სერიოზული რამ დადგა წუხელ საფრთხის ქვეშ - ეს არის გარკვეული საზოგადოებრივი და სამთავრობო მხარდაჭერა იმ იდეისა, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში უნდა იყოს შეზღუდული“.

ზვიად ქორიძე ჩამოთვლის ბოლოდროინდელ შემთხვევებს, როცა სახელმწიფომ ხელყო გამოხატვის თავისუფლება და აცხადებს, რომ „გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად, როგორც იდეა აღმოჩნდა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ“.

ჟურნალისტის თქმით, ერთი საკითხია, რომ ტელევიზიის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა ვერ მოახერხა გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ფიზიკური აგრესიის განხორციელება, თუმცა, სახიფათოდ თვლის იმ ფაქტს, რომ ტელევიზია იძულებული გახდა რამდენიმე საათით შეეჩერებინა მაუწყებლობა:

„ტელევიზიამ რომ მუშაობა შეაჩერა, ეს უკვე სახიფათოა. სახიფათოა ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ მთავრობის წარმომადგენლები და უწყებები, რადგან ისინი პრაქტიკულად ამ თავისი განცხადებებით ამბობენ, რომ იმდენად შეურაცხყოფილნი არიან, როდესაც კონკრეტული წამყვანი, კონკრეტულ ეთერში, კერძო არხზე უხამსად, გარკვეულწილად ალბათ უღირსებოდაც (მე გუშინ შენიშვნაც მომცეს ჩემი სტატუსის გამო - ალბათ, უფრო უღირსებო იყო ეს, ვიდრე უხამსი). კი, ალბათ იყო...

მაგრამ, ამის გამო გამოაცხადო სრული კაპიტულანტური ტექსტები, რომ იცი რა, ოღონდაც არაფერი მოხდეს და ამას ჩვენ მოვუვლით და გამოხატვის თავისუფლებასაც „მოვუვლით“ ამ ქვეყანაში, ეს ძალიან სახიფათოა, იმიტომ, რომ პრაქტიკულად მთავრობამ გუშინ დაიწყო კამპანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის სახიფათო! ამაზე უკვე მკაფიო მოსაზრება მაქვს და მკაფიო ხედვა, რადგან ეს თემა არ არის საჯილდაო ქვა.

ამას არ უნდა დაეჭიდოს არც ერთი ხელისუფალი იმიტომ, რომ ეს რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“.

ზვიად ქორიზე განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა:

„ბოლო ხანებში ძალიან მოდურია კონსტიტუციური წყობის დამხობაზე ლაპარაკი. კონსტიტუციური წყობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა და დემოკრატიის ღირებულებითი საყრდენებისგან დაშორება ზუსტადაც ნიშნავს კონსტიტუციური წყობის დამხობას.

ჩვენ თუ აქ არ გვინდა გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და თუ არ ვცემთ პატივს სიცოცხლის უფლებას, მაშინ გამოვდივართ კლასიკური ავტორიტარული სახელმწიფო და ეს უკვე გადახვევაა დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებიდან“.

ზვიად ქორიძე საჭიროდ თვლის, მთავრობამ განაცხადოს, რომ გამოხატვის უფლება ხელშეუხებელია:

„მე ვიცი, რომ მთავრობა არსებობს იმიტომ, რომ მან ეს ღირებულებები არ დაანგრიოს და თუ ის ამ ღირებულებებს დაანგრევს, მაშინ ის მიდის უზურპაციისკენ.

მთავრობამ უნდა განაცხადოს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის შეუვალი ღირებულება“.

„დილის საუბრების“ რესპონდენტი შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესად თვლის, საქართველომ არ გადაუხვიოს ევროპული არჩევნისგან:

„მესმის, ბევრ ლანძღვას ისმენენ ადამიანები, რომლებიც მსგავს პოზიციას გამოხატავენ, როგორც მე, ან უფრო რადიკალურს, მაგრამ ესეც ასატანია, ესეც მოსათმენია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პროცესში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს თავის ევროპულ არჩევანს, ევროპულ პერსეპქტივას და არ თქვას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთის ნაწილი.

დიახ, რუსეთია ქვეყანა, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება არ აქვს!“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG