Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გიორგი კოხრეიძეს აქვს ძალიან მკაფიო დავალება, რომ მან უნდა მოანგრიოს, დალეწოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს ველი"


ზვიად ქორიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი
ზვიად ქორიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი

„მე მაქვს იმის იმედი, რომ მეტი მოქალაქე დაუდგება გვერდით აჭარის ტელევიზიის საკმაოდ დიდ ჯგუფს ჟურნალისტების, ოპერატორების, პროდიუსერების და იმ სარედაქციო პოლიტიკას არ გაატანენ წყალს, რასაც დღეს ასე ხმალამოღებული ებრძვის გიორგი კოხრეიძე. ის დღეს, სამწუხაროდ, არის ერთი კონკრეტული პერსონაჟი, განსხეულებული ხელისუფლების ნება - რომ მათ არ უნდათ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში”, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე რადიო თავისუფლების ეთერში.

19 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივას საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ, ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა“.

ოთხშაბათსვე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა მხარდაჭერის თხოვნით მიმართა საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებას:

„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას.

მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ონლაინ სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ჟღენტმა „დილის საუბრებში“ ჩართვისას განაცხადა:

„გიორგი კოხრეიძის მოსვლის შემდეგ ჩვენ გამოვთქვით შიშები და ძალიან ღიად იყო იმაზე საუბარი, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მათთვის არ იყო მოსაწონი და საინტერესო. ისინი ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ არ არის დაბალანსებული, არის რაღაც პოლიტიკური ინტერესები, თუმცა ღიად არ ამბობდნენ, რომელი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს გულისხმობდნენ. თუმცა, პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საინფორმაციო დღის წესრიგი და ა.შ.

მინდა, აუდიტორიისთვის იყოს ხაზგასმით გასაგები ის ამბავი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო დასკვნის მიხედვით ასეთ პოლარიზებულ მედიაგარემოში, რომელიც საქართველოშია, არჩევნებზე და შემდეგ პროცესებზე დაკვირვების შედეგად ყოველთვის იყო ასეთი ტიპის დასკვნები, რომ ეს არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის მატარებელი საინფორმაციო პოლიტიკა.

...გიორგი კოხრეიძე დირექტორი გახდა მას შემდეგ, რაც შეიცვალნენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები, ხუთი წევრი. მათგან სამი ხმა, უმრავლესობა დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ კვოტით.

ამის მიუხედავად ვთანამშრომლობდით, სუბორდინაცია არ დაგვირღვევია არც ერთ ეტაპზე უბრალოდ, ღიად ვსაუბრობდით იმაზე, რა პროცესები მიმდინარეობდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში.

...რა მოცემულობა მივიღეთ? მილიონი პრობლემაა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე კადრების მიმართულებით და ა.შ., თუმცა პირველი ინტერესი, პრიორიტეტი ბორდის სამივე წევრისთვის, რომელიც არის მმართველი პარტიის კვოტით და ასევე ბატონი გიორგისთვის აღმოჩნდა საინფორმაციო სამსახური.

...ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძველი ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ მმართველი რგოლის მოსაშორებლად სჭირდება დირექტორს ეს ცვლილებები, რომ შემდეგ უკვე მოიყვანოს ახალი ადამიანები, რომლებიც შეცვლიან, გარდატეხას მოახდენენ იმ საინფორმაციო პოლიტიკაში, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იყო რომელიღაცა პარტიის გავლენის ქვეშ. ეს იყო ნამდვილად დამოუკიდებელი კონტენტი“.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე მმართველი ძალის პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელების კონტექსტში ლაპარაკობს ზვიად ქორიძეც:

„მას [გიორგი კოხრეიძეს] აქვს ძალიან მკაფიო დავალება და ეს დავალება მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა მოანგრიოს, დალეწოს ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ველი, რომელიც აქ ნელ-ნელა, საკმაოდ რთულად იქმნებოდა. არ არის ადვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნა, განსაკუთრებით, ჩვენი ტიპის პოსტ ტოტალიტარულ ქვეყნებში, მაგრამ ასე ნელ-ნელა იქმნებოდა ძალიან მყარი ფუნდამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირებისთვის.

ეს არ იყო ელვისებური პროცესი - რომ, აი, ახლა გამოვაცხადეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა ბედნიერები ვართ. არა. და, ის, რა შედეგებიც თანდათან დადო აჭარის ტელევიზიამ იგივე საარჩევნო პროცესების გაშუქებისას, იგივე თემატური მრავალფეროვნების მონიტორინგისას... იყო კიდევ ძალიან საინტერესო მონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქების, არა მხოლოდ საინფორმაციო პროგრამებში, არამედ საერთოდ ტელევიზიასა და რადიოში.

ყველა მონიტორინგში, რაც მე ბოლო სამი წლის განმავლობაში წამიკითხავს, აჭარის ტელევიზია ჩანს საკმაოდ პოზიტიურად. ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ აჭარის ტელევიზია ვითარდება, იცავს კანონის ნორმებს, მაუწყებლის ქცევის კოდექსს, ანუ მაღალეთიკურ ჟურნალისტიკას და რაც მთავარია, იქ უკვე ჟურნალისტებს ძალიან კარგად ესმით (ჟურნალისტებს ვამბობ და ვგულისხმობ პროდიუსერებსაც, ოპერატორებსაც, ყველას) რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი. ამის დანგრევა აქვს გადაწყვეტილი გიორგი კოხრეიძეს. ის ამას არ მალავს“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG