Accessibility links

ზურაბ დათუნაშვილი: „ბევრმა სპორტსმენმა იცის, რა და როგორ ხდება, მაგრამ ამის თქმას ერიდებიან“


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა ფედერაციის სხდომას, რომელმაც თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, დააკისროს თუ არა რაიმე სახის სანქცია ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, რომელიც დათუნაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაშია ბრალდებული.

გეგა გეგეშიძე რადიო თავისუფლებას 7 თებერვალს ესაუბრა. 8 თებერვალს ზურაბ დათუნაშვილთან დაიგეგმა საპასუხო ინტერვიუ, თუმცა სპორტსმენმა ფედერაციის პრეზიდენტს პრესკლუბ მთავარში გამართული პრესკონფერენციით უპასუხა.

ზურაბ დათუნაშვილი:

- გეგა გეგეშიძემ თქვა, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდიუმი შეიკრიბება. ვეტერანი მოჭიდავის, რომან რურუას, განცხადებით კი, ამ პრეზიდიუმის წევრთა ოთხმოცი პროცენტი ისეთი ხალხია, რომლებსაც რაზეც უნდათ, იმაზე ააწევინებენ ხელს. გავეცნობი შემადგენლობას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, მივიდე თუ არა სხდომაზე. ვფიქრობ, ეს პრეზიდიუმი ჩემს სიმართლეს დაკარგავს. ალბათ, შერიგების სანაცვლოდ პატივს მცემენ და დისკვალიფიკაციას არ მომცემენ, გეგა გეგეშიძეს კი თანამდებობაზე დატოვებენ, სიმბოლურად, ფინანსურად დააჯარიმებენ და ამ ჯარიმას მოჭიდავეების ფულით გადაიხდის.

- გეგეშიძე შერიგებისკენ მომიწოდებს. სინამდვილეში, მას უნდა, რომ გავჩუმდე, თვითონ კი სკამი შეინარჩუნოს. შერიგება რომ სდომოდა, თავიდანვე იტყოდა. იძახდა, რომ ხელი არ მოუქნევია. მერე ეს ნელ-ნელა აღიარა და იქნებ სამომავლოდ ისიც აღიაროს, რკინა ჩავარტყიო.

- ვერ ვხვდები, პრეზიდიუმის სხდომაზე რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში ჩემგან დისციპლინის დარღვევის საკითხი. ფინალის ბოლოს ვაპროტესტებდი მსაჯის გადაწყვეტილებას, გადავედი ხალიჩიდან და თავში ჩამარტყეს რაღაც. ამის გამო თუ დისკვალიფიკაცია მეკუთვნის, არ ვიცი. თუკი პრეზიდიუმზე მივალ, ვიტყვი, რომ მე არ წამიგია. წესით, თუ სპორტსმენი ხალიჩიდან ჩადის, ის იხსნება შეჯიბრებიდან. ჩავედი მეც და ჩამოვიდა ჩემი მეტოქე რობერტ კობლიაშვილიც. შესაბამისად, ორივე უნდა მოვეხსენით, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მარტო მე დავესაჯეთ.

- არც რობერტთან, არც ნაკრების სხვა წევრებთან და არც ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ბოლო პერიოდში კონტაქტი არ მქონია. არც ფედერაციის პრეზიდენტს გამოუთქვამს ჩემთან საუბრის სურვილი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მე კონფლიქტური ადამიანი ვარ. ერთი ფაქტი მაინც დამისახელოს, ნაკრებში ვისთან მომივიდა კონფლიქტი.

- ჩემთვის არაა ადვილი, ავდგე და ქვეყანა დავტოვო. უბრალოდ, თუ არ მაძლევს ფედერაცია არანაირ გასაქანს და სხვა გამოსავალი არ მრჩება, რა უნდა ვქნა? გეგეშიძის სინანული არის ფორმალობა. აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება ამის შემდეგ. აქამდეც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ფედერაციის ხელმძღვანელობას და არაფერი გამოსწორებულა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვერც ვერავინ გააკონტროლებს. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დამპირდა, რომ გააკონტროლებდა, მაგრამ ვერც ის გააკონტროლებს. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, ვერაფერს მოუხერხებს. როგორც გითხარით, ყაველაშვილს შევხვდი და გავაცანი ჩემი პრობლემა, სპორტის სამინისტროს მხრიდან კი არავისთან მისაუბრია.

- გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ ჩემი დაჭრის საქმეზე თურმე მე მარტო დაზარალებული არ ვყოფილვარ და ასეთ დროს დახმარება შემომთავაზა. რა გამოდის? ანუ ეს ადამიანი გამოძიებაზე ზემოქმედებს?

- ეს ვითარება ჩემს პროფესიულ კარიერაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. ჩემი საქმე მხოლოდ ჭიდაობაა, ვარჯიში და წარმატებებისკენ სწრაფვა. სამწუხაროდ, ასეთ დღეში აღმოვჩნდი, მიწევს სულ სხვა ბრძოლა - სისტემის წინააღმდეგ და გაჩერების შემთხვევაშიც პრობლემები მექნება სპორტულ კარიერაში.

- შარშან ზაფხულშიც მქონდა იგივე პრობლემა. უბრალოდ, მაშინ თავში არ ჩაურტყამთ. ვიბლოკებოდი და ამიტომ მივედი ფედერაციაში და გეგეშიძეს ვუთხარი, რომ ან უნდა დამესრულებინა კარიერა, ან უცხოეთში გავეშვით. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, მწვრთნელებმა საშუალება არ მომცეს ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა, მაშინ როდესაც წინ სამი საერთაშორისო ტურნირი იყო და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც ნაკრებს მიღმა დამტოვეს. იქამდე, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიჭიდავე და წავაგე. როგორ და რის გამო დავმარცხდი, ცალკე განხილვის თემაა და აღარ დავკონკრეტდები. ევროპირველობის შემდეგ, იმავე წონით კატეგორიაში გივი კარტოზიას სახელობის ტურნირზე მესამე ადგილი დავიკავე. ჩემპიონი გახდა ლაშა გობაძე. წესების თანახმად, ლაშა უნდა წასულიყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამაზე პრობლემა არ მქონდა. პირიქით, ფედერაციამ შემომთავაზა, 82 კილოგრამში უნდა მოგცეთ შანსიო. ვუთხარი, რომ ეს არასწორი იქნებოდა და შანსი ერთი წონითი კატეგორიით დაბლა - 77 კილოგრამში მოეცათ. სწორედ ამ წონაში გამოვდიოდი ორი წლით ადრე. მას შემდეგ კი მედალი არავის აუღია და რადგან კარტოზიას სახელობის ტურნირზეც საპრიზო სამეულში ვერ შევიდნენ ქართველები, ამიტომ ვითხოვე შანსი. 77 კილოგრამში მოჭიდავე ბიჭებსაც მივმართე, მათ ხომ არ ექნებოდათ პრობლემა, თუ კონკურენციაში მეც ჩავებმებოდი და მითხრეს, არაო. მწვრთნელებმა წონა შემიმოწმეს და ისინიც დამთანხმდნენ, მაგრამ იმის შემდეგ, რაც სხვა წონაში ერთ-ერთი სპორტსმენის არდაყენებასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვი, მწვრთნელებმა თანხმობა უარით შეცვალეს.

- გეგეშიძე ამბობს, რომ 2017 წელს არ ვიმსახურებდი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას და თურმე პატივი უციათ. რატომ არ ვიმსახურებდი? რაღაც ინციდენტის გამო მხოლოდ ერთი შეკრება გამოვტოვე, შემდეგ კი გუნდთან ერთად გავიარე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი. მწვრთნელებმა თავად გადაწყვიტეს ჩემი შემადგენლობაში დაყენება. ესე იგი, შეცდომა დაუშვიათ? მე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვიყავი და, წესების თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება წინასწარ მოვიპოვე. მთავარი იყო, მსოფლიოს წინ ფორმაში ვყოფილიყავი.

- მე ვარ ადამიანი, რომლის მხარესაც სიმართლეა. ასეთ დროს, თუნდაც მარტო ვიყო, ეს სიმართლე არ უნდა დაიკარგოს. ბევრმა სპორტსმენმა იცის, რეალურად რა და როგორ ხდება, მაგრამ ამის საჯაროდ გამოტანას ერიდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ფედერაცია ხელშეუხებელია და თუ ხელმძღვანელობას დაუპირისპირდებიან, ჩემი ბედი ელით.

დაწერეთ კომენტარი

ეკა აკობია სირიის საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:32 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
ეკა აკობია სირიის საკითხზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG