Accessibility links

ზურაბ ჯაფარიძე: სახელმწიფოს საქმე არ არის, ვინ ასწავლის ჩვენ შვილებს და რა წიგნებით


პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ალტერნატიული განათლების სისტემის შექმნას გეგმავს: „ჩვენ ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომლის პირობითი სახელწოდებაცა „თავისუფალი განათლება“ . ჩვენ შევქმნით არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ სისტემას, სადაც პირველ რიგში, მივიყვანთ საკუთარ შვილებს და სადაც საკუთარ შვილებს მოიყვანენ ის ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თუ რა მავნებლობაა და როგორ აზიანებს მათ შვილებს არსებული განათლების სისტემა“.

ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებით, ამ კონცეფციის მთავრი პრინციპია ის, რომ თუკი არსებობს ადამიანი, რომელიც განათლებას ყიდის როგორც პროდუქტს და თუკი არსებობენ მშობლები, რომლებსაც სურთ ამ პროდუქტის შეძენა, სახელმწიფოს საქმე არ არის, როგორი იქნება ეს პროდუქტი, რა წიგნებით ისწავლიან მოზარდები, ვინ იქნება მასწავლებელი, ექნება თუ არა მას დიპლომი და ა.შ: „ეს არის თავისუფალი განათლება. ეს განათლება სრულად იქნება გასული სახელმწიფო სისტემიდან და რეგულაციებიდან. არ დავემორჩილებით არცერთ სახელმწიფო რეგულაციას. თავდაპირველად დავიწყებთ თბილისიდან და საშუალო განათლებისგან, თუმცა გადავალთ უმაღლეს განათლებაზე და ალტერნატიული განათლება გასცდება თბილისის ფარგლებს. რაც შეეხება პედაგოგებს, არ ვაპირებთ, რომ მასწავლებლები მოვიძიოთ არსებული კორპუსიდან, ვგეგმავთ, რომ ისინი მოვძებნოთ ახალგაზრდებში. გვჯერა, რომ მათგან უკეთესი მასწავლებლების გამოზრდა შეიძლება“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული პროექტის დაანონსება, „გირჩმა“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 14 სექტემბერს, დილით, მთავრობის მიერ წარდგენილ განათლების რეფორმას გაეცნო: „უკვე მერამდენედ მოვისმინეთ მთავრობის და განათლების მინისტრის სრულიად ზოგადი ლაპარაკი განათლების სფეროს შესახებ. და ეს იმ სფეროს შესახებ, რომელშიც კრიტიკული პრობლემებია. განათლების სფერო არის ის სფერო, რომელშიც ჩვენ ყველანი ვხარჯავთ მილიარდებს და ეს მილიარდები ემსახურება იმას, რომ ვღუპავთ საკუთარ შვილებს. განათლების სფერო არის სფერო, რომელმაც გაანადგურა თაობები და დღესაც ასე გრძელდება და ეს იცის ყველა მშობელმა, ვინც ოდნავ მაინც ატანს ჭკუას იმას, სად მიყავს შვილი და რას ასწავლის მას. ეს არის სისტემა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებში შესაბამის უნარებს ავითარებდეს, იწვევს ათასგვარ პრობლემას და მათ შორის იმ ძალადობის პრობლემას, რომელიც არსებობს ამ სისტემის შიგნით. მშობლები ხარჯავენ დამატებით ფულს, მიჰყავთ შვილები რეპეტიტორებთან ან კერძო სკოლებში იმის იმედად, რომ ეს უშველის მათ შვილებს და ისინი უკეთეს გარემოში მოხვდებიან, მაგრამ ცდებიან“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სანამ საქართველოში არსებობს ერთი უნიფიცირებული სისტემა, სადაც ერთი ადამიანი, ერთი ჯგუფი, ერთი სამინისტრო წყვეტს როგორი უნდა იყოს განათლება, მანამდე ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება: „ჩვენი პროექტის მიზანია არა უბრალოდ ალტერნატიული განათლების სისტემის შექმნა, არამედ განათლების გათავისუფლება სახელწიფო მარწუხებისგან. თუკი ჩვენ ამას გავაკეთებთ და მე პირობას ვიძლევი, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, საბოლოო ანგარიშით, ეს პროექტი დაშლის საქართველოში არსებულ განათლების სისტემას და პირველ რიგში, მისცემს შანსს ბავშვებს, რომ ჰქონდეთ წარმატებული მომავალი“.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, ალტერნატიულ „თავისუფალ განათლებას“ გააკონტროლებენ თავად იდეის ავტორები. თუმცა, მისივე თქმით, ხარისხს, პირველ რიგში, გააკონტროლებენ მშობლები. ის დარწმუნებულია, რომ ამგვარი განათლების სისტემა აუცილებლად მოიპოვებს მშობლების ნდობას: „მჯერა, რომ საქართველოში, მშობლების უდიდეს ნაწილს, ზუსტი წარმოდგება აქვს, თუ როგორი დამპალია არსებული განათლების სისტემა. ზუსტად იციან, რომ საკუთარი შვილები დაჰყავთ ნაგავში. ეს ყველამ იცის, განათლების სამინისტროს ჩათვლით, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მშობლების ნდობას მოვიპოვებთ“.

„გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია 17 სექტემბერს „თბილისი გალერიში“ გაიმართება, სადაც ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ცნობილი გახდება პროექტის დეტალები. პრეზენტაციაზე დასწრება ფასიანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG