Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა ყაზანის სკოლაში


ყაზანში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა ქალაქის გიმნაზიაში ატეხილი სროლის შედეგად.

სხვადასხვა წყარო 13 ადამიანის დაღუპვას იუწყებოდა, მაგრამ მოგვიანებით თათრეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 მოწაფე, მე-8 კლასის მასწავლებელი და სკოლის თანამშრომელი ქალი.

დაკავებული და დაკითხულია თავდახმაში ეჭვმიტანილი 19 წლის ილნაზ გალიაევი, რომელიც 4 წლის წინ ამავე სკოლაში დადიოდა, ვიდრე სწავლას ტექნიკურ კოლეჯში გააგრძელებდა.

იუწყებიან, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი და მეტი ადამიანის მკვლელობის მუხლით. ოფიციალურ მოტივზე თათრეთის ხელისუფლებაში არაფერს ამბობენ, თუმცა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირულმა სამსახურმა ღია წყაროებით მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეჭვმიტანილმა ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გაავრცელა ცნობა, რომ ხალხის დახოცვას აპირებდა.

„ღმერთი“, რომელსაც ადამიანები ეზიზღებოდა

თათრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რესპუბლიკაში 12 მაისს გლოვის დღე გამოცხადდა. 11 მაისს მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ შეძრა მთელი თათრეთი, სადაც იარაღის გამოყენებით ჩადენილი მსგავსი დანაშაული მანამდე არ მომხდარა.

175-ე გიმნაზიაში იარაღით შესულმა ამავე სკოლის ყოფილმა მოწაფემ სულ რამდენიმე წუთში 9 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. შენობაში მყოფი თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ მათ გაიგონეს აფეთქების ხმაც.

„როგორც ადრეც განვაცხადე, ჩვენ დავკარგეთ 7 ბავშვი, მერვეკლასელები: ოთხი ბიჭი და სამი გოგო. გარდა ამისა, დავკარგეთ ერთი მასწავლებელი და ქალი, რომელიც იქ მუშაობდა. მთლიანობაში, დავკარგეთ 9 ადამიანი. ცეცხლსასროლი ჭრილობებით, მოტეხილობებით და ტრავმებით ორი მოზარდი იმყოფება ქალაქის მე-7 საავადმყოფოში, კიდევ ერთი - რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად. ველოდებით თვითმფრინავს მოსკოვიდან, ცენტრი დაგვეხმარება“, - განაცხადა თათრეთის პრეზიდენტმა, რუსტამ მინიხმანოვმა.

რესპუბლიკის ხელისუფლება ოფიციალურად არ ამჟღავნებს თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობას და არც თავდასხმის მოტივებზე ამბობს რამეს, მაგრამ ადგილობრივმა მედიამ დამოუკიდებელი წყაროებით დაადგინა ზოგიერთი დეტალი: დაკავებული და დაკითხულია თავდახმაში ეჭვმიტანილი 19 წლის ილნაზ გალიაევი, რომელმაც სისრულეში მოიყვანა მუქარა, რაზეც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში სრულიად ღიად ლაპარაკობდა.

„სწორედ ამ ილნაზის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რადგან მან თავად განაცხადა, რომ მისი ბინა დანაღმულია, რასაც მოჰყვა მთელი შენობის ევაკუაცია. რაც შეეხება მოტივებს, ამჟამად ცნობილია, რომ ის სწავლობდა ამავე სკოლაში, დაამთავრა იგი და 4 წლის წინ მოეწყო ტექნიკუმში. იყო ჩვეულებრივი ბიჭი, წყნარი და მშვიდი, თითქმის არავისთან ჰქონდა ურთიერთობა. აპრილის ბოლოს მას უნდა ჩაებარებინა გამოსაშვები გამოცდები, მაგრამ შეწყვიტა ტექნიკუმში სიარული, რის გამოც ის 24 აპრილს სასწავლებლიდან გარიცხეს. დაახლოებით იმავე დროს მან შეიძინა თოფი და ასევე მაისის დასაწყისში შექმნა საკუთარი ტელეგრამის არხი, რომელსაც დაარქვა „ღმერთი“. ანუ თავი გამოაცხადა ღმერთად და განაცხადა, რომ წავა და დახოცავს ხალხს. ანუ, ეს ეწერა მის ამ ტელეგრამის არხში“, - ჰყვება რეგინა ხისამოვა, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის თანამშრომელი.

პუტინი იარაღის შეძენის წესების გამკაცრებას აპირებს

11 მაისის დილით კი, ვიდრე საშინელ ტრაგედიას დაატრიალებდა, 19 წლის ილნაზ გალიაევმა საკუთარი ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა, რომ მიდის (დასახოცად). იქვე გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სახეზე სამედიცინო ნიღბით, რომელსაც აწერია სიტყვა „ღმერთი“. ამჟამად ტელეგრამის არხი დაბლოკილია, თუმცა მანამდე მას გაეცნო ჩვენი კოლეგა, რეგინა ხისამოვა, რომელმაც გვიამბო ისიც, თუ როგორ მოქმედებდა ილნაზ გალიაევი თავდასხმის წინ.

„დღეს კი დილით ჩაიცვა სამხედრო ფორმის მსგავსი სამოსი და გავიდა ქუჩაში თოფით ხელში. სახლიდან სკოლამდე მას ფეხით უნდა გაევლო 7 წუთი. დაუბრკოლებლად მივიდა სკოლამდეც და შემდეგ იარაღით ხელში შენობაში შევიდა ასევე დაუბრკოლებლად, რადგან სკოლაში არ იყო დაცვა. მოტივებზე საუბარი ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ იმ ვიდეოში, რომელიც დღეს გავრცელდა, იგი საკუთარ თავს მიიჩნევს ღმერთად და აცხადებს, რომ ეზიზღება ყველა ადამიანი“.

მოგვიანებით თათრეთის პრეზიდენტმა, რუსტამ მინიხანოვმა, დაადასტურა, რომ 19 წლის ეჭვმიტანილს ლეგალურად ჰქონდა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. მედიის ცნობით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო Hatsan ESCORT-ის ფირმის ე. წ. ხრახნლულიანი თოფით, რომელიც 28 აპრილს გადაიფორმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, თანახმად, თათრეთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელმაც განკარგულება გასცა იარაღის შეძენის წესების გამკაცრების შესახებ.

მაგრამ არც რუსეთის და არც თათრეთის ხელისუფლება არაფერს ამბობს თავად იმ სამართალდამცველი ორგანოების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს პრევენცია 11 მაისის თავდასხმისა, რითაც თავდამსხმელი რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტის საშუალებით იმუქრებოდა.

„ახლა უფრო მეტს ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ გაიცა ასეთი იარაღი და როგორ შეძლო მან ფსიქოლოგიური ექსპერტიზის გავლა და, როგორც მონადირემ, იარაღის ლეგალურად შესაძენად საჭირო ლიცენზიის მიღება. მეორე ისაა, რომ სკოლაში არ იყო ნამდვილი დარაჯი, ანუ არავითარი შემოწმება არ ყოფილა. სკოლის შესასვლელში იჯდა მხოლოდ ხნიერი ქალი, რომელსაც ევალებოდა დარაჯის ფუნქციის შესრულება. არსებობს ვერსია, რომ სამი წლის წინ სკოლამ დაუფინანსებლობის გამო შეწყვიტა მომსახურება იმ სპეციალური ორგანიზაციისა, რომელიც სკოლის დაცვას ახორციელებდა“, - ჰყვება რეგინა ხისამოვა, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის თანამშრომელი.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ბოლო წლებში რუსეთის სკოლებში რამდენიმე თავდასხმა მოხდა და, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ეს ხდებოდა მოსწავლეების ან ყოფილი მოსწავლეების ორგანიზებით.

  • 2014 წელს მოსკოვში მეათეკლასელმა სერგეი გორდეევმა, რომელიც შაშხანით იყო შეიარაღებული, გეოგრაფიის მასწავლებელი მოკლა და მძევლად აიყვანა თანაკლასელები. მოგვიანებით თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა შემთხვევის ადგილზე მისულ ორ პოლიციელს, ერთი მოკლა და მეორე - დაჭრა.
  • 2017 წელს დაღესტნის სოფელ აგვალის საშუალო სკოლაში მოწაფემ მიიტანა ქუჩაში ნაპოვნი ხელყუმბარა და მეგობრების გასასულელებლად და დასაშინებლად ის კომპიუტერულ კლასში შეაგდო. აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 13 მოწაფე.
  • 2019 წელს ბლაგოვეშჩენსკის კოლეჯში ადგილობრივმა სტუდენტმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ამავე კოლეჯის სტუდენტი და შემდეგ თავი მოიკლა.
  • ამ ჩამონათვალში ყველაზე უფრო შემზარავია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში 2018 წელს მომხდარი მკვლელობა: სამი წლის წინ 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა ცეცლსასროლი იარაღით 20 ადამიანი მოკლა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქერჩში დატრიალებული ტრაგედია მაშინ შეადარა 1999 წლის 20 აპრილს აშშ-ის „კოლუმბაინის“ სკოლაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას და პასუხისმგებლობა დააკისრა „გლობალიზაციასა“ და ინტერნეტს, რომლის დამსახურებით ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია აშშ-ში მომხდარი მოვლენების შესახებ, რაც მათ შთააგონებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG