Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიჭრაჭუნოთ. ბავშვია, ვერ მიხვდება


გამარჯობა. სკამები წრიულად დაალაგეთ, დასხედით და გაგვეცანით.

- გამარჯობა, მე ნატო ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.

- გამარჯობა, მე თეონა ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.

- გამარჯობა, მე თაკო ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.....

მაინც რამდენი ქალი გგონიათ თქვენ გარშემო ისეთი, ვისთვისაც შეფასებები, რომ სექსი უდიდესი სიამოვნებაა, რომ ეს პროცესი ფრენას ჰგავს, რომ ის სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა, - უბრალოდ მითებია, რომელთანაც მათ არაფერი აკავშირებთ? ბევრი. ასეთი ქალი ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრია.

ჩემი ისტორია ასეთია: რამდენიმე თვეა, დავოჯახდი და მე ისევ ქალწული ვარ. ამაზე ანონიმურადაც კი ვერ გავბედავდი წერას, ამ თემაზე უდიდეს ინფორმაციას რომ არ გავცნობოდი და არ გამეგო, რომ მე არ ვარ ერთეული შემთხვევა.

ჯერ ვთქვათ, რა არის ვაგინიზმი. ესაა ვაგინალური კუნთების შეკუმშვა, საშოს ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც, მასში შეღწევა შეუძლებელია. ამ რეფლექსური რეაქციის კონტროლი ქალისთვის ძალიან რთულია. მე ეს ამ დრომდე ვერ გადავლახე. მცდელობა დაოჯახებამდეც იყო, - თუმცა მაშინ ჩემი მდგომარეობის სიმწვავე სწორად ვერ შევაფასე და ვიფიქრე, რომ ეს იმ დოგმების ბრალი იყო, რომელთა გარემოცვაშიც გავიზარდე. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველთვის მესმოდა,- ჯვრისწერის გარეშე სექსი დაუშვებელია. დაოჯახებამდე ჯვარიც დავიწერეთ, მაგრამ უკვე ორი წელია, ყოველი მცდელობა ისევ კუნთების სპაზმითა და ჩემი საშინელი პანიკით სრულდება. ბევრს არ დავწერ იმაზე, რამდენად სტრესულია ეს მდგომარეობა და რომ ყოველი წარუმატებელი მცდელობა კიდევ ერთ მარცხთან შეჯახებას ნიშნავს. ცალკე საკითხია დანაშაულის შეგრძნება პარტნიორის მიმართ და განცდა, რომ შენი ამ პრობლემით მის ჯანმრთელობასაც აზიანებ.

ვაგინიზმი, ისევე როგორც ყველა დაავადება, რომელიც ჩვენი ტვინიდან მოდის, - ხშირად, დაკავშირებულია ჩვენი ბავშვობის სტრესებთან.

ამ პრობლემის გაცნობიერებიდან მალევე ვიპოვე მთავარი მიზეზი, რამაც ჩემს ტვინში, სხეულში, სრულიად ფსიქიკაში ჩამინერგა რწმენა, რომ სექსი ხიხიაა.

ჩემი ოჯახი მატერიალური შესაძლებლობებით არასდროს გამოირჩეოდა და თითქმის ყოველთვის, ხუთსულიან ოჯახს ერთ ოთახში უწევდა ცხოვრება. დაახლოებით ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა „ძილი გადამიცდა“, თუმცა მშობლებმა ჩათვალეს, რომ მეძინა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, კარგად მახსოვს სტრესი, რომელიც მივიღე, რადგან მივხვდი, რომ ოთახში „რაღაც ისე ვერ იყო“, რაღაც ზომაზე მეტად ხმაურობდა. ეს იყო პირველი გააზრება, თუმცა - არასრული. ამის შემდეგაც არაერთხელ მოვისმინე ეს ხმები და მახოვს, როგორ ვნატრობდი, მალე დამძინებოდა. ერთხელ, იმის გადასამოწმებლად, მართლა მეძინა თუ არა, დამიძახეს კიდეც, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ ხმაც ვერ ამოვიღე. მათ ისევ ჩათვალეს, რომ მე მეძინა...

შვიდი გვერდი რომ დავწერო, მაინც ვერ აღვწერ იმ ტანჯვას, რაც ამ შემთხვევების დროს გადამიტანია.

ამ გამოცდილების ბავშვი ზრდასრულობის ასაკშიც ვერაფრით გააცნობიერებს, რომ სექსი კარგია.

მე დღეს მჭირდება სექსოლოგის დახმარება და თერაპიის კურსი, რომელიც არც ისე იაფია. თუმცა, აუცილებლად მივმართავ სპეციალისტს.

კიდევ ერთი, - მე არასდროს არ მიკითხავს დაოჯახებული გოგოსთვის, არის თუ არა ორსულად. ყველას მინდა გახსოვდეთ, - ეს კითხვა გულისამრევია. ოჯახის წევრიც რომ იყოთ, ეს არაა ვინმეს გრძელი ცხვირისა და დიდი უკანალის საქმე. ჩემი პრობლემის შესახებ ჯერ მხოლოდ მეუღლემ იცის და სპეციალისტების გარდა, ამ თემაზე არავისთან არ ვაპირებ ღიად საუბარს. „მზრუნველი“ ადამიანების კითხვები, ვარ თუ არა ორსულად, უკვე მიჩენს სურვილს, ან ის მოვკლა, ან თავი მოვიკლა. დაეტიეთ თქვენს საწოლებში, რადგან ისინი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყავაზე ვერ ჩამოგისხდებიან და ამაზე ლაპარაკს ვერ დაგიწყებენ. არ ილაპარაკებენ იმიტომ კი არა, რომ ამაზე ლაპარაკი არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ადვილად ვიჯერებთ ადამიანის გასაჭირს, როცა ვხედავთ, მაგალითად, მის გადახლეჩილ ფეხს, ამოვარდნილ მაჯას. ფსიქიკური პრობლემა ზედაპირზე არ ჩანს. ამიტომ თუ ის არ გამოგიცდიათ, რაც არ უნდა ბევრი გელაპარაკოთ ამაზე, მის მდგომარეობაში ვერ შეხვალთ.

და მთავარი, - რის გამოც გადავწყვიტე ამის დაწერა: თუ შენ გაქვს ოჯახი, გყავს შვილები და ცოლ-ქმარს ჯერ კიდევ არ გაქვთ ცალკე საძინებელი, - ან ეს სივრცე შეიქმენით, ან ყველა მსგავსმა წყვილმა კეთილი ინებოს და მოთოკოს ვნებები. მშობლები ხომ ასე სხაპასხუპით აყალიბებენ ხოლმე, რომ მათთვის შვილებია მთავარი?! ხოდა, იზრუნეთ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს არაა გრიპი, რომლისგანაც წამლებით განკურნავთ შვილებს. ეს იწვევს დაავადებას, რომელიც წლების შემდეგ გამოვლინდება და თქვენ ამ პრობლემის შესახებ არც კი მოგიყვებათ. თუმცა, ყოველთვის ეცოდინება, რომ დამნაშავე თქვენ ხართ.

კიდევ ერთი, - ვაგინიზმი, ცხადია, ქალების დაავადებაა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ თქვენი დაუფიქრებელი „ჭრაჭუნი“ ბიჭ შვილებზე არ იმოქმედებს. ჩემი ძმის ფრაზა მახსოვს, - მაშინ ის 13-14 წლის იქნებოდა და მისი ნათქვამი მაშინ სერიოზულად ვერ აღვიქვი. მაშინ ერთ გოგოს ეპრანჭებოდა და თქვა ასეთი, რამ - ვერ წარმომიდგენია, გოგო მიყვარდეს და მასთან რამე წარმოვიდგინო ან მომინდეს, ისეთი წმინდაა ჩემთვისო. თავდადებული რომანტიკოსის ნათქვამს ჰგავს ხომ? არა, ცხადია, რომ სექსი მასაც ხიხიად წარმოედგინა. როგორც ჩანს, მასაც ესმოდა...

ასე რომ, დაფიქრდით ვიდრე ქვემოდან ან ზემოდან მოექცევით. მიმოიხედეთ, - ბავშვი ხომ არაა იქვე. შვილები ოდესმე ფეხებზე დაიკიდებენ თქვენს შფოთვას მის განათლებაზე, თქვენს ბრტყელბრტყელ სადღეგრძელოებს შვილების დღეგრძელობაზე, რადგან თქვენ მას დაუმახინჯებთ მთავარს, - ფსიქიკას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG