Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავსაფრიანი ქალები


ავტორი: ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

მრავალი წლის წინ, ალბათ, მეორედ ან მესამედ ვმგზავრობდი თვითმფრინავით, როცა ფრანკფურტის ვეებერთელა აეროპორტში ქალების დიდი ჯგუფი შემოფრიალდა. მათი სამოსის ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. თავი რომელიღაც აღმოსავლური ზღაპრის გადასაღებ მოედანზე მეგონა. ასეთი ქალები მხოლოდ აქლემებისა და ოქროსფერი ქვიშის ფონზე თუ წარმომედგინა. მათ შავი შესამოსლები ეცვათ და მხოლოდ თვალები უჩანდათ, ზოგიერთს კი თვალებზეც ულამაზესორნამენტებიანი ოქროსფერი ნიღაბი ეკეთა. კინაღამ დამავიწყდა, რომ ჩემი გასასვლელი მქონდა მოსაძებნი, ისე გამიტაცა ამ აბრეშუმის შრიალმა და ორნამენტების თვალიერებამ. ჩემთვის რაღაცნაირი იერარქიაც კი გამოვთვალე ჩაცმულობის, ოქროს ნიღბებისა და ნიღბებზე მოციმციმე პატარა მონეტების მიხედვით.

მაშინ ეს ჩემთვის ერთი დიდი ეგზოტიკა იყო. გამოხდა ხანი, გავუშინაურდი აეროპორტების მრავალფეროვნებას, თუმცა დღემდე იმავე ბავშვური და ხამი ინტერესით ვაკვირდები ჰიჯაბიან მუსლიმ ქალებს, განსაკუთრებით კი მოგზაურ ოჯახებს, სადაც ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავდება მათი ჩაცმულობა: დედები, ბებიები და უფროსი ქალიშვილები ლამაზ თვალებს აბრიალებენ მუქი ფერის ჰიჯაბებიდან, პატარა გოგო-ბიჭებსა და მათ მამებს კი ჩაცმულობით ვერ განასხვავებ აეროპორტის სხვა მგზავრებისაგან. საინტერესოა ხოლმე შიდა დინამიკაზე დაკვირვებაც: ვის უჭირავს ჩვილი ბავშვები, ვის მიაქვს ჩანთები, ვინ წინ მიდის, ვინ უკან, ვინ ვისთან საუბრობს ამ პატარა ჯგუფში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი სამყაროა აეროპორტის სივრცეში მოქცეულ მრავალ სამყაროს შორის.

ჩემი დაკვირვება მუსლიმი ქალების ჩაცმულობაზე გასცდა პატარა გამოუცდელი გოგონას პირდაღებულ აღფრთოვანებას. ქალის თავსაბურავის ამბავი არცთუ ისე უცხო და გაუგებარი იყო ჩემთვის. მე გავიზარდე ეკლესიაში, სადაც ქალები (გათხოვილი ქალები), პავლე მოციქულის მითითების მიხედვით, თავზე ლამაზ-ლამაზი თავსაფრებით დადიოდნენ. კვირა დილას წერეთელზე რომ გაგევლოთ, ძალიან ადვილად მიხვდებოდით, ვინ მოდიოდა ჩვენთან ეკლესიაში. განსაკუთრებით იოლი გამოსაცნობები სწორედ ქალები იყვნენ. ისინი პატარ-პატარა გუნდებად მიდიოდნენ მაშინდელი კახოვკის ქუჩისაკენ და ყველას თავზე ღია ფერის თავსაფარი ჰქონდა წაკრული. ისიც კი მახსოვს, როცა მე და ჩემი და ‘დიდობანას’ ვთამაშობდით, თავზე ბებოს თხელ (ფატასავით ნაზ) თავსაფარს დავიფარებდით ხოლმე, ‘სერვანდიდან’ გამოლაგებულ ყავის ჭიქებში ვასხამდით წყალს და ვიჭყიპებოდით ამ წყლის სმითა და დიდებივით ვლაპარაკობდით. ვბაძავდით უფროსებს, ჩვენც გვეჩქარებოდა გაზრდა და კაბის შესაფერისი ლამაზი თავსაფრის დახურვა - ზუსტად ისე, როგორც გვეჩქარებოდა ქუსლიანი ფეხსაცმლისა და აბრეშუმის ჩულქების ჩაცმა. ჩვენ ჩვენი მოდელი გვქონდა საკუთარი მომავლისა.

საქმე ისაა, რომ როცა გავიზარდე და თავსაფრის დახურვისა და ქუსლიანების ჩაცმის თავისუფლება მომეცა, არც ერთი მხიბლავდა და არც მეორე. ჩემს გაზრდასა და დამოუკიდებლობას სხვა ფორმები შეეძინა. ახლა ჯინსებით, კედებითა და გაშლილი თმებით ვდიდობდით მე და ჩემი და, თუმცა ჩემი დის გამოხატვის ფორმებამდე ახლოსაც ვერასოდეს მივედი. ის მხატვარი იყო და მან მარტივად აიპარსა თმაც, გაიკეთა პირსინგები, დადგა პლატფორმებზე და აბრიალებდა დიდ თაფლისფერ თვალებს. ვეღარც წერეთლის გამზირზე გამოარჩევდით ჩვენი ეკლესიისკენ მომავალ ქალებს სხვებისაგან მათი თავსაფრების მიხედვით. ახლა თავისუფლება იქცა ჩემი რელიგიური თვითგამოხატვის ფორმად.

ამ ცოტა ხნის წინ, 8 მარტს, პიცბურგში ერთ საოცარ ოჯახში მოვხვდი. მაგიდას ვუსხედით ქართველი სასულიერო პირი, ქალთა უფლებების აქტივისტი ფიჯიდან, უნგრული წარმოშობის ამერიკელი პედაგოგი, შოტლანდიური წარმოშობის ამერიკელი ანთროპოლოგი და ესპანური წარმოშობის ამერიკელი მონაზონი. ამ პროფესიული სიჭრელის მიუხედავად, ყველა სეკულარულად ვიყავით ჩაცმულები. მე კი ვარ პროტესტანტი და ჩემი ჩაცმულობა დიდ რევოლუციურ განაცხადს არ წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან მიკვირდა ჯინსებში გამოწყობილი კათოლიკე მონაზვნის ამბავი. საოცარი საღამო იყო. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ანთროპოლოგი ქალი აღმოჩნდა No-Bra Movement-ის ერთერთი აქტივისტი 60-იანებში, ჩვენი კათოლიკე მონაზონი ქალი კი თურმე ლათინოემიგრანტებთან მუშაობდა. იმ საღამოს მონათხრობი ისტორიებიდან ყველაზე მეტად მისი ამბავი დამამახსოვრდა. მონასტერში იმ ტანსაცმელსა და თავსაბურავში, რომელიც მონაზვნებს გვქონდა თავზე წაკრული და რომლიდანაც მხოლოდ სახე გვიჩანდა, ყველა 40 წლისას ვგავდით - 17 წლისებიც და 70 წლისებიცო. დედა მარია იყო ერთ-ერთი პირველი მონაზონი, რომელმაც გააპროტესტა თავსაბურავი. თქვა, რომ ის ხელს უშლიდა საქმიანობაში, რომ ამ საბურავის გამო ისინი საკუთარი სამოსის მსახურები უფრო იყვნენ, ვიდრე ხალხის. ის ჰყვებოდა იმ განცდაზე, როცა პირველად მოიხსნა თავსაბურავი და კიბეზე ჩამოვიდა. ამბობდა, რომ ახლაც ახსოვს ის განცდა, როცა ჰაერი იგრძნო თმის ძირებში - ჩემთვის ეს შეგრძნებაა თავისუფლების შეგრძნებაო.

ერთხელ ბათუმში ტრენინგს ვატარებდი გენდერულ თანასწორობაზე. ჯგუფში მყავდა როგორც ჯინსებიანი და ლურჯთმებიანი, ისე ჰიჯაბიანი და კოჭებამდე შემოსილი გოგონები. ჩემი ემოციები ელვისებურად იცვლებოდა: ხან აღტაცებული ვიყავი, როგორც ოდესღაც ფრანკფურტის აეროპორტში, ხან პავლეს მუხლებს ვიხსენებდი და მათი ახლებურად გადააზრების შედეგად მიღებულ დასკვნებზე ვფიქრობდი; ხან ეგზოტიკით ვტკბებოდი, ხან ეჭვის თვალით ვაკვირდებოდი, რას ამბობდნენ მსჯელობისას, როგორ გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს ტრენინგის ჰიჯაბიანი მონაწილეები. სესიის შემდეგ ერთი საოცრად ლამაზთვალება გოგონა მოვიდა ჩემთან და მითხრა, თბილისშიც დავსწრებივარ თქვენს ლექციებსო. უხერხულად გავუღიმე. ვერ ვიცანი. გამიღიმა თავისი წკრიალა თვალებით და მითხრა, ვერ გამიხსენებთ, რადგან მაშინ ჯერ არ ვიყავი შემოსილიო. შევცქეროდი ჩემი შვილის ტოლ გოგონას და ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ის თბილისის უნივერსიტეტში სხვანაირად ჩაცმული, სხვანაირი გამოცდილებით, სხვა გარემოში... ლაპარაკ-ლაპარაკში აღმოვაჩინე, რომ მისი ეს გადაწყვეტილება იყო დიდი ხნის ოცნების შედეგი, რომ თურმე დედას ძალიან არ უნდოდა მისი შემოსვა. როცა გოგონა მეუბნებოდა რამხელა საფრთხეებს ხედავდა დედა, თუკი მისი შვილი ჰიჯაბითა და გრძელი კაბით ივლიდა, დედამისის თვალით ვხედავდი ამ გოგონას და გულში დედამისის ყველა არგუმენტს ვეთანხმებოდი. ეს გოგონა საუბრისას ხანდახან ჩემს დას მაგონებდა - აი, იმ დას, რომელთან ერთადაც წყლით სავსე ყავის ჭიქებს ვუსხედით ბებოს თავსაფრებმოხვეულები. ოღონდ ისტორია, რომელსაც ის მიყვებოდა, მაგონებდა ჩემს ამბავს, როცა მონათვლა მინდოდა, როცა ვეხვეწებოდი ჩვენი ეკლესიის ხუცესს და მეუბნებოდა, ჯერ პატარა ხარ და არ შეიძლებაო. როგორც მე მჭირდებოდა ხუცესის თანხმობა ნათლობისათვის, ისე ამ გოგონას სჭირდებოდა დედის დალოცვა შემოსვისათვის. ეს მისი რელიგიური იდენტობის ნაწილი იყო და მას უნდოდა ეს ამაყად გამოეხატა საკუთარ შესამოსელში.

გადავწყვიტე ამ საკითხზე მეფიქრა არა ვიწროდ ისლამის კონტექსტში, არამედ ფართოდ - გენდერული თავისუფლებისა და რელიგიური თვითგამოხატვის კონტექსტში. ‘სულზე მომისწრო’ საფრანგეთის ერთმა ამბავმა, როცა კანის პლაჟზე ფრანგმა პოლიციელმა ატირებული შვილების თვალწინ იძულებით გახადა ბურკინი მუსლიმ ქალს. პოლიციელი კანონს ემორჩილებოდა, კანონი კი კანონმდებლებმა ქალთა ემანსიპაციისა და თავისუფლების მოწადინებით მიიღეს. ამ ამბავს ჩემ გარშემოც და მთელ მსოფლიოშიც მოჰყვა დიდი სჯა-ბაასი. ერთი მხარე ლაპარაკობდა ირანში იმ ქალთა მოძრაობაზე, რომლებმაც გაბედეს და პროტესტის ნიშნად ფოტოები დადეს თმაგაშლილებმა. ამ ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, დედა მარიას ნათქვამი გამახსენდა თმის ძირებში ჰაერის შეგრძნებაზე. განსხვავება ის იყო, რომ მარიას ბევრი-ბევრი ამ სითამამისათვის მონასტრის დატოვება ემუქრებოდა (რაც არც მომხდარა და რეფორმებმა წარმატებით ჩაიარა), ხოლო იმ ირანელ ქალებს ეს სურათები და ეს თმის ძირებში ჰაერის განცდა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდათ.

კანის პლაჟის ინციდენტის საპასუხოდ მოდელიორებმა ჰიჯაბიანი კოლექციები შექმნეს მუსლიმი ქალებისადმი სოლიდარობის ნიშნად. ამის პარალელურად, ირანში ქალებს ზოგს გაროზგვა მიუსაჯეს, ზოგს ციხე...

აგერ, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ პრემიერ-მინისტრი იასინდა არდერნი თავზე ჰიჯაბმოხვეული ესტუმრა მუსლიმ თემს და თავისი მწუხარება გამოხატა. ამ ნაბიჯის გამო უამრავმა ადამიანმა გაკიცხა და პოპულიზმად შეაფასა მისი ნაბიჯი. ქრაისტჩერჩის ტერაქტის დღეს სამყაროს მეორე ნაწილში ნარსინ სოტოუდეს 38 წლით ციხე და 148 როზგი მიუსაჯა ირანის სასამართლომ. იურისტსა და ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტს სახელმწიფო სწორედ იმას ედავებოდა, რომ ჰიჯაბის სავალდებულობა გააპროტესტა.

ჩემთვის იასინდას ჰიჯაბიცა და ნარსინის თმის ძირებში ნიავიც ერთი და იმავე ძალის თავისუფლების ნიშანია, თავისუფლებისა, როცა მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

და მერე ვინ როგორ ვსაზღვრავთ, ჩვენი პირადი გადაწყვეტილება რამდენად პირადია, რამდენად თავისუფალია, რამდენად მხოლოდ ჩვენია? ერთი პატარა გოგონა ოცნებობს, რომ გაიზრდება და მაღალქუსლებიან ფეხსაცმელს ჩაიცვამს და წარბებს დაიქნის სარკის წინ, მეორე პატარა გოგო კი ოცნებობს, რომ გაიზრდება და იმ ლამაზ თავშალს მოიხვევს, რომელიც მის ბებიას ეხვია. ამ ოცნებაში ვერც ერთი ვერ ხედავს ვერც კულტურულ და ვერც სოციალურ განზომილებას. ამ ოცნებაში ორივე გოგონა დიდობაზე ოცნებობს, ოცნებობს დაემსგავსოს იმას, ვინც უყვარს და ვინც ყველაზე საუკეთესოდ მიაჩნია სამყაროში. იზრდებიან ეს გოგონები და მერე ზოგი ქუსლებზე დგება და ზოგი ჰიჯაბს იხურავს, ზოგი ლურჯად იღებავს თმას და ზოგი მონასტერში მიდის. ვინ უნდა განსაზღვროს, ეს გადაწყვეტილება მართლა მათია, მართლა პირადია თუ ვინმემ დააძალა?

ნუთუ გვგონია, რომ ჩვენი არჩევანი ასე, ერთი ხელის მოსმით, მთლად სტერილურად შეიძლება ‘ჩვენი“ და მხოლოდ ‘ჩვენი’ იყოს? ნუთუ გვგონია, რომ ოდესმე ვინმეს შეუძლია სამყაროსაგან იზოლირებულად, ყველასა და ყველაფრისაგან დამოუკიდებლად იაზროვნოს? განა ყველა ჩვენი გადაწყვეტილება საიდანღაც არ არის ამოზრდილი და რაღაც გამოცდილებით არ არის ნაკარნახევი?! როგორ უნდა მიხვდე ერთი მუსლიმური ოჯახიდან ორი გოგონა რომ გამოდის, ერთი ლურჯად შეღებილი თმითა და დახეული ჯინსებით, მეორე ჰიჯაბითა და კოჭებამდე კაბით, რომლის გადაწყვეტილებაა კულტურასა და გარემოსთან კომპრომისი? მამას ვერ შეეწინააღმდეგა და თავდაფარული დადის, თუ გაბედა და სამსახურში თავისი რელიგიის ჩვენებას არ შეუშინდა? პირსინგებს მიღმა თავის რელიგიურ იდენტობას მალავს, თუ თავისუფლებით ტკბება? არც იმის გარკვევაა მარტივი, ადამიანი ჰიჯაბს ებრძვის თავისი ისლამოფობიის დასამალად, თუ მართლა აღელვებს ვინმეს ბედი.

გარედან და, მით უფრო, ზევიდან ნაკარნახევი არც ერთი ცვლილება არ არის სიკეთის მომტანი. ამის მაგალითად ირანის ბოლო 50 წლის ისტორიაც საკმარისია. ქვეყანამ, რომელმაც ისე მოიწადინა სეკულარულობა, რომ კაცებს ულვაშის ტარებასაც კი უკრძალავდა, დღეს მიიღო ის რეალობა, რომელიც მიიღო. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ, რომ სამყარო და ცივილიზაცია ზეკულტურებად და ჩამორჩენილ ერებად იყოფიან. ხომ მივეჩვიეთ, რომ ზეცივილიზაციებმა უნდა ზევიდან უკარნახონ სხვებს ნორმები და სტანდარტები. უნდა უკარნახონ პრობლემებთან გამკლავების გზებიც.

ვფიქრობ, თუკი ჰიჯაბი გვგონია ან თანასწორობისა და სოლიდარობის, ან უთანასწორობისა და ჩაგვრის მთავარი ინსტრუმენტი, ძალიან კარიკატურულად აღვიქვამთ თანასწორობასაც და ჩაგვრასაც.

P.S. აგერ, მეოთხე გვერდის ბოლოში გავდივარ და დარწმუნებული მაინც არ ვარ, რომ ზუსტად ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. მაგრამ, აი, ეს ნახატი ყველაზე უკეთ ამბობს ჩემს სათქმელს, უფრო სხარტად და უფრო ლამაზად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG