Accessibility links

"მოლოდინი არის ის, რომ საერთაშორისო აქტორები მიაქცევენ ყურადღებას ადგილობრივ კონტექსტს"


თათული თოდუა, სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი

20 მარტს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესს. სახალხო დამცველი დოკუმენტის სამართლებრივი შეფასებისთვის მიმართავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას (ODIHR). ნინო ლომჯარია თვლის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ მომენტში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს“.

სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ „დილის საუბრებში“ ილაპარაკა იმ შენიშვნებზე, რომლებიც სახალხო დამცველს აქვს კანონპროექტთან მიმართებით და რომელთა გათვალისწინებასაც მნიშვნელოვნად თვლის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სამართლიანი, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის.

საქართველოს პარლამენტი დოკუმენტს შესაბამისი ექსპერტიზისთვის უგზავნის ვენეციის კომისიას. თათული თოდუა განმარტავს სახალხო დამცველის მიერ ეუთოსთვის მიმართვის მოტივს:

„იმისთვის, რომ ამ პროცესში არსებობდეს სხვა, ალტერნატიული შეფასებაც, ვგეგმავთ მივმართოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას (ODIHR), რომელიც ასევე გამოირჩევა იმით, რომ ძალიან მაღალკვალიფიციურ სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს კანონპროექტისა. ჩვენი მთავარი მოლოდინი ამ პროცესში არის ის, რომ საერთაშორისო აქტორები მიაქცევენ ყურადღებას ადგილობრივ კონტექსტს და მათი შეფასება არ იქნება რეალობისგან მოწყვეტილი და მხოლოდ სამართლებრივ სტანდარტებზე დაფუძნებული“.

„დილის საუბრებში“ თათული თოდუა ჩამოთვლის საკითხებს, რომელთა შეცვლასაც სახალხო დამცველი არსებითად თვლის. მათ შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის მექანიზმი. მოქმედი კანონით, კანდიდატს სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მესამედის მხარდაჭერა. სახალხო დამცველი კი ემხრობა პოზიციას, რომელსაც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები და გულისხმობს საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერას.

„იუსტიციის საბჭოში ისმის განსხვავებული ხმებიც, თუმცა მათ პოზიციას შედეგზე გავლენა არ აქვს“.

ახლა საბჭოში 14 წევრია, მათგან 11-ია მოსამართლეა. მე-15 უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ნინო გვენეტაძის გადადგომიდან დღემდე არ ჰყავს ქვეყანას. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს უზენაესი სასამართლოს წევრებისგან და წარუდგინოს პარლამენტს, რომელიც მას 10 წლის ვადით აირჩევს.

სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში კიდევ ერთი წესის შემოღებაზეც აცხადებს, როგორც პლურალიზმის უზრუნველმყოფ დამატებით ფაქტორზე:

“ალტერნატიული ვარიანტია, საბჭომ პარლამენტს წარუდგინოს ერთ ვაკანსიაზე სამი კანდიდატი, ნაცვლად ერთისა. აქედან პარლამენტმა რომელიმე მაინც უნდა გაითვალისწინოს”.

სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი შენიშნავს, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცესი პარლამენტში თვალშისაცემად სწრაფად მიმდინარეობს:

„ნამდვილად ჯობდა არ მომხდარიყო ასეთ ჩქარ ტემპებში პირველი მოსმენით მიღება ამ კანონპროექტის. ოფიციალურად მისი განხილვის პროცესი დაიწყო 11 მარტს და 20 მარტს უკვე იყო პირველი მოსმენა, რითაც რეალურად მოხდა იმის დადასტურება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს უკან დაიხიოს ამ კანონის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. რა იქნება ის მეორეხარისხოვანი საკითხები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება. იმედი მაქვს საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა შეაფასონ ეს პროექტი, ნამდვილად მიიღებენ მხედველობაში ადგილობრივ კონტექსტს“.

რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ შეფასებას ასეთ აჩქარებულ პროცესში?

"რთულია იმ ოპტიმიზმის შენარჩუნება, რომ რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, თუმცა გვირჩევნია, რომ ყოველთვის დავრჩეთ ოპტიმისტებად".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG