Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის წინსვლის მიუხედავად, ცენტრალური აზია სამხრეთ აზიასთან სავაჭრო კავშირებს განიხილავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, უზბეკეთისა და ავღანეთის პრეზიდენტები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, უზბეკეთისა და ავღანეთის პრეზიდენტები

უზბეკეთმა უმასპინძლა კონფერენციას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ აზიას შორის სავაჭრო კავშირების შესახებ, თუმცა ავღანეთში თალიბანის ბოლოდროინდელი წარმატება ეჭვებს აღძრავს ავღანეთის გავლით ასეთი სავაჭრო ქსელის განვითარების მიმართ ახლო მომავალში.

ირკვევა, რომ არსებობს საფუძველი იმისა, რომ კვლავ იქნეს განხილული სავაჭრო მარშრუტები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ აზიას შორის.

ცენტრალური აზია, უკვე დიდი ხანია, თავს წარმოაჩენს ევრაზიის კონტინენტის გზაგასაყარად - რეგიონად, რომელიც, განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ცენტრი.

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) სავაჭრო დერეფნებმა და ჩინეთის ინიციატივამ, სახელწოდებით „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, ხელი შეუწყო აზიის აღმოსავლეთსა და დასავლეთთან კავშირების გაფართოებას.

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC)-ის რუკები ასევე ითვალისწინებს სავაჭრო დერეფნებს სამხრეთისკენ, ავღანეთის გავლით, თუმცა ასეთი კავშირები ჯერ კვლავაც სუსტია.

ამის მიუხედავად, მოწოდებები სავაჭრო მარშრუტების შესახებ ავღანეთის გავლით, რომელიც დააკავშირებდა ცენტრალურ აზიას პაკისტანთან და ინდოეთის ნავსადგურებთან არაბეთის ზღვაზე, არ არის მივიწყებული.

იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორი იყო დასწრება 15-16 ივლისის კონფერენციაზე ტაშკენტში, ჩანს, რომ რეგიონალური მოთამაშეები კვლავაც ხედავენ ამ მარშრუტების პოტენციალს.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია დამოუკიდებელი იყო CAREC-ისა და BRI-საგან, ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ინიციატივა ორივე პროექტთან გადაიკვეთება.

პროექტების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია არასტაბილურობა ავღანეთში.

უკანასკნელ ხანებში თალიბანის მიერ ფართო ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვების ფონზე, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის ერთმანეთთან ავღანეთის საშუალებით დაკავშირება სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი ჩანს, ვიდრე ოდესმე.

თუმცა სხვა ფაქტორები, რომლებიც მიმდინარე ბრძოლების ფონზე შეიცვალა, გარკვეულ საფუძველს იძლევა ახალი ოპტიმიზმისთვის.

უზბეკეთის პრეზიდენტი (მარჯვნივ), პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან (მარცხნივ). 2021 წლის 15 ივლისი
უზბეკეთის პრეზიდენტი (მარჯვნივ), პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან (მარცხნივ). 2021 წლის 15 ივლისი


ივლისის კონფერენციის ჩატარების ადგილი, უზბეკეთის დედაქალაქი, ერთ-ერთი ასეთი ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენდა.

ისლამ ქარიმოვის პრეზიდენტობის წლებში უზბეკეთი სულ უფრო გაირიყა.

უზბეკეთის ოფიციალური პირები ჩიოდნენ, რომ მათი ქვეყანა მსოფლიოს ორი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც გარშემორტყმულია ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებით, მაგრამ ისინი მაინც ჭრიან კავშირებს თავიანთ უშუალო მეზობლებთან ცენტრალურ აზიაში.

მას შემდეგ, რაც ქარიმოვი გარდაიცვალა 2016 წელს, პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. მან თქვა, რომ ამას უზბეკეთის უშუალო მეზობლებით დაიწყებდა.

ბოლოდროინდელი კონფერენციის წინ, იაპონიაში უზბეკეთის საელჩოს შეკვეთით გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საქონელბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის 2017-დან 2019 წლამდე პერიოდში თითქმის გაორმაგდა და 2.7 მილიარდი დოლარიდან 5.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ეს ცვლილება გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უზბეკეთი ესაზღვრება ცენტრალური აზიის ყველა სხვა ქვეყანას და ავღანეთს.

ჩაკეტილმა უზბეკეთმა ამ რეგიონის ბევრი ქვეყანა დააზარალა. ახლა, მირზიოევის მიერ უზბეკეთის გახსნამ უკვე სასიკეთო გავლენა იქონია რეგიონალურ ვაჭრობაზე.

სტატიაში მითითებული იყო, რომ მნიშვნელოვანია „ცენტრალური აზიის ქვეყნებმა გადადგან პოლიტიკურად კოორდინირებული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება არა მხოლოდ რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, არამედ ახალ, რეგიონთაშორის დონეზე ურთიერთკავშირის მიღწევისკენაც“.

ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან იგულისხმება, რომ სავაჭრო მარშრუტები უზბეკეთიდან სამხრეთით შეიძლება ცენტრალური აზიისთვის სამხრეთ აზიასთან სავაჭრო არხი გახდეს.

ასეთი რეგიონალური თანამშრომლობა ცენტრალურ აზიას უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური სავაჭრო პარტნიორებისთვის არა მხოლოდ სამხრეთ აზიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

და ეს იმიტომ, რომ ისინი შეძლებდნენ გამოეყენებინათ კავშირები არაბეთის ზღვის პორტებსა და ცენტრალურ აზიას შორის.

სავაჭრო ქსელი „ცენტრალური აზია-სამხრეთი აზია“ ასევე შეძლებდა დაკავშირებოდა სხვა ქსელებსაც, რომლებიც ბევრად შორსაა განლაგებული.

ამ დროს ტაშკენტის კონფერენციაზე იყო ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის დაკავშირებისთვის სხვა იმედისმომცემი ნიშანიც და ეს არის კონფერენციაზე პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის, დასწრება.

ხანი, პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ამ ღონისძიებაზე ჩამოვიდა, პრეზიდენტ მირზიოევს კონფერენციის წინ შეხვდა. ყველა გადმოცემის მიხედვით, უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა ის თბილად მიიღეს.

ეს მკვეთრად განსხვავებული სურათია 1990-იანი წლების დასასრულთან შედარებით.

1997 წლის მაისში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრისას აშხაბადში, თურქმენეთში, ქარიმოვმა მოუწოდა პაკისტანის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ნავაზ შარიფს, საჯაროდ გამოეცხადებინა, რომ ისლამაბადი აღარ დაუჭერდა მხარს თალიბანს ავღანეთში.

შარიფმა, რომლის ქვეყანა იმ დროის მსოფლიოში ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორის, რომელიც თალიბანს ავღანეთის ოფიციალურ მთავრობად აღიარებდა, ამაზე უარი განაცხადა.

1998 წლის აპრილში, როცა პაკისტანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ კანჯუ, ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, მას არც ქარიმოვი შეხვდა და არც ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი.

უზბეკეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ ნელ-ნელა დათბა, თუმცა ხანის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე მიუთითებს.

და რადგან პაკისტანის ნავსადგურები ცენტრალური აზიისთვის ყველაზე ახლო სამხრეთული პორტებია, მნიშვნელოვანია, რომ უზბეკეთსა და პაკისტანს შორის მჭიდრო კავშირები არსებობდეს.

პაკისტანის გაზეთ The Express Tribune-ის პროგნოზით, ხანის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებები „გახსნის კარს პაკისტანის ექსპორტის გაზრდისკენ უზბეკეთში და, ამასთანავე, გამოიყენებს 90-მილიარდდოლარიანი ბაზრის პოტენციალს ცენტრალურ აზიაში“.

იაპონიაში უზბეკეთის საელჩოს განცხადებაში ტაშკენტის კონფერენციის წინ აღნიშნული იყო, რომ, გეგმით, კონფერენციას დაესწრებოდა „250-ზე მეტი მონაწილე 40-ზე მეტი ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან ერთად იქ იყვნენ ავღანეთის პრეზიდენტი და, ასევე, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, საუდის არაბეთის, ქუვეითის, თურქეთის, მალდივის რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

ტაშკენტში ჩავიდნენ, ასევე, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სფეროში, ჟოზეპ ბორელი, და დელეგაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

ეჭვგარეშეა, რომ ცენტრალური აზიის სამხრეთ აზიასთან მყარი დაკავშირება ბევრი ქვეყნისთვის იქნებოდა სასიკეთო.

UzDaily.com-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი თავისი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნით მიიწევს წინ.

ამ დერეფნის ნაწილი ინდოეთთან დააკავშირებს ბალტიის ქვეყნებსა და რუსეთს სარკინიგზო ხაზების და ირანისა და პაკისტანის პორტების საშუალებით, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპიდან ინდოეთამდე საზღვაო მარშრუტების მანძილის ნახევარზე ნაკლებია.

რუსეთის ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფანი, ასევე, თავს აარიდებს სულ უფრო გადატვირთულ სუეცის არხს.

ირანის ნავსადგური, ბანდარ აბასი, ამჟამად ყველაზე სწრაფი საშუალებაა ბიზნესისთვის ცენტრალურ აზიაში, პარტნიორებთან სავაჭროდ ინდოეთის ოკეანის რეგიონში.

საქონლის მოკრძალებული რაოდენობის ტრანსპორტირება ცენტრალურ აზიაში და ცენტრალური აზიიდან ამჟამად ასევე ირანის გავლით ხორციელდება თურქმენეთში გამავალი რკინიგზის მეშვეობით ან ყაზახეთის კასპიის პორტების გავლით საზღვაო ტრანსპორტის მეშვეობით.

UzDaily აღნიშნავს, რომ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მაზარ-ი-შარიფიდან, ქაბულის გავლით, პეშავარამდე, პაკისტანში, რუსეთის ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტს 600 კილომეტრამდე შეამოკლებს.

ეს შესაძლებელი სარკინიგზო მარშრუტი მთავარი თემა იყო ბოლოდროინდელი მოლაპარაკებებისას პაკისტანის პრემიერ-მინისტრსა და უზბეკეთის პრეზიდენტს შორის, თუმცა უსაფრთხოების პირობების ამჟამინდელი ვითარება ასეთი მარშრუტის მშენებლობას შეუძლებელს ხდის.

მანძილისა და ტრანსპორტირების დროის შემცირება შეეხება ჩინეთის ვაჭრობასაც სამხრეთ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკასთან.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში. 2021 წლის 16 ივლისი
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში. 2021 წლის 16 ივლისი

ავღანეთი კვლავაც მთავარი დაბრკოლებაა ამ „ცენტრალური აზია-სამხრეთი აზია“ ქსელისთვის.

სხვა პრობლემები დაკავშირებულია ერთიანი სარკინიგზო გზის ნაკლებობასა და სატრანსპორტო დოკუმენტაციის ერთიან სტანდარტებთან.

ამის მიუხედავად, ტაშკენტის კონფერენციამ აჩვენა, რომ კვლავ დიდია ინტერესი ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის სავაჭრო დერეფნის ქსელის განხორციელების მიმართ.

ეს კი დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყნებს ორივე რეგიონში, იმუშაონ სტაბილურობის უზრუნველყოფაზე ავღანეთში და სავაჭრო კავშირებით სარგებელი ნახონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG