Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაგრატიონმა კიევში მიმდინარე სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა

საქართველო ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდა.
საქართველო ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდა.

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, კიევში გამართულ პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა - ვიდეომიმართვის ფორმატში. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

პირველი ლედებისა და ჯენტლმენების გლობალური პლატფორმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკას ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს.

საქართველომ ღონისძიებაში პირველად მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელი სამიტის თემაა „მსოფლიო 2026: სტაბილურობის პოვნა გაურკვევლობის პირობებში“. გახსნით ღონისძიებაში, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრაში გაიმართა, ოლენა ზელენსკასთან ერთად მონაწილეობდნენ ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენე და სლოვენიის პირველო ჯენტლმენი ალეშ მუსარი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ბაგრატიონმა „უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა“; „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ბაგრატიონის შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ „სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა“.

„ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება - ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად.

პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ „სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება“.

  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში მეორე დღეა იმყოფებიან არაერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები. 24 აგვისტოს მათ შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
  • საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები განსაკუთრებით 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამწვავდა. მას შემდეგ კიევში „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურები არ ჩასულან.
  • 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია. მიზეზებად მან დაასახელა: საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დასახმარებლად წასვლის მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და საქართველოს განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს ორმხრივ სანქციებს არ დაუწესებდა.
  • ბოლო დროს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების ერთ-ერთი გამოვლინება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა გახდა, რომელიც 4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაიმართა.
  • 6 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა.
  • თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი, თუმცა დიპლომატს თბილისში მუშაობა ჯერ არ დაუწყია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG