Accessibility links

"სექსუალური ძალადობის მსხვერპლები უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში საუბრობენ ამ დანაშაულზე"


თამარ დეკანოსიძე, "ქალთა მოძრაობისა" და "თანასწორობა ახლას" წარმომადგენელი
  • "ერთადერთი სფერო, სადაც პროგრესი არ ყოფილა, არის ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა"
  • საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია
  • დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია
  • 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
  • 2016 წელს გაუპატიურების მხოლოდ 13 საქმეზე გამოიტანა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. 2017 წელს - მხოლოდ 5 საქმეზე. 2018 წელს - მხოლოდ 8 საქმეზე.

"ქალთა მოძრაობისა" და "თანასწორობა ახლას" წარმომადგენელი, თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის - ამ სერიოზული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულება არ იცვლება:

"ერთადერთი სფერო, სადაც პროგრესი არ ყოფილა და ისევ ისეთი მდგომარეობა, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო, არის ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა. ეს არის გენდერული ძალადობის ფორმა, რომელიც ისტორიულად იყო, არის და თუ მნიშვნელოვანი ზომების მიღება არ მოხდა მოკლე ხანებში, დარჩება დაუსჯელი".

თამარ დეკანოსიძე "დილის საუბრებში" ლაპარაკობს გარკვეულ პროგრესზე, მაგალითად, ოჯახში ძალადობის მიმართ დამოკიდებულებაში, თუმცა, შენიშნავს იმასაც, რომ გამოწვევები რჩება:

"ბოლო რამდენიმე წელია მხოლოდ, რაც ოჯახში ძალადობა პირადი საქმიდან გადაიქცა საჯარო ინტერესის საგნად. ვგულისხმობ იმას, რომ 2014 წლამდე, როცა საია-დან მივმართავდით საგამოძიებო ორგანოებს და ვითხოვდით ოჯახში ძალადობის გამოძიებას, ხშირად მოგვდიოდა პასუხი, რომ ოჯახში ძალადობა არის ოჯახის საქმე, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბევრი ქალი რჩებოდა დაცვის და დახმარების გარეშე. ახლა ვითარება ნამდვილად გაუმჯობესებულია. ასეთი პასუხი ნამდვილად აღარ მოგვდის. ოჯახში ძალადობის კუთხით კვლავ დარჩენილია უამრავი გამოწვევა. ისეთიც კი, რომ ზოგჯერ ქალი რომ სამართლებრივ საშუალებებს მიმართავს, ბევრად უარეს მდგომარეობაში ვარდება, ვიდრე პოლიციას ან ვინმეს მიმართავდა დასახმარებლად".

იურისტი და უფლებადამცველი, თამარ დეკანოსიძე პრობლემურად თვლის სექსუალური ძალადობის შემთხვევაში მტკიცებულებების ზედმეტად მაღალ სტანდარტს:

"იმის გამო, რომ მტკიცებულებების ძალიან მაღალი მოთხოვნებია, პირებს არ უყენებენ ბრალს სექსუალური ძალადობის გამო. ეს პროცედურები, რაც საქართველოშია, ეწინააღმდეგება სტამბოლის კონვენციისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა თანახმადაც, დაუშვებელია სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი მაღალი სტანდარტები, როდესაც იძიებს სექსუალურ ძალადობას, რადგან ამგვარი სტანდარტების არსებობა მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავეების მასობრივ დაუსჯელობას იწვევს".

ამგვარი დანაშაულის დაუსჯელობის მიზეზებს თამარ დეკანოსიძე მხოლოდ კანონმდებლობასა და სამართალდამცავების დამოკიდებულებებში არ ხედავს:

"ის, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობა არის დაუსჯელი, არის რამდენიმე ძალიან კომპლექსური მიზეზის შედეგი. პირველ რიგში იმის, რომ ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა უკავშირდება სტიგმას და ეს არის სირცხვილი. ეს ეხება სექსუალურ ძალადობასაც. ხშირ შემთხვევაში ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის დადანაშაულება და არა მოძალადის, რომ, თითქოს, მან ქცევით, ჩაცმულობით ან რაიმე სხვა ფორმით გამოიწვია ძალადობა".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG