Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კრემლისტური აქტორების მთავარი ამოცანაა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დემონიზება"


15 მაისს "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ კინწურაშვილი, "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) ხელმძღვანელი. ის არის ავტორი გამოკვლევისა - "ანტიდასავლური პროპაგანდა", რომელიც ემყარება 2017 წელს ქართული საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს. შერჩეული იყო 17 მედიასაშუალება. თუმცა, დაკვირვება სცდებოდა მედიასაშუალებებს. გამოკვლევა მოიცავს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა გზავნილებსაც. დაკვირვების გარდა, გამოკვლევის ავტორები "მითების დეტექტორის" ფარგლებში ამოწმებდნენ ყალბ ინფორმაციას და 144 ასეთი ინფორმაცია გამოავლინეს, მათ შორის, ზოგიერთი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სოციალურ მედიაში გავრცელებული. თამარ კინწურაშვილი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ხედავს განზრახვას: "ერთი და იმავე ტიპის არასანდო წყაროებს ეყრდნობიან, ერთი და იმავე ტიპის ფაბრიკაცია გვხვდება ერთსა და იმავე მედიაში, ეს აჩვენებს, რომ აშკარად სახეზეა განზრახვა და არა უბრალოდ, გულუბრყვილო რწმენა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს უბრალო ადამიანს განსხვავებული იმ მოსაზრებისგან, რომელიც ჩვენ გვაქვს". საინფორმაციო სივრცეში ანტიდასავლური პროპაგანდის შესწავლა აქტუალურია რუსული ჰიბრიდული ომის კონტექსტში. თამარ კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ანტიდასავლური პროპაგანდის მაჩვენებლები გაზრდილია, თუმცა შეცვლილია სტრატეგია: "თუ 2015-16 წლებში დომინანტი თემა გზავნილებში იყო იდენტობის დაკარგვის საფრთხე: ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და დაემატა უფრო ძლიერად ასიმილაციის საფრთხე, რადგან მიგრანტების თემა უფრო გააქტუალურდა, რაც უკავშირდებოდა "ქართული მარშის" გამოჩენას ავანსცენაზე, 2017 წელს წინა პლანზე წამოვიდა საგარეოპოლიტიკური საკითხები და გაძლიერდა ანტიამერიკული, ნატოსა და ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობები და კომენტარები. იდენტობის ამ წელს დაკარგვის თემამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG