Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ ქვეყანაში ხომ ჩემი ერთი წლით ციხეში ჩასმაზე მეტი ბავშვის ან დიდის სიცოცხლეა და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ხალხმა ჩემთვის ეს გაიმეტა"


თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი
თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

“ჩემთვის ეს ორი წელიწადი იყო ბევრი შიშის, ცუდის მოლოდინის დღეები და წამები. სულ მარტო დავდიოდი სასამართლო პროცესზე“, - ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში იხსენებს მდგომარეობას მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო მიმდინარე სასამართლო პროცესის პირობებში:

„ზოგჯერ მანქანით როცა გავდიოდი მთელ ამ გზას, შეიძლებოდა, არც ერთი მანქანა არ შეგხვედროდა და მგზავრი არ შეგხვედროდა. თავისუფლად შეიძლებოდა რაღაც პროვოკაციას გადავყროდი ამ ორი წლის მანძილზე თვითონ ქალაქშიც. თუმცა, მეგობრების, გულშემატკივრების და იქაური მხარდამჭერების წყალობით, ეს ორი წელი ცოტა მშვიდად გავიარე. ცხინვალიდან მოუწერიათ ან დაურეკიათ მოსალოდნელ საფრთხეზე ან უსიამოვნებაზე - ორი დღე არ გახვიდე გარეთ, თავი შეიკავე, ან იქით არ წახვიდე, ან ამას ყურადღება არ მიაქციო.

პირველი, რასაც გავაკეთებ, როცა ფიზიკურად მომეცემა გადაადგილების საშუალება, მინდა აუცილებლად ჯანმრთელობა გამოვიკვლიო, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა მაკლდა ფსიქიკურ აშლილობას“.

თამარ მეარაყიშვილი მადლიერია მოსამართლის - ფატიმა პარასტაევასი, რომელმაც მისი უდანაშაულობა დაადასტურა და ეს იმ ფონზე, როცა თამარს რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა:

„ძალიან მამაცი ქალბატონია. სიმამაცესთან ერთად, ამ პირობებში ვიტყვი, რაც თვალში საცემია - არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი და სამართლიანი მოსამართლე. მასთან 5 წლის წინაც მქონდა ურთიერთობა. სამწუხაროდ, მაშინ წავაგეთ, თუმცა, მაშინ სხვა გადაწყვეტილების მიღება მას არ შეეძლო. ჩემი საქმე არ არის ერთადერთი, სადაც მას ახალგორელებისთვის გამოუტანია დადებითი გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი მაქებარი ჰყავს ჩვენს რაიონში.

ჩემთვის ეს [გადაწყვტილება] მოსალოდნელი იყო, თან არ იყო. 50%/50%-ზე ვუშვებდი. პირველი, რითიც მოვიგე ამ საქმეში, ორი წლის განმავლობაში ჩემმა სიმტკიცემ და პრინციპულობამ იქონია დიდი გავლენა“.

ძნელია მოკლედ და თანმიმდევრულად აღწერო ბრალდებები, რომლებსაც თამარ მეარაყიშვილს უყენებდნენ:

„ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბრალდებები ჩემს წინააღმდეგ იყო ფორმალურად აღძრული. ჩემმა მოწინააღმდეგეებმა, ცუდისმსურველებმა, მათ, ვინც ჩემი კრიტიკით დაიღალა, რაღაც შეთხზეს ჩემზე, რომ მე ვარ ქართული, ბრიტანული და ამერიკული სპეცსამსახურების აგენტი. ისინი, თურმე თვლიდნენ, რომ თუკი მოიპოვებდნენ სასამართლოსგან სანქციას და ჩემთან შემოვიდოდნენ ჩხრეკის ორდერით, მათ შეეძლოთ ამის მტკიცებულებების აღმოჩენა.

სამწუხაროდ, არ დაუკვირდნენ რაზე აღძრავდნენ საქმეს. პროკურატურის არგუმენტები ძირითადად იყო „ჩვენ ასე ვთვლით“, „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეარაყიშვილი ფიქრობდა“, „მეარაყიშვილმა იგულისხმა“. სასამართლოში კი, „იგულისხმა“ და „ფიქრობდა“ არ არის მტკიცებულება, თუნდაც - სამხრეთ ოსეთში“.

თამარს ბრალად დასდეს პოლიტიკური პარტიის მიმართ ცილისწამება და ფალსიფიცირებული პასპორტის ქონა, რაც მოგვიანებით შეიცვალა და ედავებოდნენ, რომ პასპორტის ასაღებად მისი განცხადება იყო ფალსიფიცირებული

„მე პასპორტი მილიციიდან მივიღე, საპასპორტო მაგიდიდან და გამოდიოდა მათ წინააღმდეგაც აყენებდნენ ბრალდებებს. ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ მქონდა ისეთი პასპორტი, რომლის ნამდვილობაშიც ეჭვს ვერ შეიტანდი.

შემდეგ მივიდნენ იქამდე, რომ ჩემი განცხადება პასპორტის აღების თხოვნის, იყო ფალსიფიცირებული, რაზეც გუშინ მოსამართლემაც თქვა, რომ კერძო პირის განცხადება ვერ ჩაითვლება ფალსიფიცირებულად.

ცილისწამებას რაც შეეხება, რუსეთშიც კი ძალიან იშვიათად სდებენ ბრალს ფიზიკურ პირს პარტიის მიმართ ცილისწამებაში. ბევრი მტკიცებულება სჭირდება“.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი მადლიერია ადამიანების, ვინც მას მხარში ედგა, აგრეთვე ადვოკატის:

„დამეხმარა ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადვოკატი მიცავდა, რომელსაც აქვს ლიცენზია აქაურ სასამართლოებში მუშაობის. სულ რამდენიმე ადამიანს აქვს.

საკმაოდ ძვირადღირებულია, კვალიფიკაციიდან გამოომდინარე და სასამართლო და საადვოკატო საქმეებში 60 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ხშირად იყო, იღლებოდა ხალხი. ეს ფული „ფეისბუკზეა“ შეგროვებული, ასე ვრცელდებოდა ინფორმაცია და სრულიად უცხო ადამიანები მეხმარებოდნენ.

ამ ქვეყანაში ხომ ჩემი ერთი წლით ციხეში ჩასმაზე მეტი ბავშვის ან დიდის სიცოცხლეა და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ხალხმა ჩემთვის ეს გაიმეტა. თან იქვე წერდნენ, რომ მანდ ამას არ აქვს აზრი, მარგამ მაინც მეხმარებოდნენ. ამხელა ნდობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის“.

„დილის საუბრებში“ თამარ მეარაყიშვილი გულახდილად ყვება როგორ ცდილობდა ოჯახისა და ახლობლების დახმარებით რთულ შინაგან მდგომარეობასთან გამკლავებას:

„ისეთი ხალისიანი განწყობა არ მქონია მე, როგორც „ფეისბუკზე“ ვწერდი: რომ კულინარიაც მაინტერესებდა, ხელსაქმეც, მცენარეები ან კატები. ასე არ ყოფილა. ხშირად ერთი კვირა ვწოლილვარ ლოგინში და ავმდგარვარ იმისთვის, რომ ფოტო დამედო და მერე ისევ დავწოლილვარ, რომ უბრალოდ მეჩვენებინა - სიცოცხლე გრძელდება და ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმშია ჩემთვის. ჩემი ოჯახი... ხშირად ყოველდღე ლოგინიდან ვდგებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემი მოდიოდა, ან მე უნდა წავსულიყავი მასთან“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG