Accessibility links

site logo site logo

თელავის ჭადარი სიცოცხლის გახანგრძლივების მოლოდინშია


თელავში 900-წლოვანი ჭადრის გადასარჩენად სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. პირველ ეტაპზე გამოკვლევებს ატარებენ. იგეგმება ხის სკანირებაც. პროცესში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ადგილობრივი მერია მზად არის ერთ-ერთი უძველესი ქართული ხის შესანარჩუნებლად ფინანსები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს. სამოქალაქო აქტივისტები ხისთვის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

"ეს ხე ამ პატარა ქალაქისთვის, შეიძლება ითქვას, რომ სავიზიტო ბარათია“, - ამბობს გურამ ურჩუხიშვილი, თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი. ქალაქის სავიზიტო ბარათს ის მრავალსაუკუნოვან ცნობილ ჭადარს უწოდებს, რომელმაც ნაწილობრივ ხმობა ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო. ურჩუხიშვილის თქმით, თელავში ჩასული ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობა ქალაქს ჭადრის უნახავად, ფაქტობრივად, არ ტოვებს.

"ჩვენთან, მუზეუმში, მოსული დამთვალიერებლების 80 პროცენტი გვეკითხება, თუ სად არის დიდი ხე. შემდე მიდიან მის სანახავად. სამწუხაროდ, იცით, რომ ჭადრის ხე დაავადდა. ყველა ყველაფერს უნდა ეცადოს, რომ ჩვენი ჭადარი გადავარჩინოთ!"

გადმოცემის მიხედვით, თელავის ჭადრის ხეს 900-წლიანი ისტორია აქვს და ისტორიულ უბანში, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დგას. რამდენიმე წელია, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ჭადრის გადარჩენის პროცესშია ჩართული თელავთან დამეგობრებული გერმანული ქალაქის, ბიბერახის, ადგილობრივი ხელისუფლება. მათი სპეციალისტები გასულ წლებში თელავში არაერთხელ ჩავიდნენ და გარკვეული სამუშაოებიც ჩაატარეს, რაც ხის მდგომარეობის შესწავლას და გარკვეულ შეწამვლით სამუშაოებს ითვალისწინებდა, თუმცა, ერთ წელზე მეტია, ბიბერახიდან სპეციალისტები ვეღარ ჩამოდიან, მიზეზი კი ყველასთვის ცნობილი კორონავირუსის პანდემიაა.

იმისთვის, რომ ხეს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ, დამატებითი გამოკვლევები დაიწყეს ადგილობრივმა ბოტანიკოსებმა და ფიტოსანიტრებმა. აიღეს მერქნისა და ნიადაგის ნიმუშები. ბოტანიკოსი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამილა ნადირაძე ამბობს, რომ მრავალსაუკუნოვანი ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია.

"დავიწყეთ კვლევა. ავიღეთ მასალა, რომელიც ლაბორატორიაში გაიგზავნა. მას მერე, რაც კვლევის შედეგებს მივიღებთ, დავუკავშირდებით იმ გერმანელ სპეციალისტებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გვყავდნენ ჩამოყვანილი. მათთან ერთად შევიმუშავებთ ღონისძიებებს, რა უნდა გაკეთდეს. მერქანი ცოცხალია. ცოცხალი რომ არ იყოს, ფოთლებს არ გამოიტანდა. ვეცდებით, რომ ჭადარს გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე".

თელავის ჭადრისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესში ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობაც. თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ქსოვრელიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევების გარდა დაგეგმილია მთლიანი ჭადრის სკანირება. ის ასევე გვეუბნება, რომ მერია საჭირო თანხების მობილიზებას შეძლებს.

"როგორც ადამიანს უკეთებენ ტომოგრამას და ყველაფერი ჩანს, ხესაც უნდა ჩაუტარდეს სკანირება. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი გერმანელი პარტნიორები. ეს მოხდება ძალიან მალე. სკანირების შემდეგ გახდება ცნობილი, ზუსტად რა სჭირდება ჭადარს. დაგვიწერენ რეკომენდაციებს. ჩვენ ამ ყველაფერს ბიუჯეტში გავითვალისწინებთ. ყველა ღონისძიებას გავატარებთ, რომ ეს ხე გადავარჩინოთ".

სამოქალაქო აქტივისტმა ტიტე ტყემალაძემ, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან არის და თელავში გაიზარდა, ახლახან სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაიწყო კამპანია "გადაარჩინე ჭადარი". ტიტე მზად არის, თუ საჭირო გახდა, თანხაც შეაგროვოს და სპეციალისტებს ფინანსურად დაეხმაროს. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტის სურვილია, ჭადარს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ის აპირებს, რომ უახლოეს მომავალში ბიუროკრატიული პროცედურების დასაწყებად თელავის მერიას მიმართოს.

"900 წლის არის და ხეა. მეტი რა ქნას იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს? ამის შემდეგ ყველას ეცოდინება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას უნდა მოვუაროთ! ოდესმე ეს ხე მაინც გახმება და მოგვიწევს მისი მონუმენტად ქვეცა, ხომ არ გადავაგდებთ? ამისთვის მას სჭირდება ეს სტატუსი".

ცხრა საუკუნის ჭადრის ხის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე კახეთში 2015 წლიდან მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ჭადარს 2018 წელს დამატებითი დაზიანებები იმ დროს მიაყენეს, როდესაც ადგილობრივი სპეციალისტები მუშაობდნენ. მაშინ ხის გასუფთავებისთვის თოხი გამოიყენეს. ცნობილი ჭადრის ხის გარშემოწერილობა 12, სიმაღლე კი 40 მეტრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG