Accessibility links

თელავს ახალი ავტობუსები გადაეცა. ჯერ არ არსებობს სამსახური, რომელიც ტრანსპორტის მართვას შეძლებს


„დღეს ახდა თელაველების ოცნება და აღდგა სამოქალაქო ტრანსპორტის მომსახურება“, - ეს განცხადება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა, იმ დროს, როცა თელავისთვის განკუთვნილი 5 ახალი ავტობუსი ქალაქში ჩაიყვანეს.

შიოშვილის სიტყვები, რომ თელავში სამოქალაქო ტრანსპორტის მომსახურება აღდგა, ნაადრევი აღმოჩნდა. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. უფრო მეტიც, მერიას ამ დრომდე არ შეუქმნია სამსახური, რომელიც ტრანსპორტის მუშაობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, არ შეურჩევიათ ავტობუსის მძღოლები, არ არსებობს სავარაუდო მარშრუტი და მოძრაობის განრიგი. თელავის საკრებულოს არც ფასი დაუდგენია მგზავრებისთვის. 28 ოქტომბრის შემდეგ ავტობუსები თელავის თეატრის შენობის წინ არის გაჩერებული.

თელავის მერმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ გადაწყვეტილი იყო და 2020 წელს თელავისთვის ახალ ავტობუსებს შეიძენდნენ. შესაბამისად, ჩვენ თელავის მერისგან გვსურდა მოგვესმინა პასუხი შეკითხვაზე, თუკი გადაწყვეტილი იყო, რატომ არ მოემზადა მერია ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ახალი ავტობუსების მიღებისთანავე საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუშაობა დაეწყო? მერიაში გადაწყვიტეს, რომ ამ თემაზე კომენტარი უნდა გაეკეთებინა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, დავით ქსოვრელიშვილს.

ქსოვრელიშვილმა კი გვითხრა: „მე ჩვეულებრივი თანამშრომელი ვარ და არ მაქვს კომპეტენცია ამ შეკითხვაზე გიპასუხოთ. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ეს უნდა დაადგინოს საკრებულომ სპეციალური განკარგულებით“.

მიუხედავად იმისა, რომ თელავში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდნენ, რომ ქალაქი ახალ ავტობუსებს ყიდულობდა და მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა დაეწყო მუშაობა, თელავის საკრებულოს ამ დრომდე არ აქვს დადგენილი მგზავრობის საფასური, შეღავათები შესაბამისი პირებისთვის და არ მოუმზადებია სხვა საჭირო ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისთვის აუცილებელია. თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ, რადიო თავისუფლებას განუმარტა, თუ როგორ და რა პროცედურების გავლით წყდება მსგავსი საკითხები. მისი კომენტარიდან ირკვევა, რომ თელავის საკრებულოს წინ შრომატევადი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი იმისათვის, რომ თელავს „ოცნება აუხდეს“ და ქალაქში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმუშაოს.

„ერთი შეხედვით იოლია იმის თქმა, რომ ავტობუსები ჩამოსულია, დგას და არ დადის. პირველ რიგში, შესამუშავებელი და დასამტკიცებელია მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულირების გეგმა. გარდა ამისა, დასამტკიცებელი გვაქვს ქალაქის განაშენიანების გეგმა და ამის გაკეთება იგეგმება უახლოეს მომავალში. ამას მოჰყვება უკვე ტრანსპორტის რეგულირების გეგმაც“, - განაცხადა თელავის საკრებულოს თვამჯდომარემ და შეკითხვის პასუხად თქვა, რომ „საზოგადოებრივი ტრანსპოპრტის ამუშავებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება“.

მართალია, თელავის მერიასა და საკრებულოში ზუსტი დრო არ იციან, როდის დაიწყებს ქალაქში მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ დანამდვილებით ამბობენ, რომ სულ ცოტა ხანში დასრულდება დეპოს მშენებლობა და თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსები ახალ დეპოში გადაინაცვლებს მანამდე, ვიდრე თელავის მერია და საკრებულო მძღოლებს შეარჩევენ, მარშრუტს და საფასურს დაადგენენ.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე ლაპარაკობს ოპოზიცია. „ლეიბორისტული პარტიის“ რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელ ნიკ ვარდოშვილის თქმით, ავტობუსების თელავში ჩაყვანა იყო მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.

„ეს იყო წინასაარჩევნო დაპირება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მუნიციპალიტეტის მხრიდან. უკვე ორი-სამი კვირაა ავტობუსები დგას თელავის თეატრის წინ. თავიდან მეგონა, რომ ჩვენი დასი გასტროლებზე მიდიოდა უცხო ქვეყანაში და თურმე ეს ყოფილა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც არც მარშრუტი აქვს და არც გასაჩერებელი ადგილი“.

თელავს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლოს 2008-2010 წლებში ემსახურებოდა. ქალაქის ქუჩებში წინასწარ გაწერილი გრაფიკით სულ სამი ავტობუსი მოძრაობდა, მაგრამ ტრანსპორტი მწყობრიდან გამოვიდა. ასეთ მდგომარეობაში ავტოსადგომზე გააჩერეს, რომელიც შემდეგ გაიძარცვა და ნაწილ-ნაწილ დაიშალა. მას შემდეგ ქალაქის მოსახლეობა პერიოდულად ტრანსპორტის აღდგენას ითხოვდა. თელავისა და კიდევ რამდენიმე ქალაქისთვის ახალ ავტობუსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ყიდულობს. პროგრამა ორწლიანია და, ჯამში, 175 ავტობუსი უნდა შეიძინონ. პროექტის ღირებულება 17 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ეს არის სესხი და უნდა გადაიხადონ თავად მუნიციპალიტეტებმა. მიმდინარე წლის ბოლომდე თელავს კიდევ 5 ავტობუსი გადაეცემა და, ჯამში, 10 გახდება, თუმცა ზუსტი დრო არავინ იცის, როდის გაივლის ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG