Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ აბულაძის ადამიანურობა


რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმი „სხვისი შვილები“. 1958 წელი.
რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმი „სხვისი შვილები“. 1958 წელი.

„სხვისი შვილები“ (სსრკ, 1958, რეჟისორი თენგიზ აბულაძე)

31 იანვარს კინოს სამყარო თენგიზ აბულაძის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავს. ეს იუბილე უცნაურად დაემთხვა სკანდალს, რომელიც სამების ტაძარში „მატრონას ხატის“ განთავსებამ გამოიწვია. ასევე დაემთხვა სტალინიზმის აღორძინების ცდებს მეზობელ რუსეთში, სადაც თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ „პერესტროიკის“ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. „მონანიება“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე დაუკავშირეს „ვედრებას“ და „ნატვრის ხეს“... მეტიც, ხშირად ეს სამი ფილმი ტრილოგიის ნაწილად განიხილებოდა - „ტოტალიტარიზმის ტრილოგიის“, როგორც აღნიშნავდნენ ხოლმე გასული საუკუნის 80-იან წლებში. „ვედრებაც“, „ნატვრის ხეც“ და „მონანიებაც“ ზუსტად მოერგო დროს, ძალადობრივი სისტემის გადააზრების ხანას. თუმცა ტრილოგიის პოპულარობამ, ცოტა არ იყოს, დაჩრდილა თენგიზ აბულაძის ადრინდელი შემოქმედება და, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ფილმი „სხვისი შვილები“.

„სხვის შვილებს“ წინ უძღოდა „მაგდანას ლურჯა“, ფილმი, რომელიც თენგიზ აბულაძემ თავის მეგობართან, რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის ეს ეკრანიზაცია ქართული კინოს „ახალი ტალღის“ დასაწყისად ითვლება. 50-იანი წლების ბოლოს ჩვენში პირველად ნახეს იტალიელი ნეორეალისტების ფილმები. თუმცა საბჭოთა კავშირში, ვფიქრობ, ამ კინოს არავისზე მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ქართველებზე. ვიტორიო დე სიკასა და პიეტრო ჯერმისთან პირდაპირი კავშირი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა „სხვის შვილებში“. რეჟისორი რუსი კრიტიკოსების წინაშე თავს იმართლებდა, ამ ანალოგიას იტალიური და ქართული „ფაქტურების“ მსგავსებით ხსნიდა.

საქართველოში აბულაძის დებიუტის მიმართ განსხვავებული პრეტენზია ჰქონდათ. მუდმივად იხსენებდნენ, რომ ფილმს საფუძვლად დაედო რუსულ-საბჭოთა გაზეთის „კომსომოლსკაია პრავდას“ რეპორტაჟი ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვა და მამისგან მიტოვებული ბავშვები იშვილა. ის ხალხი, ვინც „მონანიებაში“ საბჭოთა კავშირის დაშლის წინასწარმეტყველებას ხედავდა, „სხვის შვილებს“ ხშირად განიხილავდა, როგორც „კომუნისტური იდეის პროპაგანდას“.

„კომუნიზმი განუხორციელებელი ოცნებაა. როგორ შეიძლება, დედას სხვისი შვილი ისევე უყვარდეს, როგორც საკუთარი? ეს იდეა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას“. მე პირადად არაერთხელ გამიგია მემარცხენეების კრიტიკა „ადამიანის ბუნების“ კონტექსტში. ამიტომ დიდად არ მიკვირს, რომ „მონანიების“ თაყვანისმცემლებსაც კი, 80-იანი წლების ბოლოს, როცა კომუნისტური სისტემა ინგრეოდა, „სხვისი შვილების“ გახსენება დიდად არც უნდოდათ. არადა, გთხოვთ, ხელმეორედ ნახეთ ეს ფილმი დღეს, როცა საზოგადოებაში არა მარტო სტალინიზმის შესახებ მსჯელობენ, არამედ სულ უფრო აქტუალური ხდება სოლიდარობის, თანაგრძნობის, ემპათიის დეფიციტის პრობლემა, როცა ჯერ კიდევ იგრძნობა იმათი გავლენა, ვინც „სოციალ-დარვინიზმის“ იდეებით საზრდოობს და ძლიერის, წარმატებულის, მდიდრის მიერ სუსტის, გამოუცდელის, ღარიბის, გაუნათლებლის ჩაგვრას „ადამიანის ბუნებით“ ხსნის. ასეთ გარემოში „სხვისი შვილები“ ერთგვარ გამოწვევად აღიქმება. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, აბულაძე გვახსენებს, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ადამიანები ვართ.

არაა სწორი ამ ფილმის გაიგივება არც საბჭოთა პროპაგანდისტულ კინოსთან და იმდროინდელი სოცრეალიზმის ნიმუშებთან. უფრო პირიქით, თენგიზ აბულაძე ყველგან (არა მარტო „მონანიებაში“), თავის ყველა ფილმში, მათ შორის „სხვის შვილებშიც“, რადიკალურად უპირისპირდება სტალინური კინოს ესთეტიკას. მარტო ის რად ღირს, რომ დათას როლზე აბულაძე ამტკიცებს ოთარ კობერიძეს, რომელიც „ბაში-აჩუკის“ შემდეგ ქართული კინოს ვარსკვლავად იქცა. მაგრამ „სხვის შვილებში“ ქართველი მაყურებლის საყვარელი რაინდი გადაიქცა მამად, რომელმაც ორი მცირეწლოვანი შვილი უცხო ქალს დაუტოვა... სად გაგონილა ეს საბჭოთა კინოში? თუკი გმირი მუშაა (როგორც დათა), იგი აუცილებლად მორალური და სპეტაკი უნდა იყოს - სახლშიც და ქარხანაშიც. მაგრამ „სხვის შვილებში“ ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, ცოცხალი (როგორც იმ ეპოქის მთავარ ფილმში, მიხეილ კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროებში“), რომ ადამიანური სისუსტე ამორალურობად და, მით უმეტეს, კრიმინალად, არავის აღუქვია.

„წეროები“ შემთხვევით არ გამახსენდა. ლევან პაატაშვილი ჰყვებოდა, რომ იმხანად ჩვენში ყველა ოპერატორი ცდილობდა კალატოზიშვილის ფილმის თანაავტორისთვის, სერგეი ურუსევსკისთვის მიებაძა. „სხვისი შვილები“ წარმოუდგენლად ლამაზი ფილმია. მძაფრმა კონფლიქტმა, ძლიერმა ემოციებმა აქ უბრალოდ მოითხოვა არა რბილი გამოსახულება, არამედ მკვეთრი კონტრასტები, მზის ძლიერი ნაკადი და ღრმა ჩრდილები ერთდროულად. ლევან პაატაშვილის გრაფიკულ კადრებში სურათოვნება უჩვეულოდ უკავშირდება მუდმივ დაძაბულობას. ვფიქრობ, თბილისი ასე არავის გადაუღია ქართულ კინოში - კამერული, მყუდრო და, ამავდროულად, უსაზღვრო, ღია, სინათლით და ჰაერით სავსე თბილისი. პორტრეტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პატარა ნანი ჩიქვინიძის და მიხო ბორაშვილის სახეებზე და, რა თქმა უნდა, ციცინო ციციშვილზე, რომელმაც სილამაზის ახალი ეტალონიც კი დაამკვიდრა იმდროინდელ ქართულ კინოში. არჩილ კერესელიძის მუსიკამ კი ყველა ეს სახე ისე შეკრა, რომ ხანდახან „სხვისი შვილები“ თბილისზე გადაღებულ მუსიკალურ კლიპსაც ჰგავს. იშვიათია კომპოზიტორი, რომელსაც ასე კარგად ესმის კინოდრამატურგია და ასე ეფექტურად შეუძლია გამოხატოს ატმოსფერო. მუსიკა ეხმარება მსახიობებს, გადალახონ ყველანაირი სქემატურობა და კიდევ უფრო მეტად გააცოცხლონ თავიანთი გმირები.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც „მონანიება“ გადაიღეს“, - დასავლეთში ხშირად წერდნენ ასე აბულაძის ცხოვრების მთავარი ფილმის პრემიერის შემდეგ კანის ფესტივალზე. გამიხარდება, თუკი შესაძლებელი გახდება „სხვისი შვილების“ რესტავრაცია, ხმის გასუფთავება და აღდგენილი ვერსიის ჩვენება იმავე კანში, სადაც რესტავრირებული ფილმებისთვის სპეციალური პროგრამა არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ პრემიერის შემდეგ ბევრი იტყვის: „თბილისი არის ქალაქი, სადაც „სხვისი შვილებია“ გადაღებული“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG