Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის მთავარი ამოცანა ტერიტორიის შემოსაზღვრა კი არა, სულისკვეთების გატეხაა. სულისკვეთებამ აღადგინა გერმანია და დაანგრია ბერლინის კედელი"


თენგიზ ფხალაძე, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი
თენგიზ ფხალაძე, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი

21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ გამოსვლის შესახებ: „ხვალიდან ექვს თვეში აშშ აღარ იქნება ხელშეკრულების მხარე. თუმცა, ჩვენ შეიძლება გადავხედოთ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას, თუკი რუსეთი დაუბრუნდება ხელშეკრულების სრულად განხორციელებას“.

მაიკ პომპეოს ამავე განცხადებაში რუსეთის მიერ „ღია ცის ხელშეკრულების“ დარღვევების ჩამონათვალში ვკითხულობთ:

„რუსეთი უარს აცხადებს დაუშვას სადამკვირვებლო ფრენები მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარედ ათკილომეტრიან დერეფანში, რითაც ცდილობს გაამყაროს მისივე ყალბი განცხადებები, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. რუსეთის მიერ თვითმფრინავების საწვავით შევსებისთვის ყირიმში, უკრაინაში მდებარე საჰაერო ბაზის გამოყენება ასევე წარმოადგენს მცდელობას - განამტკიცოს თავისი განაცხადი ნახევარკუნძულის სავარაუდო ანექსიის შესახებ, რასაც შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასდროს აღიარებს. რუსეთმა აგრეთვე უკანონო შეზღუდვა დააწესა კალინინგრადის თავზე ფრენის მანძილზე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს ანკლავი იქცა მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურის ადგილად, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, განთავსებულია ნატოსკენ მიმართული მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტები. 2019 წელს რუსეთმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა აშშ-ისა და კანადის ერთობლივ სადამკვირვებლო ფრენაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ადგილის თავზე“.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის გასვლა „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ აქტუალურია საქართველოსთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა მაიკ პომპეოს განცხადებაში იყო ნახსენები:

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ტოვებს ამ ხელშეკრულებას, არის ის, რომ რუსეთი ბოროტად იყენებს ამ კონტექსტშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. გარდა ამისა, ეს ხელშეკრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, როგორც ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილისათვის.

ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურაზე და უნდა ვთქვათ, რომ ევროპული უსაფრთხოება დგას რამდენიმე ძირეულ კომპონენტზე, და მათ შორის გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: შეთანხმება ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ (მის ადაპტირებულ ვერსიას 1999 წელს მოეწერა ხელი სტამბოლში, რომლითაც რუსეთს უნდა გაეყვანა ჯარები საქართველოდან და მოლდოვიდან), მეორე ეს არის ვენის დოკუმენტი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ იყო მიღებული და გამიზნულია მხარეთა შორის ნდობის ამაღლებისთვის - საჭიროების შემთხვევაში, ამა თუ იმ მხარეს ეძლევა საშუალება, კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელოს ინსპექტირება, ასევე განსაზღვრავს კვოტებს, რა რაოდენობის ტექნიკა, სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება ჰყავდეს, რაზეც არაერთხელ აპელირებს უკრაინა და აქტუალურია ჩვენთვის; მესამე გახლავთ სწორედ "ღია ცის შესახებ ხელშეკრულება"“.

თენგიზ ფხალაძის განმარტებით, „ღია ცის ხელშეკრულებაში“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ მის ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ ერთმანეთის მოსაზღვრე საჰაერო სივრცეების კონტროლი, არამედ მათ შეუძლიათ მოითხოვონ ზოგადად საჰაერო სივრცეში მონიტორინგის განხორციელება:

„აქ არის ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დათქმა, რომ მათ შორის ეს შეიძლება ეხებოდეს მესამე სახელმწიფოსთან მდებარე საჰაერო სივრცეს, რომელიც არ არის ამ შეთანხმების ხელმომწერი და თუ მესამე სახელმწიფო არ არის ხელმომწერი, აქ წესდება სწორედ ის ათკილომეტრიანი შეზღუდვა, რომ ათ კილომეტრზე ახლოს მესამე სახელმწიფოსთან არ უნდა მიხვიდე.

ეს ათკილომეტრიანი მონაკვეთის თემა რუსეთმა სცადა გამოეყენებინა, როგორც ირიბი აღიარების თემა, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის საკითხზე.

რუსეთს ჰქონდა განცდა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი რუსეთში ფრენების განხორციელების მიმართ იქნებოდა იმდენად დიდი, რომ ისინი ზეწოლას მოახდენდნენ საქართველოზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ხელშეკრულების რუსეთის ნაწილი. ვამბობთ, რომ რუსეთს არ მივცემთ საშუალებას აქ მონაწილეობის, მაგრამ ჩვენც არ მოვითხოვთ რუსეთის ტერიტორიაზე ფრენებს.

2016 წელს რუსეთმა ისევ მოითხოვა სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამის უფლება მას არ მიეცა“.

თენგიზ ფხალაძე „დილის საუბრებში“ იხსენებს „ღია ცის ხელშეკრულების“ ფარგლებში 2017 წელს რუსეთის მიერ ვაშინგტონის თავზე განხორციელებულ ფრენას, როცა რუსეთის შეუიარაღებელი თვითმფრინავი გამოჩნდა არეალში, სადაც ზოგადად ფრენა დაშვებული არ არის.

დღეს აშშ-მა მიიღო ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება:

„რეალურად ამის უკან იმალება კიდევ სხვა რაღაც, რაც ასევე არის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში - ეს არის რუსეთის განახლებული სამხედრო დოქტრინა, რომელიც არის საკმაოდ აგრესიული და განსაკუთრებით აგრესიულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ, რუსეთის მეზობლების მიმართ. აი, ამ კონტექსტში არსებულ ტაქტიკური გადაადგილებების შენიღბვას ცდილობს რუსეთი იმით, რომ ამ ტიპის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს არიდებს თავს“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ადასტურებს, რომ „ღია ცის ხელშეკრულების“ ფარგლებში ვითარება არის გამწვავებული და სწორედ ამის პრევენციაზე ზრუნავენ საქართველოს ნატოელი პარტნიორები:

„ამაზე ლაპარაკობდა ნატოს გენერალური მდივანიც, რომ კიდევ ეცდებიან რუსეთთან ამ თემაზე საუბარს. დამერწმუნეთ, აშშ არ იქნება ამ ხელშეკრულებიდან გასული ბოლო სახელმწიფო და მას აუცილებლად მიჰყვებიან ალიანსის წევრი სხვა ქვეყნები. ვფიქრობ, ეს არასასურველი უნდა იყოს რუსეთისთვის, მაგრამ ფაქტი ერთია - არ შეიძლება ხელშეკრულება სრულდებოდეს ცალმხრივად.

თუ ეს მოლაპარაკებები რუსეთთან წარუმატებლად დასრულდა და მგონია, რომ ასე იქნება, ცხადია, ვითარება დაიძაბება და ეს უარყოფითად იმოქმედებს თავად რუსეთზე, გამოიწვევს სანქციების გაძლიერებას, უფრო მტკივნეული სანქციების შემოღებას.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის ნამდვილად ცუდია ვითარების გაუარესება, მაგრამ ეს არის გზა, რომელიც აირჩია რუსეთის ხელისუფლებამ.

როცა დაახლოებით 15 წლის წინ ამ თემებზე ვლაპარაკობდით, მაშინ არ იყო ეს აღქმა პარტნიორების მხრიდან, რადგან ისინი ვერც კი უშვებდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს: არ შეასრულოს ხელშეკრულება, შეიჭრას მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე, მოახდინოს ანქესია და ა.შ.. დღეს კი ამაზე ღიად ლაპარაკობენ ჩვენი პარტნიორები. აშშ, ნატოს გენმდივანი, როცა გამოსავალზე ფიქრობენ, მოიაზრება საქართველოს პრობლემაც და განიხილება სწორედ ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში, რომლის ნაწილად ყოფნაც ჩვენ გვინდა და ცდილობენ მოინახოს ის დაცვის მექანიზმები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოსაც დაიცავს“.

ერთ-ერთ მსმენელის შეკითხვას, რომელიც ანაკლიასთან რუსეთის ინტერესსა და შესაძლო აგრესიას შეეხებოდა, თენგიზ ფხალაძემ უპასუხა:

„თუკი წავალთ ლოგიკით - რამე არ ეწყინოს რუსეთს, საერთოდ უნდა გავაჩეროთ საქართველო როგორც სახელმწიფო, რადგან რუსეთს ზოგადად არ მოსწონს ამ სახელმწიფოს არსებობა. ამ ლოგიკით რომ წავსულიყავით, არც 1999 წლის სტამბოლის შეთანხმებები არ იქნებოდა, არც ბაქო-ჯეიჰანი იქნებოდა.

გაგახსენებთ, რომ მაშინ, როცა ლაპარაკი იყო სტამბოლში 1999 წლის შეთანხმებებზე, რამაც მწვანე შუქი აუნთო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, ბაქო-თბილისი-ერზრუმს, რასაც მერე მოჰყვა სხვა პროექტები, ეუთოს სამიტის წინა ღამეს რუსეთმა დაბომბა შატილი და ოფიციალურად გაგვაფრთხილა - ამას მოჰყვება დიდი ომი, არც კი გაბედოთ ეუთოს სამიტზე ამ თემების წამოწევაო, მაგრამ საქართველომ არა მხოლოდ გაბედა, არამედ, იმდენად სწორად ჰქონდა ეს პოლიტიკა დალაგებული, რომ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა სწორედ აშშ-სი, საფრანგეთის, გერმანიის და ეუთოს 60-მდე სახელმწიფოს მეთაურის.

ის, რომ საქართველო იყოს დაცული, ამას ანაკლიის პორტის ან რომელიმე დიდი პროექტის შეჩერება კი არ სჭირდება, არამედ პირიქით - გააქტიურება და ჩვენი პარტნიორების მოზიდვა და კონსოლიდირებული ძალისხმევა იმისათვის, რომ რუსეთმა იცოდეს: საქართველოს მიმართ ნებისმიერი არასამართლიანი ქმედებისთვის იმხელა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რომლის გადახდაც მას არ უღირს“.

თენგიზ ფხალაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ფაინენშელ ტაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარს კოვიდისა და ეკრონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთიდან აგრესიის ალბათობის ზრდის შესახებ. კერძოდ, „ფაინენშელ ტაიმსს“ მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის ციტატა:

„პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა... და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს, იყოს უფრო აგრესიული, რათა აჩვენოს მიღწევები გარეთ“.

თენგიზ ფხალაძე ამგვარ განცხადებას ადეკვატურად აფასებს:

„რუსეთმა ნათლად დააფიქსირა, რომ მას დასავლეთთან პარტნიორობის სურვილი არ აქვს. შესაბამისად, ეს აუარესებს უსაფრთხოების გარემოს რეგიონში. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ამ კონტექსტში არის აბსოლუტურად დროული და ადეკვატური. არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ის რეჟიმი, რომელიც მართავს დღეს რუსეთს, ყოველთვის ეძებს გარე მტერს მარტივი მიზეზის გამო - მას არ შეუძლია განავითაროს სახელმწიფო. რუსეთი ვითარდებოდა, როცა ნავთობის ფასი იყო მაღალი. თუმცა, რუსეთი, როგორც სახელმწიფო, არ შეცვლილა.

რეჟიმის შესანარჩუნებლად კარგია გარე მტერი გარე საფრთხის შესანარჩუნებლად: რომ ვიღაცებს აქვთ სურვილი რუსეთი დაშალონ, გაანადგურონ. ეს თემა ყოველთვის გამოიყენება ხოლმე მაკონსოლიდირებელ ფაქტორად რუსულ საზოგადოებაში. რატომ არის ეს საშიში? რუსეთს დღეს ნამდვილად არ აქვს იმის ძალა, რომ ღია კონფრონტაციაში შევიდეს აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან ან რომელიმე ასეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, მაგრამ ის ყოველთვის ეძებს თავისი გარე ამბიციებისთვის შედარებით სუსტ სახელმწიფოს და აქ შეიძლება საინტერესოდ ჩანდეს საქართველო.

ფანტაზია, რომელიც კრემლის სამხედრო დოქტრინას ადგენს, მისი მზაკვრობის ლიმიტი არ არსებობს. მთავარი ისაა, რომ სწორედ ამ ტიპის განცხადებებით, რომ საქართველო არ უნდა იყოს მარტო, ყოველ წამს, ყოველ წუთს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ჩვენსკენ უნდა მოვაპყროთ, რადგან ის, რაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება, ადამიანის გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო სერვისებზე წვდომის არდაშვების და ბორდერიზაციის მიმართ შემგუებლობა არ უნდა გაჩნდეს.

რუსეთის ინტერესებში არ შედის საქართველოს როგორც სახელმწიფოს არსებობა.

ჩვენი პრობლემები დაიწყო, როცა ჯერ კიდევ არავინ ლაპარაკობდა ნატოსა და ევროკავშირზე. დაიწყო დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. ჩვენ ვიყავით დსთ-ს წევრები, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმომწერები, საბაჟო კავშირის ხელმომწერები, მაგრამ მაინც გვქონდა ტერიტორიული პრობლემები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის განცხადებები, რომ როცა მთელი მსოფლიო პანდემიაზეა გადართული, არ მოხდეს პატარა საქართველოს დასჯა“.

თენგიზ ფხალაძე ლაპარაკობს საქართველოს პარტნიორების როლზე ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდაჭერაზე:

„აშშ-დან საქართველოში შემოსული დახმარება მილიარდებს ითვლის. ამ დახმარებაში დიდი კომპონენტია სამხედრო დახმარების, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისთვის და მზადყოფნის პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ძალიან სერიოზულ მოდერნიზაციას. არის ღია წყაროებში ეს ინფორმაცია - რამდენად დიდ ინვესტიციას დებს აშშ სწორედ ქართული ჯარის მოდერნიზაციაში. თუ საუბარია სამხედრო ბაზაზე, ეს აბსოლუტურად სხვა თემა და სხვა განზომილებაა. ამაზე ლაპარაკი ჩვენგანაც არ ყოფილა. თუ დახმარებაზე ვლაპარაკობთ, წარმოუდგენელია მოინახოს სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელსაც იმ რაოდენობის დახმარება ჰქონდეს გაწეული საქართველოსთვის, რაც აშშ-ს“.

კოვიდპანდემიას არ შეუფერხებია რუსეთის მიერ წარმოებული ე.წ. ბორდერიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი ამას აკეთებს, თითქოს, არამასშტაბურად, ეპიზოდურად, მონაკვეთ-მონაკვეთ:

„გასაგებია, რატომ ხდება ბორდერიზაცია - რომ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის იმიტაცია მოხდეს, მაგრამ მეორეა - რატომ ხდება ამ ფორმით?თავისთავად ის თემა არის ძალიან საშიში, რომელიც შეიცავს კიდევ ერთ კომპონენტს - რუსეთი სულ ამბობს: ჩვენ მივყვებით რაღაც რუკას, რომ აი, საზღვრები ცხინვალის რეიგონის იყო ასეთი და არსებობს რამდენიმე რუკა, რადგან საბჭოთა პერიოდში ამ ოლქის საზღვრები იცვლებოდა. რუსეთი ამბობს, თქვენ თუ ეს რუკა არ მოგწონთ და სხვა რუკა გაქვთ, მაშინ მითხარით და აქეთ კი არ წავიყვანთ ამ ხაზს, იქით წავიყვან. როგორც კი ამ დისკუსიაში შეყვები, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ფორმით აღიარებ საზღვარს, მის ყოფნას ამ ტერიტორიაზე. ბუნებრივია, ის აგრეთვე აგრძელებს იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმებსა და კვაზისახელმწიფოებს, რომლებსაც იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, შეუქმნას სახელმწიფოებრიობის ატრიბუტიკა.

მეორე თემაა ძალიან საინტერესო და მინდა მიაქციოს ყურადღება ჩვენმა საზოგადოებამ: ბერლინის კედლის აშენებას არ დასჭირვებია იმდენი დრო, რაც ამ პატარა ტერიტორიაზე ამ მახინჯ პროცესს. ერთი მიზეზია, რაც შეიძლება მეტად გატკინოს, გაგიძლიეროს ეს ტკივილი და ყოველდღიურობაში გაგრძნობინოს, რომ ყოველდღე შეუძლია მოგაყენოს დარტყმა, შეურაცხყოფა, რომ შენ ხარ უსუსური. გააჩინოს განცდა - ჩვენ ვერავინ გვიშველის, ვერც ჩვენი ხელისუფლება, ვერც დასავლეთი შეეწინააღმდეგება მას.

მისი მთავარი ამოცანა ტერიტორიის შემოსაზღვრა კი არა, სულისკვეთების გატეხაა. სულისკვეთებაა ის, რამაც აღადგინა გერმანია და და დაანგრია ბერლინის კედელი. სწორედ ამიტომ ეშინია ამის ყველაზე მეტად რუსეთს და განსაკუთრებით ცდილობს ახალ თაობაში დათესოს ნიჰილიზმი, მიაჩვიოს იმას, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია.

როგორც კი დავუშვებთ გონებაში იმაზე ფიქრს, რომ ეს შეიძლება მართალი იყოს, მაშინ ჩვენ წაგებული ვართ. ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს შესაბამისად არა მხოლოდ შეფასებული, არამედ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი წინააღმდეგობა უნდა ხვდებოდეს. შეუგუებლობას ამის მიმართ ყველაფერში უნდა გრძნობდეს ოკუპანტი სახელმწიფო“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG