Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარია არა ის, რომ კონგრესმენებს „ინფორმირებულობის დონე“ აუმაღლონ, არამედ რეალურად დაიწყონ საქმის კეთება"


თეონა აქუბარდია, GSAC-ის თანადამფუძნებელი
თეონა აქუბარდია, GSAC-ის თანადამფუძნებელი

4 თებერვალს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში. მიმდინარე კვირაში აშშ-ის დედაქალაქში დაგეგმილია აგრეთვე პარლამენტის სპიკერის ვიზიტი.ამ ვიზიტების მიმართ დიდი ინტერესია აშშ-დან ბოლო ხანს მომდინარე გზავნილების ფონზე.

3 თებერვალს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრში“ (GSAC) ექსპერტთა ჯგუფმა მიმართა ხელისუფლებას პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამერიკელ პოლიტიკოსთა შეფასებებს. GSAC-ის თანადამფუძნებელმა, თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლების ეთერში განმარტა უსაფრთხოებისა და პოლიტიკის ექსპერტთა პოზიცია:

„ჩვენი პრესკონფერენციის მიზანი იყო, რომ ყველა იქ მდგომ ადამიანს, რომელსაც ჩვენ-ჩვენი წვლილი გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიის მშენებლობაში, კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი შიშიც და ჩვენი წუხილიც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა არ გადაიყოლოს, რომ მთავარია არა ის, რომ თურმე კონგრესმენებს „ინფორმირებულობის დონე“ აუმაღლო, არამედ რეალურად დაიწყონ საქმის კეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამთავრებს ცუდად, არამედ ეს უკუსვლის რისკს შექმნის ქვეყნისთვის.

ეს იყო მთავარი მიზანი, რომ რეალურად მოვთხოვოთ ხელისუფლებას, ადეკვატურად აღიქვას ამ წერილების შინაარსი და რაღაც სულელური, პრიმიტიული მიზეზებით არ გადაფაროს ის პრობლემები, რომლებიც რეალურად არის ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებით.

სხვათაშორის, პირველი წერილის მერე იყო, „ფალავნები“ რომ აგზავნეს პარლამენტიდან. ბატონი კობახიძე იყო და არა მარტო ის, რასაც მოჰყვა მერე უარესი წერილები. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს შეუქმნეს წარმოდგენა ან თვითონ ასე ჰგონია... ყოველ შემთხვევაში, ყველას გვაჯერებენ, რომ ეს ყველაფერი არ არის მართალი და სიცრუეში აცხოვრებენ კონგრესმენებს, რაც ძალიან სამარცხვინოა“.

თეონა აქუბარდია მმართველი პარტიის ყველაზე დიდ პრობლემად გამოწვევების არაადეკვატურად აღქმას თვლის:

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, არის ის, რომ არაადეკვატურია იმ რეალობის, რაც ქვეყანაშია შექმნილი მათ გამო. რანაირად უნდა აუხსნან ბატონმა ზალკალიანმა, ბატონმა გახარიამ ან ბატონმა თალაკვაძემ, იცით, სიცრუეში გაცხოვრებენ და ჩვენ ახლა სიმართლეს გეტყვით, ცოტა კომიკურიც არის და ტრაგიკულიც“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG