Accessibility links

"ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა. არ ვიცი, სხვას ვის უნდა დავაბრალო ის, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ქვეყანაში მოშლილია"


თეონა აქუბარდია, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხელისუფლების რბილი პოზიციის მიუხედავად, საქართველო არ შეეგუება რუსულ ოკუპაციას და რუსულ ორბიტაზე არ დაბრუნდება. ამიტომ ახლა არის ბრძოლა რუსეთისა და დასავლეთის ინტერესებს შორის და ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. შიდა დაპირისპირებებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად გატრუნული და უუნარო ამ რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით“, - ამბობს თეონა აქუბარდია, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი რადიო თავისუფლების ეთერში და თვლის, რომ რუსეთი სხვადასხვა ღიად თუ ირიბად დაფინანსებული ჯგუფებით („მაგალითად, გორჩაკოვის ფონდის ხელმძღვანელი ბატონი დიმა ლორთქიფანიძე ვნახეთ ჩვენ გუშინდელ აქციაზე“), ცდილობს საქართველოში ქაოსის შექმნას და „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს ამ ქაოსს“.

„აჭრილი ვითარება“ ქვეყანაში დიდწილად არის რუსეთის ქმედებების შედეგი, რაც ქმნის უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევას საქართველოსთვის. თეონა აქუბარდია ბოლოდროინდელი პროცესების ათვლას იწყებს არა სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლით, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებებიდან:

„მე ვერ დავიწყებდი გავრილოვით ამ ყველაფერს, არამედ დავიწყებდი პომპეოს განცხადებიდან, როცა მან თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან ერთგული მეგობრები საქართველოსი და ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. ამან გამოიწვია რეაგირება რუსეთის ოფიციალური მხრიდან, როცა თქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ-ის საქმე არ იყო და რომ ის არ დაუშვებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ყველა ღონეს იხმარს ამისთვის“.

რუსეთის ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ, რაც მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. ამასთან, გაისმის მუქარის შემცველი განცხადებები და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა რუსოფობებად შერაცხვა.

„სისულელეა რუსოფობიის ძახილი, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის რუსი ტურისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, თუმცა, რუსეთის მხრიდან ასე მიდის შეფუთვა. ახალი არაფერია, 2006-შიც გვახსოვს ეკონომიკური სანქციები, მაგრამ სახელმწიფო არ არის მზად აბსოლუტურად ასეთი ეკონომიკური ზეწოლისთვის და ვერ ვხედავ ვერანაირ გეგმას თუ რას სთავაზობს სახელმწიფო საკუთარ ხალხს.

სრულიად მოუმზადებელია ამისთვის ქვეყანა და ყველაზე მძიმე სანახავია, როცა ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაშია და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები არათუ გააუვნებელყოს, არამედ მართოს კრიზისი და დღეს ქვეყანაში რეალურად გვაქვს კრიზისი“.

8 ივლისის კონტრაქციაზე თეონა აქუბარდია ამბობს:

„სწორედ იმ პროპაგანდის შედეგია, რასაც რუსეთი 2012 წლიდან ახორციელებს საქართველოში, გუშინდელი აქციაც. ის ადამიანები, რომლებიც ტრიბუნასთან იდგნენ გუშინ და მოუწოდებდნენ მომიტინგეებს, კვირაში ერთხელ არიან რუსეთში და პირდაპირი ინტერესი აქვთ, რომ საქართველო არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, არ ჰქონდეს ის ღირებულებები, რომლებითაც საქართველო ილია ჭავჭავაძის დროიდან არის ცნობილი. შესაბამისად, ისინი მიგვათრევენ უკან“.

უსაფრთხოების ექსპერტი თვლის, რომ ხელისუფლებამ პროცესები მიუშვა:

„ერთი მხრივ ვლაპარაკობთ და გვაქვს ნატოში გაწევრიანების კურსი და ნელ-ნელა ვახორციელებთ ამ პროცესს, თუმცა, მეორე მხრივ, ანტიდასავლური განწყობებისა და რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს“.

თეონა აქუბარდიას შეფასებით, 20 ივნისს დაწყებული პროტესტი მოულოდნელი იყო მოსკოვისთვის:

„სტრატეგიული სიურპრიზი იყო რუსეთისთვის, როცა გავრილოვის ვიზიტის გამო მოსახლეობა, ახალგაზრდები დაირაზმნენ და თქვეს არა რუსულ ოკუპაციაზე, გავრილოვის სპიკერის სავარძელში ყოფნაზე. ვფიქრობ, ეს იყო მოულოდნელობა როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის.

2012 წლიდან საქართველოში ფართოდ გაეხსნა კარი იმას, რომ გაჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან და ამაზე არანაირი კანონმდებლობა და შეზღუდვა არ გვაქვს. არის რუსული არხები, რომლებიც პირდაპირ პროპაგანდას გადმოსცემენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პირდაპირი ვალდებულება კანონმდებლობით, რომ ჰქონდეს გადაცემები, რომლებიც ანტიდასავლურ ნარატივს და ანტიდასავლურ კამპანიას რუსეთის მხრიდან დაუპირისპირებს რამეს. რამე გადაცემას ხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონკრეტულად ამ მიმართულებით?

ზოგადად, მთელი ტვირთი სტრატეგიული კომუნიკაციის და ანტიდასავლური განწყობების განეიტრალების არის სამოქალაქო სექტორზე და ხელისუფლება, რომელზეც დიდი რესურსები დახარჯა დასავლეთმა იმისთვის, რომ სტრატკომის დეპარტამენტები შეექმნა და გარკვეულწილად დაეპირისპირებინათ სიმართლე რუსული სიყალბისთვის, რეალურად მოშლილია და ვერ მუშაობს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ხელისუფლებამ სამწუხაროდ მოშალა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში პოლიტიკური დონის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც დრეს რეალურად უმოქმედოა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით 2 აპრილიდან ფუნქციონირებს“.

„დილის საუბრების“ სტუმარი „ძალიან საშიშს“ უწოდებს ერთმანეთის საპირისპიროდ მიმდინარე აქციებს:

„თუ ჩვენ არ დავფიქრდით - ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ეს პროცესები ყველანაირად აწყობს რუსეთს და მას მისცემს იმის საშუალებას 2020-სთვის აქ დაამთავროს ამბავი და გაიმყაროს მდგომარეობა იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს დასავლურ ორბიტას და საბოლოოდ გახდეს რუსეთის ე.წ. ვასალი და მისი ინტერესების გავლენის სფერო“.

თეონა აქუბარდია ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს:

„რეალურად, სახელმწიფო ინსტიტუტებმა კოორდინირებულად ვერ მოიფიქრეს ის, რომ გავრილოვის საქართველოში ვიზიტი არ იქნებოდა საქართველოსთვის კარგი. როცა ვლაპარაკობთ პასუხისმგებლობაზე, ეს პასუხისმგებლობა მიდის ბიძინა ივანიშვილამდე, რადგან კობახიძე არავინ არის (ის მოვიდა არსაიდან და წავიდა არსაით). ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა.

არ ვიცი, სხვას ვის უნდა დავაბრალო ის, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ქვეყანაში მოშლილია, კოორდინაცია მოშლილია, არ არსებობს წინასწარი გაწერილი გეგმა ცალკეული კრიზისული ვითარებისთვის...

ერთია ის, რომ გამიზნულად აკეთებ ამ ყველაფერს და მეორე, როცა სისულელით აკეთებ, მაგრამ შედეგი ერთი და იგივე დგება. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებს ხელისუფლება, თუ სისულელის გამო, მაგრამ ქვეყანა არის დაუცველი და მე ხელისუფლებაში ვერ ვხედავ გეგმას ამ კრიზისზე რეაგირების ან რაიმე გამოსავალს თუნდაც, რუსეთის მიერ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების ან შიდა დაპირისპირების წინააღმდეგ. ვერ ვხედავ, რომ ისინი ზრუნავდნენ ქვეყნის ინტერესებზე და იმაზე, რომ ქვეყანა 2020-მდე მშვიდობიანად მივიდეს“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG