Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მძიმე და რთული საყურებელი იყო ის, რაც ხდებოდა პანკისის ხეობაში"


თეონა აქუბარდია, უსაფრთხოების ექსპერტი
თეონა აქუბარდია, უსაფრთხოების ექსპერტი

„მძიმე და რთული საყურებელი იყო ის, რაც ხდებოდა პანკისის ხეობაში. მთავარი, რაც გამოჩნდა - ქვეყანას არ აქვს ერთიანი უსაფრთოხების პოლიტიკა და ნებისმიერი ნაბიჯი არ გამომდინარეობს ამ ერთიანი პოლიტიკისგან“, - უთხრა უსაფრთხოების ექსპერტმა, თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას.

23 აპრილის „დილის საუბრები“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) 2018 წლის ანგარიშს დაეთმო. სტუდიის სტუმართან საუბარი კი პანკისში 21 აპრილს მომხდარის განხილვით დაიწყო.

თეონა აქუბარდიას შეფასებით, შსს „აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო“:

„სენსიტიური თემების უგულებელყოფა მოხდა. დავინახეთ როგორ ებრძოდა სპეცრაზმი ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივებიც იყვნენ ჩართული ამ ბრძოლაში. გამოსავალი არ იყო წინასწარ დაგეგმილი და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია ხელისუფლება“.

რაც შეეხება სუს-ის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ამ დოკუმენტს წინა წლებისას ადარებს და ბოლო ანგარიშს ანალიტიკურად უფრო დახვეწილად აფასებს:

„ფაქტია, უფრო მეტადაა გაშლილი ჰიბრიდული გამოწვევები, ვიდრე წინა საანგარიშო წელს იყო. შესაბამისად, სუს-ი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ლაპარაკობს ამ საფრთხეებზე ისე, როგორც ეს ღია დოკუმენტშია შესაძლებელი. ანალიტიკურადაც ბევრად უფრო დახვეწილი დოკუმენტია, ვიდრე წინა წლებში იყო“.

სუს-ის 2018 წლის ანგარიშში, რომელზეც 22 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს, წაიკითხავთ:

„უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის სხვა ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.

„ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პპოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება“.

ანგარიშში აღწერილია ბერკეტებიც, რომლებსაც იყენებდნენ „უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები“. თეონა აქუბარდიას არ აქვს პრეტენზია ანგარიშში პრობლემების აღწერასთან, არამედ აქვს კითხვები:

„რას აკეთებს სახელმწიფო, რას აკეთებს მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომლის კონსტიტუციური ვალდებულებაა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამ ჰიბრიდული საფრთხეების გასანეიტრალებლად და მათ შესამცირებლად? ჯერ კიდევ არ არის შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ქვეყანას არ გააჩნია უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტები. 2011 წლიდან არ განახლებულა უსაფრთხოების კონცეფცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს თუ რა საფრთხეები უდგას ქვეყანას. ამ დოკუმენტს ვადა აქვს გასული და მასზე კაციშვილი არ მუშაობს.

შესაბამისად, უსაფრთხოების პოლიტიკა ეროვნულ დონეზე არ არის ფორმულირებული. შემდგომ უკვე უნდა განისაზღვროს: ცალკე სუსი რას აკეთებს, ცალკე თავდაცვის სამინისტრო რას აკეთებს, ცალკე საგარეო საქმეთა სამინისტრო რას აკეთებს.

ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ მთავრობის გაერთიანებული მიდგომა ქვეყანას არ გააჩნია და მე სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ პანკისის მოვლენებსაც, რასაც ადგილი ჰქონდა. ერთია, რომ ეკონომიკის მინისტრმა სთხოვა შს მინისტრს, რომ სპეცრაზმი ყოფილიყო გამოყენებული, მეორე ის, რომ ეროვნული უსაფრთხოების პრიზმაში ეს არავინ განიხილა და არავინ თქვა, რომ არ შეიძლება ერთი კონრეტული ინვესტორის გულისთვის უსაფრთხოების ამხელა პრობლემის შექმნა და ასეთი რისკების გაჩენა და მოდით, ხომ არ ჯობია სხვა გზა ავირჩიოთ, ან კომუნიკაცია გავაძლიეროთ“.

უსაფრთხოების ექსპერტი მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ქვეყნის მოწყვლადობის ზრდაზეც ლაპარაკობს.

„მე, როგორც მოქალაქემ, მინდა ვიცოდე, რას აკეთებს ხელისუფლება, რომ ეს მოწყვლადობა შეამციროს და ამაზე პასუხი არ მაქვს“.

თეობა აქუბარდია ხაზს უსვამს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის სისუსტეს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთის მიერ აქტიურად წარმოებული საინფორმაციო ომის ფონზე.

ამ პრიზმაში განიხილავს ის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნათქვამს:

"განცხადება, რომ ჯაშუშებს ვერ დავიჭერთ, თორემ რუსეთი მოქალაქეებს გამოგვიყრის, ესეც ძალიან დამაზიანებელი იყო და პოლიტიკის მანიშნებელიც, ამის ასე ღიად თქმა. როგორც ჩანს, პოლიტიკა არ გაგვაჩნია".

თეონა აქუბარდიას აზრით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ ევროკავშირისა და ნატოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა არ შეიძლება ყურადღების შესუსტების მიზეზი გახდეს:

„მიუხედავად იმისა, რომ კვლევებში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა მაღალია, ვერ ვიტყოდი, რომ ეს იძლევა მშვიდად ყოფნის საფუძველს. იმიტომ, რომ ჰიბრიდული ომი, რუსული ნარატივები აქტიურად მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს ერთი მხრივ, დასავლეთის იმიჯის გაუფასურებას და მეორე მხრივ, ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაჩენას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ნამდვილად არ გვყავს იდეალური, და უიმედობის განცდის დანერგვას“.

თეონა აქუბარდია უსაფრთხოების სისტემის შესახებ საუბრისას, გამოყოფს მოქალაქეების პასუხისმგებლობასაც - შეეცადონ განასხვავონ დეზინფორმაცია რეალური ამბისგან იმისათვის, რომ მათი გადაწყვეტილებების საფუძველი არ იყოს მცდარი და ყალბი:

„საქართველოს არჩევანი აქვს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ნატო არის უსაფრთხოების გარანტია ქვეყნისთვის და რასაც ნატოში გაწევრიანებისთვის გავაკეთებთ, ქვეყნისთვის არის კარგი.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყველა მოქალაქემ თავისი როლი ამ ბრძოლაში უნდა გაიაზროს“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG