Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოსამართლემ საღამოს რვა საათზე მითხრა, რომ ორ საათს მომცემდა, რომ მომეპოვებინა მტკიცებულებები"


თეონა ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი
თეონა ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი

18 ნოემბერს დაკავებულთა ადვოკატები სამშაბათს, მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებასა და სასამართლო პროცესების გადადებას, რომ მისცემოდათ გონივრული ვადა მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი 20 ნოემბრის დადგომამდე უგულებელყოფდა ამ შუამდგომლობებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება:

„მოსამართლე ფილიშვილი ცდილობდა სწრაფი მართლმსაჯულება მიგვეღო მტკიცებულებების მოპოვების დროის შემცირების ხარჯზე. ადვოკატები ვაყენებდით შუამდგომლობას, რომ მოგვეპოვებინა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების გამამართლებელი მტკიცებულებები ან უბრალოდ იმის საშუალება გვქონოდა, რომ საქმის მასალებს სათანადოდ გავცნობოდით და შევწინააღმდეგებოდით. მე, მაგალითად, მოსამართლემ საღამოს რვა საათზე მითხრა, რომ ორ საათს მომცემდა, რომ მომეპოვებინა მტკიცებულებები. წარმოუდგენელია არასამუშაო დროს ორ საათში მტკიცებულების მოპოვება. წერილს ვერ გააგზავნი უწყებაში, არათუ პასუხს მიიღებ.

ძალიან ბევრი დარღვევა, იყო, რომელიც ფარსად აქცევდა სასამართლო პროცესს“.

თეონა ზაქარაშვილისა და მისი კოლეგებისთვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ გადაწყვიტა თბილისის საქალაქო სასამართლომ და მოსამართლე ფილიშვილმა, რომ ერთ დღეში შეიძლებოდა 37 დაკავებულის საქმე განეხილა, კიდევ 4 სხვა საქმის პარალელურად. ბრალდების მასალებში სიტყვასიტყვით ერთი და იგივე ფრაზებით იყო განმარტებული დაკავებულთა მიმართ წაყენებული ბრალი: „ილანძღებოდა უმისამართოდ და ბოროტად არ ემორჩილებოდა სამართალდამცავებს“.

თეონა ზაქარაშვილი ყვება ეპიზოდზე, როცა ბრალდების მხარის მტკიცებულება სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა:

„კიდევ უფრო აბსურდული იყო, როცა შსს-ს წარმომადგენელმა მოიტანა ვიდეოჩანაწერი და ამბობდა, რომ აქ არ ვიცით ვინ არის, ამ კადრებში ვერ ვარჩევთო. პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ მე დავაკავე კონკრეტული პირი და ეკითხებოდნენ - აბა, თქვენი თავი გვაჩვენეთ ამ კადრებშიო, - უი, ჩემს თავს ვერ ვპოულობო. საბოლოოდ მივედით წარმოუდგენელ აბსურდამდე, რომელსაც სამართალთან კავშირი აღარ ჰქონდა“.

შუაღამის დადგომის შემდეგ მოსამართლის პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა:

„ღამის პირველ საათზე მოსამართლე ფილიშვილმა სწორი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო და გვითხრა, რომ ყველას გაათავისუფლებდა და პროცესი გადაგვიდო დღეისთვის.

ღამის პირველიდან სამის ნახევრამდე ვნახეთ, რომ მოსამართლე ფილიშვილს ინდივიდუალურად ამოჰყავდა დაკავებულები სპეციალური მოთავსების ადგილიდან და ინდივიდუალურად გვეუბნებოდა, რომ მათი საქმე გადაიდო და ასე ცალ-ცალკე მოუწევს დღეს მათი განხილვა“.

უფლებადამცველები რადიო თავისუფლების ეთერში ამბობენ, რომ ცალკე დავის საგანი იქნება 18 ნოემბერს დაკავებულებისთვის უკანონო ვადით თავისუფლების აღკვეთა. ისინი აღნიშნავენ, რომ დაკავების ოქმებში მათი განყოფილებაში გადაყვანის საფუძვლად ეწერა ის, რომ ადგილზე ოქმი ვერ შედგა. შესაბამისად, სამართალდამცავებს ისინი ოქმების შედგენისთანავე უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, ამის სრულიად საპირისპიროდ, არათუ არ გაათავისუფლეს, არამედ ზოგადად დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების ვადაც ყველა პირის მიმართ დაირღვა.

მოისმინეთ თეონა ზაქარაშვილთან ინტერვიუს ჩანაწერი:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG