Accessibility links

რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლის უანგარო დონაცია?


15 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: თეონა თოდუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დავადებათა დეპარტამენტის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს სპეციალისტი და დათო ნადირაძე, "არტ-ინფო საქართველოს" დირექტორი. მათ ილაპარაკეს სისხლის უანგარო დონორობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე უსაფრთხო სისხლით და მისი კომპონენტებით პაციენტების უზრუნველყოფის საქმეში. 2011 წლიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს "უსაფრთხო სისხლის" სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმით გადამდები ინფექციების პრევენცია, აგრეთვე ფასიანი დონაციიდან ეტაპობრივად უანგარო დონაციაზე გადასვლის ხელშეწყობა. "დილის საუბრების" სტუმრები ამბობენ, რომ უანგარო დონაცია კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია უსაფრთხო სისხლის მარაგის უზრუნველყოფისთვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეს საქართველოში დონორის სისხლი მოწმდება B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსზე და სიფილისზე. თეონა თოდუა განმარტავს - ვინ შეიძლება იყოს სისხლის დონორი და რა ფაქტორები ითვლება უკუჩვენებად. 2017 წელს საქართველოში 80 ათასამდე დონაცია განხორციელდა, რაშიც უანგარო დონაციის წილი იყო 28%. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით 48 ათასამდე დონაცია განხორციელდა, საიდანაც 25% პროცენტი იყო უანგარო. დათო ნადირაძის თქმით, 2010 წელს, უანგარო დონაციის მაჩვენებელი დაახლოებით 3% იყო. პროგრესი სახეზეა, თუმცა, საბოლოო მიზანია სისხლის დონაცია 100%-ით უანგარო იყოს. მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ სისხლის დეფიციტი არ წარმოიქმნას, საჭიროა, მოსახლეობის 1% რეგულარულად გაიღებდეს სისხლს, რადგან ის მუდმივად საჭირო და ამავე დროს მალფუჭებადი პროდუქტია. დღეს საქართველოში 13 სისხლის ბანკი მუშაობს. უანგარო დონაციის ხელშეწყობისთვის შეიქმნა შესაბამისი გვერდიც - "მე ვარ დონორი".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG