Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოთაყვანება


"გატარდა აქტიური რეკრუტირება წესრიგის ყველა პოტენციური დამრღვევისა, რომლებიც მოსკოვში ჩამოვიდნენ ერთადერთი მიზნით, დასავლეთის მედიისათვის დაედგათ აქ მიმზიდველი მოქმედება, მოხვედრილიყვნენ სოციალურ ქსელებში და ეჩვენებინათ, რომ, როგორც თავად თვლიან, აქ ისინი არიან ხელისუფლება. ამასთან, 1074 დაკავებულიდან პოლიციის უბნებში ღამე მხოლოდ 150-მა გაატარა, დანარჩენები გაათავისუფლეს - უმეტესწილად, ოქმების შედგენის გარეშე. ხელისუფლება იქცეოდა უაღრესად კორექტულად“, - მომხდარის შესახებ ასეთი შეფასება მოისმინეს ტელეარხ „როსსია-1“ -ის მაყურებლებმა 28 ივლისის საღამოს, მოსკოვში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერი მიტინგის სასტიკი დარბევის მეორე დღეს, ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვისგან, რომელიც რუსეთის ოფიციალურ მედიასაშუალებებში ერთ-ერთი პოპულარული სახეა.

სოლოვიოვის მონოლოგი, რომელშიც ისმოდა მოწოდება ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნის შესახებ, იყო „რუსეთის ძლიერი ხელისუფლების“ მორიგი პანეგირიკი“.

როგორ აღმოცენდა და ვითარდებოდა პუტინის პროპაგანდა

ასე გამოიყურება რუსული სახელმწიფო მედია რუსეთში 2019 წლის მდგომარეობით, ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის მეოცე წლისთავის წინ.

მაგრამ დღევანდელი მედიაპროპაგანდის სისტემა ხანგრძლივი ევოლუციის შედეგია და ის ყალიბდებოდა თანდათან, ამბობს რუსეთის მედიის ანალიტიკოსი ვასილი გატოვი, სააგენტო „რია-ნოვოსტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამჟამად სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობს. რადიო თავისუფლებასთან ამ სისტემის ფორმირებისა და დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში მისი ფუნქციონირების შესახებ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ „ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებით“ ირკვევა, რომ 1999-ის ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში, როდესაც ტელეარხი „ენტევე“ პუტინის წინააღმდეგ ფრონტალურ შეტევაზე გადავიდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ამ თვალსაზრისით, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამამ „კუკლი“ („თოჯინები“) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რაც რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში დაიწყო,“ - ამბობს ვასილ გატოვი.

სწორედ ის „პატარა ცახესი“. პროგრამა „თოჯინების“ გამოშვება ტელეკომპანია „ენტევეზე“, 2000 წლის იანვარი

რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა გამოიყოს რაღაც ეტაპები პუტინის ხელისუფლების მუშაობაში ამ 20 წლის მანძილზე საინფორმაციო სივრცეში? როგორ იქმნებოდა ეს სისტემა?

ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაში გაეთვალისწინებინათ სახელმწიფო ინტერესები ისე, როგორც მაშინ ეს კრემლს მიაჩნდა.
ვასილ გატოვი

ვასილ გატოვი: „დიახ, შეიძლება. მე ცოტა უფრო ადრიდან დავიწყებდი: ეტაპი, რომელსაც მე ვუწოდებდი „ნულოვანს“, იწყება პრეზიდენტის 1996 წლის არჩევნებიდან, პუტინის, როგორც ელცინის მემკვიდრის, გამოჩენის ჩათვლით. ამ დროს დაიწყო დამოუკიდებელი მედიასაშუალებების უკან, სახელმწიფო სტრუქტურაში ინკორპორირება.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნელ-ნელა შეუდგა საკუთარი გავლენის მთლიანად აღდგენას ზოგიერთ მედიასაშუალებაში, ნაწილობრივ - ცალკეულ ჟურნალისტებში. ეს იყო ანატოლი ჩუბაისის (1996-97 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი), შემდეგ კი ალექსეი გრომოვის (2000-2008 წლებში ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი) ცნობილი თათბირები.

რით განსხვავდებოდა ასეთი თავყრილობები, ვთქვათ, აშშ-ის თეთრი სახლის ღია ბრიფინგებისგან? იმით, რომ მოსკოვში ის ტარდებოდა „თქვენ ხომ ეს გესმით“ სულისკვთებით. არ ვფიქრობ, რომ მაშინვე არსებობდა კრემლის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დამორჩილების ბოროტი ჩანაფიქრი. უფრო მეტად ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაში გაეთვალისწინებინათ სახელმწიფო ინტერესები ისე, როგორც მაშინ ეს კრემლს მიაჩნდა.

ვასილ გატოვი
ვასილ გატოვი

ფსიქოლოგიურად 90-იანი წლების ბოლოს ხელისუფლების მოქმედების საფუძველში იდო შიში სხვადასხვა საფრთხის მიმართ და ასევე სურვილი იმისა, რომ საინფორმაციო სივრცე გამოეყენებინათ ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო კონფლიქტი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და სამხედროებს შორის, რასაც მაშინდელი ხელისუფლება ერთხანს ძალიან უფრთხოდა, და გარკვეული საგარეო პოლიტიკური ვითარება, დაკავშირებული, მაგალითად, დასავლეთის შესაძლო ჩარევასთან დნესტრიპირეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებში. ეს იყო ნულოვანი ეტაპი. შემდეგ დაიწყო პირველი რიგის ეტაპი, დაკავშირებული პუტინის პრეზიდენტად არჩევასთან, რომელიც იუმაშევმა და გრომოვმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ გარკვეული თვალსაზრისით სულ სხვანაირად, ვიდრე ელცინის მეორე ვადით არჩევა იყო 1996 წელს“.

რადიო თავისუფლება: უფრო ელეგანტურად?

ვასილ გატოვი: „რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რამდენადმე უფრო პატიოსნად. იმ აზრით, რომ არ დაიწყეს თუნდაც დროებითი „ვერტიკალის“ შექმნა, არამედ დაეყრდნენ თავად პუტინის, როგორც საზოგადოების თვალში ენერგიული, ახალგაზრდა კანდიდატის იმიჯს, რომელიც თავად გააკეთებდა თავის საქმეს“.

„რედაქცია ნომერი 6“

ადამიანებმა, რომლებმაც ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანეს,ხელშეუხებლობის მრავალწლიანი გარანტიები მიიღეს. ყოველ შემთხვევაში, მათ ასე ეგონათ. მაგრამ მალე გაირკვა, რომ შეუძლებელი იყო იმ მექანიზმების იმედად დარჩენა, რომლებიც ბორის ელცინის დროს არსებობდა და არამხოლოდ მედიასფეროში. იმ დროს დაიწყო კონფლიქტი გუსინსკისთან და ოპერაცია მისთვის ტელეკომპანია „ენტევეს“ წასართმევად. და იმ დროს გაჩნდა დოკუმენტი, სახელწოდებით „რედაქცია ნომერი 6“, პუტინის ადმინისტრაციის მოქმედების გეგმა.

სახელმწიფო მედიაპოლიტიკის გადამწყევტ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურ თემებზე წერს, უნდა გაკონტროლდეს სპეცსამსახურის მეთოდებით.
ვასილ გატოვი

ვასილ გატოვი: „კი, ეს იყო დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ უკვე მაშინ ჩეკისტური წარსულის მქონე წრეები ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ მოეხდინა პუტინს სახელმწიფოს მართვის ორგანიზება ისე, რომ გარედან ეს გამოჩენილიყო ჯერ კიდევ საკმაოდ გვარიანად, შიგნით კი, რუსეთში, საქმე მიდიოდა, ელცინის მყიფე რეჟიმთან შედარებით, ბევრად უფრო მკაცრად კონტროლირებადი პოლიტიკური კონსტრუქციის შექმნისკენ... თუ „რედაქცია ნომერი 6“-ის მიხედვით ვიმსჯელებთ, მასში ნათქვამი იყო, რომ ჟურნალისტები უპირატესად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა სახის კერძო ინტერესებით, რომლებიც არ შეესაბამება სახელმწიფოსა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ამიტომ სახელმწიფო მედიაპოლიტიკის გადამწყევტ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურ თემებზე წერს, უნდა გაკონტროლდეს სპეცსამსახურის მეთოდებით: გამოაშკარავდეს მათი კონტაქტები, ოჯახური მდგომარეობა, საკუთრება და ასე შემდეგ. ის, ვინც არ ჩაეწერება ახალ, კონტროლირებად სიტუაციაში, უნდა გაგდებული იქნეს საინფორმაციო სივრციდან. და ეს პროცესი სხვადასხვა სიჩქარით გრძელდებოდა 2000-დან 2007 წლამდე. ამ პერიოდში ერთადერთ ზონად, რომელსაც კრემლი არათუ არ უკარნახებდა თამაშის წესებს, არამედ ჯერ კიდევ დიდად არ ესმოდა მისი ძალისა, რჩებოდა ინტერნეტი“.

იხ. პუტინიზმის პოლიტიკური ენის ისტორია

მედიამმართველობის დამყარების პროცესში პოლიტიკურმა მენეჯერებმა აღმოაჩინეს ასეთი რამ: რაც უფრო მყარად აკონტროლებ ძირითად საინფორმაციო დღის წესრიგს, რასაც სამი ძირითადი ტელეარხი, საინფორმაციო სააგენტოები და კონტროლის ქვეშ მყოფი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთელი სისტემა ემსახურება, მით უფრო აქტიურად ხდება „პუტინის უმრავლესობის“ ფორმირება. ეს არის 50%-ს აღმატებული საზოგადოებრივი შრე, რომელიც მზად არის ირწმუნოს იმ ვირტუალური დღის წესრიგისა, რომელსაც მას სთავაზობენ სინამდვილის ნაცვლად.

„პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას ეს შრე და როგორ უნდა წარიმართოს მასთან მუშაობა, ეკისრება, პირველ ყოვლისა, „საზოგადოებრივი აზრის ფონდს“ (ФОМ) და პირადად ალექსანდრ ოსლონს.

ვლადიმირ პუტინის პირდაპირი ტელეეთერი. 2017 წ.
ვლადიმირ პუტინის პირდაპირი ტელეეთერი. 2017 წ.

ამ წლებში მათ მიაგნეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და სოციალური ინჟინერიის შესაბამის ტექნოლოგიებს, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, ერთი მხრივ, დაინახო ეს შრე, ხოლო მეორე მხრივ, შეინარჩუნო, გააფართოო, გააძლიერო და ასე შემდეგ“, - მიიჩნევს, ვასილ გატოვი.

საქართველოსთან საინფორმაციო ომის გაკვეთილები

პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში პუტინის ხელისუფლებამ პრაქტიკულად არ იცოდა, თუ როგორ მუშაობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ტექნოლოგია. კაგებეშნიკური წარსულის მქონე პოსტსაბჭოთა მოხელეებისათვის დამახასიათებელი მიდგომით, რაც ე.წ. სტრიქონებს შორის კითხვასა ან ჟურნალისტებისთვის „თემების“ შედგენაში გამოიხატებოდა, ძნელი იყო ამ მანქანის მართვა.

პასუხად დაიწყო ნადირობის სეზონი

„საქართველოსთან ომის დროს მომხდარმა საინფორმაციო ჩავარდნამ აჩვენა, რომ საჭირო იყო გაცილებით უფრო რთული სტრუქტურის არსებობა. და მიმდინარეობს კიდევაც ბოლო წლებში მისი განვითარება, უკრაინასთან კონფლიქტის ჩათვლით, რასაც მე ვუწოდებ მესამე ეტაპს. თანაც, თუ ამ საინფორმაციო დემიურგებს მართლა გააჩნდათ ილუზია, რომ ყველაფერი შეუძლიათ, 2011-12 წლების ზამთარში, როდესაც „თეთრლენტიანთა“ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ისინი მიხვდნენ, რომ ძველებურად არცთუ ისე დარწმუნებით მუშაობენ ინტერნეტთან, მისი არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ ასევე სოციალურ-ორგანიზატორული ფუნქციების გათვალისწინებით.

მეტიც, კრემლში მყოფი ხალხისათვის მოულოდნელად, ზოგიერთმა მედიაორგანიზაციამ მაშინ დაიკავა პროფესიული პოზიცია - არა აუცილებლად ოპოზიციური, მაგრამ პროფესიული. პასუხად დაიწყო ნადირობის სეზონი. ეს სეზონი დასრულდა მირონიუკის (სვეტლანა მირონიუკი - 2006-2014 წლებში საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მთავარი რედაქტორი) გათავისუფლებით, „რია ნოვოსტის“ დარბევით და ხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად, ყველა - რუსეთის მასშტაბით ფართოდმაუწყებელი - მედიის დაქვემდებარებით“.

წარწერა სურათზე: „რია ნოვოსტის“ მთავარი რედაქტორი სვეტლანა მირონიუკი და ვლადიმირ პუტინი „ვალდაის კლუბის“ სხდომაზე, 2001 წლის ნოემბერი“
წარწერა სურათზე: „რია ნოვოსტის“ მთავარი რედაქტორი სვეტლანა მირონიუკი და ვლადიმირ პუტინი „ვალდაის კლუბის“ სხდომაზე, 2001 წლის ნოემბერი“

რადიო თავისუფლება: და ეს სიტუაცია დაემთხვა უკრაინასთან კონფქლიტსა და ახალ პოლიტიკურ რეალობაში გადასვლას?

ვასილ გატოვი: „დიახ, ამ მომენტიდან იწყება მეოთხე ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება და აჩვენებს, რომ თავისი საზღვარი აქვს როგორც საინფორმაციო დამორჩილების ტექნოლოგიას, ისე მის საწინააღმდეგო ტექნოლოგიასაც“.

მედიის მკვლევარს მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ძალიან სწრაფად გადაკეტოს ნებისმიერი ინფორმაციის წყარო. ის, რომ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, აჩვენებს, რომ იგი სუსტია. ძლიერი დიქტატურა დიდი ხნის წინ გააკეთებდა ამას და აღარ ექნებოდა ამ მხრივ სადარდებელი. მაგრამ სუსტი ხელისუფლება გრძნობს თავისი შესაძლებლობის ზღვარს და ირჩევს სხვა მეთოდებს, რომლებიც მათ შორის გარკვეულ - კარგად ცნობილ - ეფექტებს ეყრდნობა. მაგალითად, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მკაცრად იყენებს საინფორმაციო პრაიმინგს.

„პრაიმინგი - ესაა სტიმულირება, წინ წამოწევა და წინასწარგამიზნული აქტივიზაცია გარკვეული თემებისა და მათი ინტერპრეტაცია. პრაიმინგია, როცა მე მოვახდინე რომელიღაც იდეის ფორმულირება, რომელიც თქვენთვის უჩვეულოა, მაგრამ ვინაიდან მე მაქვს ამ იდეის ტრანსლირების ძლიერი არხი და არსებობს სახელისუფლებო ავტორიტეტი, მე, უბრალოდ, გაიძულებთ მიიღოთ ეს იდეა. გარკვეული თვალსაზრისით, ეს არის ზომბირება, მტრის შექმნა უკრაინისგან, იმ წარმოდგენის შთაგონება, რომ რუსეთი მტრების ალყაშია და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი არის პრაიმინგი. ოღონდ მას აქვს სუსტი მხარეც: ის მუშაობს მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე აუდიტორიის შიდა სიტუაცია არ მოდის მასთან წინააღმდეგობაში. მაგრამ როგორც კი აუდიტორიას უჩნდება საფუძველი, რომ დაეჭვდეს იმაში, რასაც თავს ახვევენ, პრაიმინგის ეფექტი მკვეთრად სუსტდება“.

პრაიმინგი დმიტრი კისელიოვის შესრულებით: „რუსეთს ძალუძს აშშ აქციოს რადიოაქტიურ ფერფლად“

ფრეიმინგი სტალინზე

არსებობს კიდევ ისეთი რამ, როგორიცაა ფრეიმინგი. როდესაც ტვინში პირდაპირ კი არ გიტენიან იდეას, არამედ გარკვეული ინსტრუმენტების კომპლექტის გამოყენებით გაიძულებენ გაიხსენოთ ის, რასაც ოდესღაც ფიქობდით ან, თითქოს, ფიქრობდით.

მედიის მართვის პუტინისეული სისტემის ფორმირების მთელი მეოთხე ეტაპი შედგება კიდეც მცდელობებისგან, რომ დაიჭირონ საზოგადოებრივი აზრის ამღვრეულ წყალში რამე ფრეიმი, რომელიც ხელისუფლების სიმყარეს უზრუნველყოფს.
ვასილ გატოვი

“ჩვენი ცნობიერება შედგება ფრეიმების (ინგლისურად frame - ჩარჩო) კომპლექტისგან, ჩარჩო წარმოდგენებისგან. მაგალითად, ფრეიმ პროგრესი - ესაა წარმოდგენა იმაზე, რომ მომავალი აწმყოზე უკეთესი იქნება, რომ ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს. ან ფრეიმები, დაკავშირებული ენის აგებულებასთან, რომლის წყალობით ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ ფარული აზრები, ქვეტექსტები, ირონია. ან სხვა რიგის, ვთქვათ, ეროვნულ ისტორიასთან დაკავშირებული კულტურული ფრეიმები. მათი გამოყენება იძლევა გრძელვადიან და მყარ ეფექტს“, - აღნიშნავს ვასილ გატოვი.

რადიო თავისუფლება: არის თუ არა ასეთივე ფრეიმი „სტალინის დროს არსებულ წესრიგზე“ ლაპარაკი, რაც რუსეთში ბოლო ხანს საკმაოდ აქტიურად ისმის?

ვასილ გატოვი: „ნაწილობრივ კი, მაგრამ ის არცთუ ისე კარგად მუშაობს. ძალიან ბევრ ხალხს ახსოვს ის ცუდად, ან ცუდი წარმოდგენა აქვს იმ დროზე. უკეთესად მუშაობს, მაგალითად, მტრის ხატთან დაკავშირებული ფრეიმები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ფრეიმებით მუშაობა დიდ დროს მოითხოვს. ფრეიმინგით შეუძლებელია ისარგებლო, როგორც ოპერატიული ინსტრუმენტით, განსხვავებით პრაიმინგისგან. ამგვარად, მედიის მართვის პუტინისეული სისტემის ფორმირების მთელი მეოთხე ეტაპი შედგება კიდეც მცდელობებისგან, რომ დაიჭირონ საზოგადოებრივი აზრის ამღვრეულ წყალში რამე ფრეიმი, რომელიც ხელისუფლების სიმყარეს უზრუნველყოფს. ხან ესაა მართლმადიდებლობა, ხან იმპერიულობა და ხანაც გამარჯვება (დიდ სამამულო ომში)...“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG