Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელობა, თუ კაგებეს ხელწერით ჩადენილი სუიციდის იმიტაცია?


აქტივისტების აქცია ბელარუსის საელჩოსთან, კიევში. 2021 წლის 3 აგვისტო
აქტივისტების აქცია ბელარუსის საელჩოსთან, კიევში. 2021 წლის 3 აგვისტო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის სამსახურებს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბელარუსთა დამატებითი დაცვა დაავალა მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერში ჩამოხრჩობილი იპოვეს ორგანიზაცია „ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი.

გავრცელებული ვერსიით, შიშოვმა თავი ჩამოიხრჩო თავის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სვიატოშინოს სკვერში, რომლის გავლითაც ის დილის სირბილის შემდეგ შინ ბრუნდებოდა. ამ ვერსიაზე გამოძიებაც მუშაობს, თუმცა პოლიცია არც მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

„განიხილება თვითმკვლელობისა და სუიციდის იმიტაციით ჩადენილი მკვლელობის ვერსიები. ეს არის ორი ძირითადი ვერსია, მაგრამ ჩვენ სხვებსაც არ უარვყოფთ. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესში სხვა ვერსიაც გამოიკვეთოს“, - განაცხადა 3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმკინმა.

თავად ვიტალი შიშოვის თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ „ბელარუსული სახლის“ ლიდერი მოკლულია, რადგან მის სხეულზე ცემის კვალი აღმოჩნდა.

ვიტალი შიშოვის სიკვდილს გამოეხმაურა ბელარუსის ოპიზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელმაც პირდაპირ მიანიშნა ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან შესაძლო შურისძიებაზე, რასაც შიშოვის თანამებრძოლების გარდა გამომძიებელი ჟურნალისტებიც არ გამორიცხავენ.

„ბელარუსები საზღვარგარეთაც კი შეუძლებელია იყვნენ უსაფრთხოდ, ვიდრე არსებობენ ისინი, რომლებიც ცდილობენ შური იძიონ მათზე და მოწმეების თავიდან მოშორებით დამალონ სიმართლე“, - ნათქვამია ტელეგრამის არხით გამოქვეყნებულ სვიატლანა ციხანოუსკაიას განცხადებაში.

„ბელარუსული სახლი“ და მისი უცნობი ლიდერი

ორგანიზაცია „ბელარუსული სახლი“, სხვა ნაციონალური ყაიდის სახლებისგან განსხვავებით, უკრაინაში არაფორმალური ინიციატივის სახით 2020 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკას რეჟიმისათვის მიუღებელი, დევნილი აქტივისტების მიერ შეიქმნა.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის, ამჟამად თავადაც უკრაინაში მოღვაწე, ჩვენი კოლეგა ალენა ლიტვინოვა იხსენებს, „ბელარუსული სახლის“ წარმომადგენლები საქმიანობას ორი მიმართულებით ახორციელებენ: ისინი დაკავებული არიან ბელარუსი მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარებით, მათთვის ჭერის მოძებნით თუ საიმიგრაციო საკითხების მოგვარებით და, ასევე, რეგულარულად მართავენ ბელარუსული ოპოზიციის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს კიევში მდებარე ბელარუსის საელჩოს წინ.

2020 წლის 7 დეკემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად გაატარა რეგისტრაციაში „ბელარუსული სახლი“, რომლის სარეგისტრაციო მოწმობაში ორგანიზაცია წარმოდგენილი იყო ორი ხელმძღვანელით - ვიტალი შიშოვითა და რადზვინ ბატურინით, მაგრამ 3 აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენამდე ორგანიზაციის წევრების გარდა არავინ იცოდა, რომ ვიტალი შიშოვიც იყო „ბელარუსული სახლის“ ლიდერი.

„ვიტალი შიშოვს პირადად არ ვიცნობდი, ამიტომ შემიძლია მხოლოდ ჩემი ჟურნალისტური დაკვირვება გაგიზიაროთ ამ ადამიანის შესახებ. ვიცი, რომ ის მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში, მაგრამ არასოდეს ყოფილა პირველ პლანზე, არასოდეს გამოსულა სიტყვით მომიტინგეთა წინაშე. იგი, უბრალოდ, ამ აქციების რიგითი წევრივით იქცეოდა და განსაკუთრებული ლიდერის თვისებები მისთვის არ შემიმჩნევია“, - ამბობს ალენა ლიტვინოვა.

ეს კი არა მხოლოდ ვიტალი შიშოვის არალიდერული მონაცემებით, მისი მორიდებული და მშვიდი ბუნებით იყო განპირობებული, არამედ იმითაც, რომ „ბელარუსული სახლის“ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი იყო უკრაინელი და ბელარუსი ულტრანაციონალისტი, რადზვინ ბატურინი, რომელმაც ულტრამემარჯვენე „ნაციონალური კორპუსის“ წევრებთან ერთად თავი გაითქვა კიევის ქუჩებში გამართულ არაერთ ძალადობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში მონაწილეობით.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, სხვა ყოფილ ვეტერან მებრძოლებთან ერთად 2019 წლის 25 ივლისს ისიც მონაწილეობდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ავტომობილზე თავდასხმაში.

ბატალიონ „აზოვის“ წევრებს ამ გზით სურდათ „დაესაჯათ“ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, პეტრო პოროშენკო, რომელმაც, ვოლოდიმირ ზელენსკისგან განსხვავებით, არ მიანიჭა უკრაინის მოქლაქეობა უცხოელ მოხალისეებს.

ულტრანაციონალისტი რადზვინ ბატურინის ფონზე, „ბელარუსული სახლის“ თავმჯდომარედ გაწონასწორებული და სუფთა ბიოგრაფიის ვიტალი შიშოვის დანიშვნამ დადებითად იმოქმედა ამ ორგანიზაციის იმიჯზე, რომელსაც, ალენა ლიტვინოვას თქმით, თავდაპირველად მხარი დაუჭირეს იმ ბელარუსებმაც, რომლებმაც სამშობლო 2020 წლის აგვისტომდე დატოვეს.

გამომძიებელ ჟურნალისტ ხრისტო გროზევის მოსაზრება

„ბელარუსული სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ფორმალური ლიდერი ვიტალი შიშოვი 2 აგვისტოს დილით გაუჩინარდა. იგი მეორე დილით იქნა ნაპოვნი ჩამოხრჩობილი სვიატოშინოს პარკში, რომლის მახლობლადაც თავის შეყვარებულ ბოჟენა ჟელუზთან ერთად ცხოვრობდა.

„ბელარუსული სახლის“ წევრმა, იური შუჩკომ, რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უთხრა, რომ ვიტალი შიშოვის ცხედარი სწორედ უკრაინაში მათი ორგანიზაციის წევრებმა იპოვეს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ გაუჩინარებულ ხელმძღვანელს. შუჩკო არ ერთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და აცხადებს, რომ შიშოვის ცხედარს სახეზე აშკარა ცემის კვალი ეტყობოდა.

„წინა კვირას ვიტალი შიშოვს რაღაც უცნაური წინათგრძნობა ჰქონდა. მან მთხოვა, მეზრუნა მის ნათესავებზე“, - აღნიშნა იური შუჩკომ.

გარდა ამისა, ბელარუსმა აქტივისტებმა, შუჩკოს თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბელარუსული სპეცსამსახურების (საბჭოთა ინერციით კვლავ კაგებე რომ ეწოდება) წარმომადგენლები უკრაინაშიც ჩამოდიან „ჩვენი აქტიური წევრების ფიზიკური განადგურების მიზნით“.

სპეცსამსახურების, მაგრამ არა ბელარუსის, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერას ხედავს ვიტალი შიშოვის ჩამოხრჩობაში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკატის“ ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი.

იგი ფიქრობს, რომ შიშოვის ჩამოხრჩობა შესაძლოა სპეცსამსახურების სპეცოპერაცია იყოს.

„ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომ კიევში მოქმედებენ ეფესბეს თანამშრომლები, რომლებმაც რაღაცნაირად მოახერხეს ბელარუსულ ოპოზიციურ ჯგუფებში ინტეგრირება. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ მთელ რესურსებს სწორედ ამ მკვლელობის გამოძიებას მოვახმართ“, - განაცხადა რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ კომენტარში ხრისტო გროზევმა, „ბელინგკატის“ ხელმძღვანელმა, რომელიც სხვა საგამოძიებო ჯგუფებსა და გამოცემებთან ერთად, მრავალი წელია, იკვლევს საზღვარგარეთ რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობას.

ვიტალი შიშოვის მკვლელობის თუ თვითმკვლელობის იმიტაციის უკან ბელარუსის ხელისუფლება რომ შეიძლება იდგეს, ამ ვარაუდს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაიაც იზიარებს. იგი შიშობს, რომ ბელარუსები საზღვარგარეთაც ვეღარ იქნებიან უსაფრთხოდ, ვიდრე არსებობს ხელისუფლება, რომელიც ცდილობს შური იძიოს მათზე და მოწმეების თავიდან მოშორებით დამალოს სიმართლე.

„ვიტალი შიშოვი ეხმარებოდა ბელარუსებს და ის ჩამომხრჩვალი იპოვეს, როგორც ოდესღაც ნიკიტა კრივცოვი. მაგრამ ეს მოხდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე - როგორც სხვა ქვეყნის თვითმფრინავში მოხდა მძევლების აყვანა, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შეეცადნენ არალოიალურად განწყობილი სპორტსმენი ქალი ბელარუსში იძულებით ჩაეყვანათ“, - ნათქვამია ტელეგრამის არხით გამოქვეყნებულ სვიატლანა ციხანოუსკაიას განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სვიატლანა ციხანოუსკაიას მიერ ნახსენები ნიკიტა კრივცოვის გარდა, ბელარუსში ალიაქსანდრ ლუკაშენკას მმართველობის დროს ჩამომხრჩვალი იპოვეს რეჟიმის ორი ოპონენტი. 2010 წლის 3 სექტემბერს მინსკთან ახლოს საკუთარ აგარაკზე იპოვეს ცნობილი ჟურნალისტის, ოლეგ ბებენინის, ცხედარი. ბებენინი იყო ოპოზიციურ საიტ „ქარტია 97“-ის დამფუძნებელი. ბელარუსის გენერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, რასაც უარყოფენ ჟურნალისტის ახლობლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიცვალებულის ცხედარს აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი.

2020 წლის 18 აგვისტოს კი ჩამომხრჩვალი იპოვეს სამხედრო-ისტორიული მუზეუმის დირექტორი, კონსტანტინ შიშმაკოვი.

29 წლის ახალგაზრდა კაცი სადავო საპრეზიდენტო არჩევნების დროს მუშაობდა საუბნო საარჩევნო კომისიაში და უარი თქვა ხელი მოეწერა არჩევნების საბოლოო ოქმზე. შიშმაკოვის სიკვდილის მიზეზად გამოძიებამ თვითმკვლელობა დაასახელა. ეს ვერსია მისმა მშობლებმაც გაიზიარეს, მაგრამ მოგვიანებით, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, მამამ არც ის გამორიცხა, რომ მის შვილს თვითმკვლელობის ჩადენა აიძულეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG