Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ანგარიში - "ქვეყანაში ვერ ხერხდება ჰაერის დაბინძურების მიზეზებისა და მისი შედეგების სიღრმისეულ ანალიზი"


სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ. მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ეტაპზე ის არის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სრულფასოვანი სისტემა. ინფორმაცია ფრაგმენტულია და შესაბამისად, ზუსტად ვერ ფასდება ჰაერის დაბინძურების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფრის ცოდნის გარეშე პოლიტიკის სწორად განსაზღვრა და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა შეუძლებელია.

თიკო თინიკაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტია. „დილის საუბრებში“ ის ლაპარაკობს სპეციალურ ანგარიშში გამოკვეთილ პრობლემებზე, მათ შორისაა: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვა, აგრეთვე მონიტორინგის სისტემის განვითარება, კანონის აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ა.შ.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს შორის სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში გამოყოფილია: სატრანსპორტო სექტორი, სამშენებლო სექტორი, სამეწარმეო სექტორი და სოფლის მეურნეობა.

ბოლო ერთი წლის მონაცემებზე დაკვირვებით, თიკო თინიკაშვილი ორ დამბინძურებელზე ამახვილებს ყურადღებას:

"გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით პრობლემურია მტვრით დაბინძურება და აზოტის დიოქსიდით დაბინძურება. აზოტის დიოქსიდი კი ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყოფა სატრანსპოორტო სექტორიდან და დიზელის წვის შედეგად".

სახალხო დამცველის ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერი და ყურადღება გაამახვილა ახლადშეძენილი ავტობუსების ტექნიკურ მახასიათებლებზე. ის აცხადებს, რომ ამ ტრანსპორტისთვის მერიას საწვავიც შეძენილი აქვს - "ამისთვის ჩვენ ნაყიდი გვაქვს ევრო ტიპის დიზელის მარაგი და ის კონკრეტულად მხოლოდ ამ დიზელს მოიხმარს".

თიკო თინიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ევრო-4 ტიპის სტანდარტის დიზელია:

"ახალი ავტობუსები, მართალია, ევრო-6 ხარისხს აკმაყოფილებს და ტექნიკურად გამართულია, თუმცა, დიზელის საწვავს მოიხმარს ეს ტრანსპორტი და საქართველოში დიზელის საწვავის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ევრო-4 სტანდარტია ჩვენთან და ხუთჯერ აღემატება გოგირდის შემცველობა ევროპულ სტანდარტს.

მერიამ მოგვაწოდა ინფორმაცია ახალი ავტობუსების ტექნიკურ მახასიათებლებზე და არ მიგვიღია ინფორმაცია თუ აპირებდა მერია შეეძინა ასევე გამართული ხარისხის დიზელი, ანუ ევრო-6 ხარისხის დიზელი, რა სტანდარტიც საქართველოში არ არის"

ამ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების ხარისხზე ინფორმაციის თვალყურის დევნება შესაძლებელია საგანგებო საიტზე, თუმცა, რუკაზეც ჩანს, რომ მონიტორინგის ქსელი ვერ ფარავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. მყისიერ საჭიროებას წარმოადგენს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის სრულფასოვანი სისტემური მონიტორინგის სისტემის შექმნა:

"ქვეყანა უნდა დაიყოს ზონებად დაბინძურების მიხედვით და თითოეულ ზონაში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს სახელმწიფომ. შესაბამისი ცვლილება მომზადებულია და წელს წარადგენენ პარლამენტში დასამტკიცებლად".

სპეციალურ ანგარიშში მითითებულია მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის საჭიროებაც, რაც საშუალებას მისცემდა ხელისუფლებას - გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ შეეფასებინა ჰაერის დაბინძურების მოსალოდნელი ცვლილება - მაგალითად, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ავტონაკადის მომატებამ კონკრეტულ არეალში.

თიკო თინიკაშვილი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს სამეწარმეო საქმიანობით გამოწვეული დაბინძურების უფრო ეფექტიანი რეგულირების საკითხზეც. ის აღნიშნავს, რომ არსებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები მცირეა და ვერ უზრუნველყოფს სასურველ შედეგს. ამ საკითხშიც იმედი ეფუძნება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას:

"ასოცირებით თითოეულ საწარმოს დაეკისრება ვალდებულება, რომ შეიძინოს საუკეთესო ტექნიკა, რაც შეამცირებს ჰაერში ემისიების რაოდენობას; ასევე დაწესდება თითოეული საწარმოსთვის ემისიის ზღვრული ზომა და დაინერგება მისი შესრულების მოტინორინგიც. შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და წარედგინება პარლამნენტს, თუმცა, ვადები მასში არის ძალიან გაწელილი, ჯდება ასოცირების ვალდებულებებში, მაგრამ საქართველოში არსებული გამოწვევების პირობებში 2026 წელი საკმაოდ გადაწეული ვადა გვგონია".

არასრულფასოვანი მონიტორინგის სისტემისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზეგავლენის შესახებ კვლევების არქონის ფონზე, რთულია კონკრეტული დასკვნების გამოტანა, თუმცა, არსებული მონაცემებით საქართველოში იზრდება არაგადამდები დაავადებების რიცხვი, იმ დაავადებების, რომლებიც ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირდება.

თიკო თინიკაშვილის თქმით, დასახვეწია საწვავის ხარისხის შემოწმების სისტემაც, რომ მონიტორინგმა რეალური შედეგი მოიტანოს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG