თურქი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ამით რეგიონს უბრალოდ მის ისტორიულ სახელწოდებას უბრუნებენ. თუმცა ექსპერტების შეფასებით, ანკარა ამ გზით ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში და ხაზი გაუსვას რეგიონთან მჭიდრო ისტორიულ-კულტურულ კავშირებს. სახელწოდების შეცვლამ უკვე გამოიწვია უკმაყოფილება ტაჯიკეთში - ცენტრალური აზიის იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ირანულ და არა თურქულენოვან ხალხთა ჯგუფს მიეკუთვნება.
რადიო თავისუფლების პროექტი Azattyq.Asia, რომელიც ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა და შინაარსი აქვს თურქეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.
ახალი საგანმანათლებლო მოდული, სახელწოდებით „თურქეთის საუკუნე“, ანკარამ 2024–2025 სასწავლო წელს დანერგა. მისი ფარგლებში მნიშვნელოვნად გადაიხედა ისტორიული კონცეფციები, რომლებმაც თურქმა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და თურქულ პროგრამებში ჩართულმა უცხოელებმა უნდა აითვისონ „ეროვნულ მეხსიერებასთან შესაბამისობაში“. ამასთან, ასევე გადაწყდა იმ ტერმინების შეცვლაც, რომლებიც, თურქი ოფიციალური პირების აზრით, ქვეყანას გარედან ჰქონდა თავს მოხვეული.
ახლა თურქულ სახელმძღვანელოებში ეგეოსის ზღვა „კუნძულების ზღვად“ არის მოხსენიებული; ჯვაროსნული ლაშქრობები - „ჯვაროსანთა თავდასხმებად“; გეოგრაფიული აღმოჩენები - კოლონიურ პოლიტიკად, ხოლო ე.წ. „სომხური საკითხი“ (1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობები და დეპორტაცია, რომელიც დაახლოებით ოცდაათმა სახელმწიფომ და არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გენოციდად აღიარა) - „სომხეთის უსაფუძვლო პრეტენზიებად“. ამავე სახელმძღვანელოებში ცენტრალური აზია მოხსენიებულია „თურქესტანად“.
თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრის, იუსუფ თექინის თქმით, ამ ცვლილებების მიზანია, თურქმა ბავშვებმა თურქესტანი (ცენტრალური აზია) აღიქვან არა როგორც ცალკე რეგიონი, არამედ როგორც თურქული სამყაროს საერთო ისტორიული სივრცის ნაწილი.
მინისტრის განცხადებით, ორი მსოფლიო ომის პერიოდში შეგნებულად დაინერგა ტერმინები და კონცეფციები, რომლებიც თურქულ სამყაროს ყოფდა, ახლა კი ახალი თურქული სახელმძღვანელოები საპირისპირო მიზანს ემსახურება - თურქულენოვანი ხალხების ერთიანობის განმტკიცებას.
„ჩვენთვის ამას ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ტერიტორია, ჩვენი ტერიტორიაა. ეს მიწა, ჩვენი ძმების მიწაა. ამიტომ სახელწოდების „ცენტრალური აზიის“ ნაცვლად ვამჯობინეთ გამოგვეყენებინა „თურქესტანი“, ანუ ნამდვილი სახელწოდება, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის დამკვიდრებული“, - ამბობს იუსუფ თექინი.
როგორ გადაიწერა სახელმძღვანელოები
„თურქესტანიდან თურქეთამდე“ - ასეა დასათაურებული თურქული სკოლების მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი თავი, რომელშიც აღწერილია ის, თუ როგორ აღმოჩნდა თურქული ტომების ნაწილი ანატოლიაში - თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ადრე თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში თანამედროვე თურქების წინაპრების სამშობლო „ცენტრალურ აზიად“ მოიხსენიებოდა, ახლა კი „თურქესტანია“.
წინა სახელმძღვანელოებში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ თურქული სახელმწიფოებრიობა სწორედ ანატოლიაში ჩამოყალიბდა. ახალ სასწავლო მასალებში ისტორიული ნარატივი მთლიანად შეიცვალა. ახლა მოსწავლეებს სთავაზობენ ქვეყნის წარსული აღიქვან საერთო თურქული სამყაროს ისტორიის ნაწილად - უძველესი თურქესტანიდან თანამედროვე თურქეთამდე. გარდა ამისა, ახალ სახელმძღვანელოებში ცენტრალურ აზიაში მცხოვრები ხალხები და ტერიტორიები წარმოდგენილი არიან ერთიანი თურქული ცივილიზაციური სივრცის შემადგენელ ელემენტებად.
ანკარის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დოქტორის, ორჰან გაფარლის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება ამ გზით რეგიონულ იდენტობას აყალიბებს. მისი თქმით, როგორც თურქეთში, ისე სხვა თურქულენოვან ქვეყნებში ცენტრალური აზიის რეგიონს ისტორიულად მართლაც თურქესტანს უწოდებდნენ. ამიტომ პოლიტოლოგი ამ ცვლილებას ფესვებთან დაბრუნების პროცესად მიიჩნევს.
„პირველი ნაბიჯი გადადგა თურქეთმა, როგორც ამ რეგიონისა და თურქულენოვანი სახელმწიფოების ლიდერმა. ანკარას სურს მიანიშნოს, რომ თურქულ სამყაროს აღარ შევხედავთ რუსეთის იმპერიის, რუსი ან დასავლელი აღმოსავლეთმცოდნეების თვალით, - განმარტავს პოლიტოლოგი. - დღეს სახელმწიფო დოკუმენტებში, მოლაპარაკებებსა და აღწერებში რეგიონს აღარ უწოდებენ ცენტრალურ აზიას. მას თურქესტანს უწოდებენ. შესაბამისად, ეს ცვლილება სასკოლო სახელმძღვანელოებშიც უნდა აისახოს, რათა ბავშვებმაც დაისწავლონ, რომ ეს არა ცენტრალური აზია, არამედ თურქესტანია.“
ამჟამად თურქეთის გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში ორივე ტერმინი პარალელურად გამოიყენება, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობით. „ცენტრალური აზია“ აღნიშნავს რეგიონის გეოგრაფიულ სახელწოდებას, ხოლო „თურქესტანი“ - მის ისტორიულ-კულტურულ სახელწოდებას.
„აზიის კონტინენტზე თურქული კულტურის კერა - ცენტრალური აზიაა. თუმცა, რადგან ეს ვრცელი რეგიონი, სადაც თურქული ხალხები ცხოვრობენ, ისტორიული, კულტურული და ეთნიკური თვალსაზრისით თურქების კომპაქტური განსახლების ტერიტორიას წარმოადგენს, მას ასევე თურქესტანს, ანუ თურქთა მიწასაც უწოდებენ“, - აღნიშნულია თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ 2025 წელს გამოცემულ X კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში.
ამასთან, XII კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში „თურქესტანი“ გაცილებით ფართო ტერიტორიად არის წარმოდგენილი, ვიდრე თანამედროვე გაგებით ცენტრალური აზიაა. ავტორები „თურქესტანს“ ოთხ ნაწილად ყოფენ: დასავლეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ირანულ თურქესტანად. ამ კონცეფციის მიხედვით, თურქესტანში შედის თანამედროვე ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიები, ჩინეთის სინძიან-უიღურის ავტონომიური რეგიონი (სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქულენოვანი მუსლიმებია), ასევე ავღანეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და ირანის ნაწილები.
თურქ მოსწავლეებს ასევე აცნობენ „თურქული სამყაროს“ განახლებულ რუკასაც. მასზე ცალკეა გამოყოფილი დამოუკიდებელი თურქული სახელმწიფოები - თავად თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. რუკაზე ასევე დატანილია უზბეკეთის ტერიტორიის ნაწილი (ყარაყალპაყეთის გარეშე) და მხოლოდ ანკარის მიერ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.
რუკაზე ცალკეა მონიშნული რუსეთის თურქული რეგიონებიც - თათრეთი, ბაშკირეთი, დაღესტანი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ჩუვაშეთი, ასევე მოლდოვის გაგაუზეთი და ჩინეთის სინძიან-უიღურის ავტონომიური რეგიონი. ამავე ჩამონათვალში მოხვდა ყარაყალპაყეთიც, რომელიც უზბეკეთის შემადგენელი ნაწილია.
რუკაზე ასევე გამოყოფილია ტერიტორიები, სადაც ე.წ. „თურქული თემები“ ცხოვრობენ. ეს ტერიტორიები მოიცავს ციმბირს, მონღოლეთს, პაკისტანს, ინდოეთს, ირანსა და ევროპის ნაწილს. შედეგად, ახალ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი „თურქული სამყარო“ ევრაზიის თითქმის ნახევარს ფარავს.
მთლიანობაში, ახალი სახელმძღვანელოები ამკვიდრებს იდეას, რომ „თურქული სამყარო“ ყველა თურქულენოვან ხალხსა და სახელმწიფოს აერთიანებს, ხოლო თურქესტანი თურქების ისტორიული სამშობლოა.
რატომ გამოიწვია ახალმა სახელმძღვანელოებმა უკმაყოფილება დუშანბეში
თურქეთის მიერ „თურქესტანის“ ცნების აქტიურმა დამკვიდრებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით კი ტაჯიკეთში. ტაჯიკეთის მოსახლეობა ირანულენოვანი ხალხია, რომელიც საკუთარ თავს თურქული კულტურისგან განსხვავებულ ცივილიზაციას მიაკუთვნებს. ამიტომ თურქეთის გადაწყვეტილებამ ტაჯიკურ საზოგადოებაში უკმაყოფილება და ისტორიის საკითხებთან დაკავშირებული კამათი გამოიწვია. ტაჯიკი ისტორიკოსის, აბდუვალი შარიფზოდას თქმით, ცენტრალურ აზიას ყოველთვის თურქესტანი არ ერქვა, როგორც ამას თურქი ისტორიოგრაფები ამტკიცებენ.
„ეს იყო სოღდი, ბაქტრია, ხორეზმი, ფერგანა. „ავესტის“ ტექსტებში ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე 15 სახელმწიფოა მოხსენიებული. „ავესტაში“ ნახსენები ტოპონიმები არანაირ კავშირში არ არიან არაარიელ ტომებთან, - ამბობს შარიფზოდა, - ისინი (თურქები) ცენტრალურ აზიაში მოგვიანებით მოვიდნენ. თუ ისინი გვთავაზობენ, ცენტრალურ აზიას „თურქესტანი“ ვუწოდოთ, მაშინ ჩვენ მათ ქვეყანას „აღმოსავლეთ რომის იმპერიას“ ან „ბიზანტიას“ დავარქმევთ.“
სხვა ტაჯიკი ისტორიკოსი, კამოლუდდინ აბდულოევი, მიიჩნევს, რომ რეგიონის წარსული იმდენად მდიდარია, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი კონცეფციის სასარგებლოდ შეიძლება არგუმენტების მოძიება - იქნება ეს „ცენტრალური აზია“, „თურქესტანი“ თუ „ირანზამინი“ (დიდი ირანი).
მისი თქმით, თურქეთის ნაბიჯები სერიოზულ კონფლიქტს არ იწვევს, თუმცა ტაჯიკებს საერთო რეგიონული სივრციდან გამორიცხავს.
„პანთურქიზმთან ბრძოლა ჩვენში თითქმის სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილად იქცა - ეს ჩვენთვის გადარჩენის ფორმაა. ჩვენ მხოლოდ ერთი სპარსულენოვანი რესპუბლიკა ვართ და ამიტომ კულტურული იდენტობის, ენისა და უნიკალური ისტორიის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არ გვინდა, რომ ყველას ერთ „თურქესტანულ“ საზომში მოგვაქციონ,“ - აცხადებს აბდულოევი.
თურქეთი ცდილობს ცენტრალურ აზიაში პოზიციების გამყარებას?
ისტორიის „გადაწერა“ და კონკრეტული ისტორიული ტერმინებისა თუ გეოგრაფიული სახელწოდებების დამკვიდრება მხოლოდ თურქეთის პრაქტიკა არ არის. ამავე ცენტრალურ აზიაში მსგავს პოლიტიკას ატარებს რუსეთიც. მოსკოვი რეგიონში ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს რუსული სასწავლო პროგრამით მოქმედი სკოლების მშენებლობასა და კრემლის ნარატივებით გაჯერებული რუსული სახელმძღვანელოებით მათ მომარაგებაზე.
ამ სახელმძღვანელოებში ცენტრალური აზიის ქვეყნები ხშირად რუსულენოვანი სივრცის ნაწილად არიან წარმოდგენილი. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ რეგიონი ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს რუსეთთან (რომელიც რეგიონში დომინანტ ძალად იყო წარმოდგენილი) და მის კულტურასთან. ხოლო როცა ცენტრალური აზიის ქვეყნები თავიანთ სახელმძღვანელოებში რეგიონის ისტორიის საკუთარი ვერსიის წარმოჩენას ცდილობენ, ეს მცდელობა, როგორც წესი, რუსეთის მმართველი წრეების უკმაყოფილებას იწვევს.
ექსპერტების შეფასებით, თურქეთის საგანმანათლებლო პროგრამებში ტერმინ „თურქესტანის“ აღდგენა არა აკადემიური, არამედ პოლიტიკური საკითხია. აღმოსავლეთმცოდნე რუსლან სულეიმანოვის თქმით, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, სურს ისტორიაში თურქული ხალხების მფარველისა და ლიდერის როლით დარჩეს. თუმცა ცენტრალურ აზიაში უკვე მყარად არიან დამკვიდრებული რუსეთი და ჩინეთი. ამიტომ, როგორც სულეიმანოვი ამბობს, ანკარას მათთან ეკონომიკური კონკურენცია უჭირს და ცდილობს, კულტურული და იდეოლოგიური ლიდერი გახდეს.
„მაგალითად, ყაზახეთი თითქმის 90%-ით არის დამოკიდებული რუსეთის ნავთობზე. აღარაფერს ვამბობ ცენტრალური აზიის რესპუბლიკების სხვა დარგებსა და მათ მჭიდრო კავშირებზე რუსეთთან. ამასთან, ვხედავთ, რომ ჩინეთი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებს რეგიონში, რასაც თურქეთი ჯერჯერობით ვერ აკეთებს, - ამბობს სულეიმანოვი, - ასეთი ეკონომიკური საფუძვლისა და სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მსგავსი ინიციატივები, დიდი ალბათობით, მხოლოდ ქაღალდზე დარჩება. თურქეთი და თურქულ სამყაროში თურქეთის უპირატესობის მომხრეები, სავარაუდოდ, ისეთი სიმბოლური ნაბიჯებით დაკმაყოფილდებიან, როგორიცაა საერთო (არაკირილიცური) ანბანის შექმნა და რაღაცებისთვის სახელების გადარქმევა.“
ევრაზიის რეგიონის თურქი მკვლევრის, ოღულ თუნას შეფასებით, ანკარა ცენტრალურ აზიაში განზრახ მოქმედებს ნელა და ფრთხილად, რათა მოსკოვისა და პეკინის ინტერესები არ დააზიანოს. თუმცა, ექსპერტის თქმით, თურქეთი უკვე გადავიდა ცენტრალურ აზიაში გავლენის გაძლიერების მცდელობის ახალ ეტაპზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის როლის გაზრდა. ამ ორგანიზაციას ანკარა რეგიონში თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევს. გარდა ამისა, თურქეთს ექსპორტზე მხოლოდ საკუთარი კულტურა (ფილმები და სერიალები) და განათლებას კი არ გააქვს, არამედ - სამხედრო ტექნოლოგიებიც.
„რა თქმა უნდა, საუბარია თანდათანობით პროცესზე. არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი სამ ან ხუთ წელიწადში მოხდება - საუბარია 10-15 წელზე გათვლილ პროცესზე, - განმარტავს ის, - შემდეგ ეტაპებზე თურქეთი, სავარაუდოდ, შეეცდება, პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო ურთიერთობების გაძლიერებას. მით უმეტეს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მან უკვე დაიწყო ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა სამხედრო და თავდაცვითი მრეწველობის სფეროში. ამ მიმართულებით თავად ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც მიმართავენ თურქეთს. ყირგიზეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, უზბეკეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები, თურქმენეთისთვის დრონებისა და სამხედრო ტექნიკის მიყიდვა - ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ კულტურის, ანბანისა და ენის დონიდან უკვე ახალ ეტაპზე გადავდივართ.“
ფორუმი