Accessibility links

თუშების პროტესტი - რატომ ვერ იხსნება ფშაველი-აბანო-ომალოს გზა


თუშეთისკენ მიმავალი გზა ყოველ წელს მაისის შუა რიცხვებიდან იხსნებოდა, თუმცა წელს ასე არ მოხდა. გზის 56-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ხელოვნური ტბა წარმოიქმნა, რომელსაც 600 მეტრამდე სიგრძის საავტომობილო გზა წყლით აქვს დაფარული.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ ბოლო დროის ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა 10 მაისს გზის მონაკვეთი კვლავ დააზიანა. თუშეთისკენ მიმავალ გზაზე დაწესებული შეზღუდვა განსაკუთებით ადგილობრივებსა და რეგიონში მცხოვრებ მესაქონლეებს აწუხებთ.

მწყემსებს ცხვარი და საქონელი მთაში ვერ მიჰყავთ, ადგილობრივები კი, ვისაც სასტუმრო ბიზნესი აქვს, ტურისტებს ვერ იღებენ.

სწორედ ამის გამო ხმაური იყო დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც სხდომაზე დასასწრებად სამი სოფლის - ზემო და ქვემო ალვნის, ასევე ლალისყურის - მოსახლეობა მივიდა. საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. მოსახლეობა ითხოვდა, რომ საკრებულოს განეხილა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შექმნილი პრობლემა, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნანა ყეინიშვილმა კი განაცხადა, თუშეთის გზაზე არსებული სიტუაციის შესასწავლად და შესაფასებლად საგზაო დეპარტამენტი ადგილზე მუშაობსო. თუშები ამბობენ, რომ „შესაბამისი სამსახურები კარგად რომ მუშაობდნენ, მეწყერის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი ტბა დამშრალი იქნებოდა და დაზიანებული გზები შეკეთებული“.

ახმეტის საკრებულოში მისვლამდე ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი ინფორმაციით, უკვე რამდენიმე წელია ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე პრობლემებია, შესაბამისი უწყებები კი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გეგმა შემუშავდეს და პრობლემა მოგვარდეს. მოსახლეობის ნაწილის თქმით, წყლის ამოსაღებად სამუშაოების დაწყება რაც უფრო გვიანდება, დატბორილი ტერიტორია კიდევ უფრო ფართოვდება. ამ დრომდე ტბაში ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.

„ორი კვირის უკან რომ მივიდნენ, გეოლოგებს დაკვირვება მაშინ უნდა ჩაეტარებინათ და ასე აღარ იქნებოდა. ახლა იძახიან, დაკვირვებას ვიწყებთო... ჩვენ რა გვეშველება?“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იზიარებს და სამართლიანად მიიჩნევს ახმეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ შაქრო ტერტერაშვილი. ის ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს პრობლემის გადასაჭრელად ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

აქციის მონაწილეებს შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი, რომელმაც თქვა:

„არ შეიძლება რომ მოსახლეობის მოთხოვნით და რაღაც სხვადასხვა გადაწყვეტილებების გამო გაიხსნას ეს გზა, იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო უარესი შედეგები“.

მეტრეველი იმასაც ამბობს, რომ „გეოლოგებს დავალება მიცემული აქვთ და საკითხს სწავლობს საგზაო დეპარტამენტი“.

დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ თემაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს დასახავენ, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფოს ვერც ერთი უწყება გადაჭრით ვერ ეუბნება, როდის გაიხსნება თუშეთისკენ მიმავალი გზა. თუშებმა კი განაცხადეს, რომ მთავრობას სამდღიან ვადას აძლევენ და თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, გზას თავადვე გახსნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG