Accessibility links

„თუ სახლი თავზე არ ენგრევა, ბავშვს ოჯახიდან არ გამოიყვანენ“


ერთ-ერთი უსახლკაროს საცხოვრებელი რუსთავში. 2018 წ.

ბარაკებში თვითნებურად შესახლებული ადამიანები მხოლოდ თბილისში მთელ რიგ დასახლებებს ქმნიან, თუმცა მათი კონკრეტული რაოდენობა მაინც უცნობია. უსახლკარო ადამიანი და ბავშვი მთავრობის პრიორიტეტების მიღმაა, - აცხადებენ ექსპერტები.

ჩემს ყოფილ ქმარს ჩვენთან მოკარება აკრძალული აქვს. ალიმენტსაც ვერ ვახდევინებ, უმუშევარია.

ირინა გაბინაშვილი 6 შვილთან ერთად, რამდენიმე წელია, რუსთავში ყოფილ „დენის ჯიხურში“ ცხოვრობს, რომელიც საკუთარი ხელით გაასუფთავა და შელესა. სახურავი სხვებმა გაუკეთეს, თუმცა სახლს ფანჯრები დღემდე მორყეული აქვს და ქარი და წვიმა ოთახში თავისუფლად აღწევს. ოჯახი სოციალური დახმარებით ცხოვრობს.

„ბევრს სურდა ჩვენი დახმარება, მაგრამ რადგან ამ შენობაში უკანონოდ ვართ შემოსულები და ყოველ წუთას შეუძლიათ გამოგვყარონ, აღარაფერს აკეთებენ. ჩემს ყოფილ ქმარს ჩვენთან მოკარება აკრძალული აქვს. ალიმენტსაც ვერ ვახდევინებ, უმუშევარია. მეც მხოლოდ წინდებს ვქსოვ ხანდახან და იმას ვყიდი“, - ამბობს ირინა გაბინაშვილი.

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც, რამდენიმე წელია, ქველმოქმედებას ეწევა, ამბობს, რომ პირადად მან 200 ოჯახი მაინც იცის, რომლებიც სხვადასხვა შენობაში არიან შეჭრილი:

„მტკვრის ნაპირას რომ გაიაროთ, ყველგან ნახავთ ასე, თავისით, შესახლებულ ხალხს. ზოგმა სახლი დაკარგა, ზოგი პირდაპირ იქვე გაიზარდა და ახლა შვილებს ზრდის. ბევრი ბავშვი ჰყავთ. თავი როგორ უნდა დაიცვან, ისიც ვერ გაუგიათ“.

World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებისა და ადვოკატირების მენეჯერ მაია მგელიაშვილისთქმით, ბევრი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიანი, სრულიად შეუფერებელ პირობებში ცხოვრობს, მაგრამ სოცმუშაკები ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანის რეკომენდაციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გასცემენ.

„თუ სახლი თავზე არ ენგრევა, ბავშვს ოჯახიდან არ გამოიყვანენ. ძირითადად პრობლემა მაინც ის არის, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკები არ გვყავს“, - ამბობს ის.

უსახლკაროები თავშესაფრით ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა უზრუნველყონ, მაგრამ სახელმწიფო მათთვის შენობების გადაცემას აჭიანურებს ან საერთოდ არ აძლევს, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი:

„მაგალითად, ხუდადოვზე წლების განმავლობაში ტუბდისპანსერში ცხოვრობდნენ დევნილები და მერე, როგორც იქნა, დაუკანონეს. უსახლკაროდ რჩებიან ეკომიგრანტებიც. მიტოვებულ შენობებში ხვდება გაღატაკებული მოსახლეობაც, რომელმაც საცხოვრებელი მძიმე ავადმყოფობის, ბანკის ვალის ან სხვა რამის გამო დაკარგა“.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 800 ოჯახს დაუკანონდა ფართი, სადაც წლების განმავლობაში (დაახლოებით, 20 წელი) ცხოვრობდა, თუმცა განცხადება გაცილებით მეტს, 2200 ოჯახს, ჰქონდა შეტანილი. დანარჩენებისთვის ფართი არ გაუფორმებიათ, რადგან მათი შენობები მერიას არ ეკუთვნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG