Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წელი ღმერთისა თუ პუტინის სამსახურში?!


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ატომურ სარაკეტო კრეისერ "პეტრე დიდის" დათვალიერებისას .
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ატომურ სარაკეტო კრეისერ "პეტრე დიდის" დათვალიერებისას .

15 წლის წინ, 2009 წლის 1 თებერვალს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევი) ინტრონიზაციის ცერემონია. პატრიარქობამდე კირილე, თითქმის 20 წელი, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე იყო.

2009 წლის 27 იანვარს გამართულ ადგილობრივი საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტ კირილეს მხარი დაუჭირა კრების 508 წევრმა, მეორე კანდიდატმა, კალუგის მიტროპოლიტმა კლიმენტიმ კი მხოლოდ 169 ხმა მიიღო.

კირილე პატრიარქის ტახტზე აიყვანა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ორმა უხუცესმა წევრმა, აწ გარდაცვლილმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა და სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა.

პატრიარქობამდე კირილე, თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ეკლესიური კავშირების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე.

კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავი მიულოცა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კრემლში მიიღო.

„გულწრფელად და გულითადად გილოცავთ დღესასწაულს - აღსაყდრების დღეს. თხუთმეტი წელი. ვფიქრობ, ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ გაიქროლა ამ თხუთმეტმა წელმა. <...> გმადლობთ თქვენი შრომისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და სტუმარს თაიგული გადასცა.

ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ, კირილე I, 2017 წ.
ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ, კირილე I, 2017 წ.
  • რა როლი აქვს პატრიარქ კირილეს რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში?
  • რა გზა გაიარა ვლადიმირ გუნდიაევმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწვერვალზე ასასვლელად?

რუსეთში არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოებას კირილეს მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ჯერ საბჭოთა КГБ-სთან (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი), შემდეგ კი რუსულ ФСБ-სთან.

რუსეთის პატრიარქი ასევე ცნობილია ფუფუნების, განსაკუთრებით კი ძვირფასი ავტომობილების სიყვარულით.

პატრიარქობის მესამე წელს კირილემ მხარი დაუჭირა პუტინის მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევას და მას შემდეგ იგი რუსეთის პრეზიდენტის მხურვალე მხარდამჭერია.

2022 წელს თავის საჯარო გამოსვლებსა თუ ქადაგებებში კირილემ არაერთხელ გაამართლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. რუსეთის პატრიარქი დღემდე უჭერს მხარს უკრაინაში ომს, რომელსაც თვითონ, კრემლის პროპაგანდის შესაბამისად, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.

კირილე, მისი წინაპრები და განსხვავებული კავშირები КГБ-სთან

ვლადიმირ გუნდიაევის ბაბუა, მღვდელი ვასილი გუნდიაევი, საბჭოთა პერიოდში სამჯერ დააპატიმრა НКВД-მ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროპაგანდის გამო, მათ შორის 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს. საერთო ჯამში, რუსეთის მომავალი პატრიარქის ბაბუამ თითქმის 30 წელი გაატარა ციხეებსა და გულაგის ბანაკებში. 1934 წელს ვასილი გუნდიაევის ვაჟს (რუსეთის დღევანდელი პატრიარქის მამას), მიხაილს, ბოლშაია ოხტას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარს, НКВД-ს ტროიკამ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრობისა და ამხანაგ სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მომზადებისთვის. 12 წლის შემდეგ სწორედ მიხაილისა და მისი მეუღლის, რაისას ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც ვლადიმირი დაარქვეს.

მამისა და ბაბუისგან განსხვავებით, რუსეთის მომავალ პატრიარქს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან, რომლებსაც ბევრად ადრე დაუკავშირდა, ვიდრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური გახდებოდა.

2023 წლის 5 თებერვალს შვეიცარიული გამოცემის Tages Anzeiger-ის ჟურნალისტმა ბერნარ ოდენალმა გამოაქვეყნა გამოძიება რუსეთის პატრიარქ კირილეს შესახებ, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელმა ჟურნალისტმა ჟენევაში მიაკვლია არქივს, რომელიც შეიცავს შვეიცარიის დაზვერვის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ გუნდიაევი მუშაობდა КГБ-ზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ჟენევაში ცხოვრობდა.

საერთო ჯამში, შვეიცარიის სპეცსამსახურების არქივში ჟურნალისტებმა კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევის) შესახებ 37 ჩანაწერი იპოვეს. როგორც ირკვევა, ეკლესიამ გუნდიაევი შვეიცარიაში გაგზავნა 1971 წელს. მომავალმა პატრიარქმა ძალიან სწრაფად გამონახა საერთო ენა ემიგრაციაში მყოფ რუსულ დიასპორასთან.

„ფაილები, რომლებზეც წვდომა ჩვენ მივიღეთ, არ შეიცავს დეტალებს იმის შესახებ, თუ რა ამოცანებს ასრულებდა იგი, მაგრამ ჩვენ ვესაუბრეთ რუსეთის სათვისტომოს წარმომადგენლებს, რომლებიც ბევრს ურთიერთობდნენ მასთან და მივედით დასკვნამდე, რომ ვლადიმირ გუნდიაევი აგროვებდა ინფორმაციას მათ შესახებ“, - ამბობს ბერნარ ოდენალი The Current Time-თან ინტერვიუში.

შვეიცარიაში საბჭოთა საელჩოს მაშინდელი კონსულის, КГБ-ს ოფიცრის, ვადიმ მელნიკოვის ავტობიოგრაფიაშიც არაერთი მოგონებაა რუსეთის მომავალ პატრიარქზე.

მღვდელ ვლადიმირ გუნდიაევს, თვითმხილველების თქმით, ჰყვარებია ლამაზი ცხოვრება: კონიაკი და შამპანური, მთები, თხილამურები და ძვირადღირებული მანქანები.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესის ტაძარი ჟენევაში
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესის ტაძარი ჟენევაში

„იმ პერიოდში შვეიცარიას, სულ ცოტა, 43-ჯერ მაინც სტუმრობდა. საბჭოთა კავშირში 74-ში დაბრუნდა. რატომ? ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მელნიკოვის თქმით, კირილეს მაშინაც უყვარდა ფუფუნება, ძვირადღირებული ავტომობილები, მათ შორის თეთრი BMW, რომელიც იმ დროს შვეიცარიისთვისაც კი უზარმაზარ ფუფუნებას წარმოადგენდა, - ამბობს ბერნარ ოდენალი, - ერთხელაც ის გაემგზავრა მთებში, სადაც დაამტვრია ეს მანქანა. მელნიკოვის თქმით, ამან გამოიწვია სკანდალი, რომელიც პრესაში მოხვდა და ალბათ ამიტომ КГБ-მ გადაწყვიტა მისი გაყვანა ქვეყნიდან“.

წოდებისა და სამხრეების გარეშე?

რუსეთის პოლიტიკის მკვლევრების თქმით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პოსტზე, ალბათ, ყველა კანდიდატს ჰქონდა ჯერ КГБ-ს, შემდეგ კი ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) მხარდაჭერა, მათ შორის გამონაკლისი არც კირილეა.

აქვს თუ არა მას სამხედრო წოდება და ატარებს თუ არა იგი ანაფორის ქვეშ სამხრეებს?

ამ კითხვის პასუხად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი ამბობს, რომ ეს მისი დონე არ არის.

„ის თავს არ იმცირებს ამ დონემდე. კირილეს აქვს წვდომა პრეზიდენტთან. რაში სჭირდება მას რაღაც ФСБ? ყველაფერი შეიცვალა. ის იქით იყენებს ჩეკისტებს (უშიშროების თანამშრომლებს) და არა პირიქით. აგენტი იყო თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?“ - კითხულობს ანდრეი კურაევი.

ანდრეი კურაევი
ანდრეი კურაევი

2010 წლის 25 თებერვალს გამართულ ინაუგურაციაზე პატრიარქმა კირილემ აკურთხა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც, როგორც ცნობილია, უკრაინის რუსეთთან დაახლოების კურსი აირჩია.

წელიწადიც არ იყო გასული, რომ იანუკოვიჩმა კირილესგან მიიღო ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენი, თუმცა ვერც კრემლმა, ვერც ФСБ-მ და ვერც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვერ მოახერხეს უკრაინის მოსკოვის მფარველობის ქვეშ შეყვანა.

რუსეთის პატრიარქი დიდი ხნის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა დონბასში მიმდინარე ომის შესახებ, მაგრამ მოუწოდებდა მრევლს, ელოცათ მშვიდობისა და რუსი ხალხის (რომლის ნაწილადაც უკრაინელებს მიიჩნევს) ერთიანობისთვის, „რამეთუ ჩვენ ყველანი გამოვედით კიევის ემბაზიდან“.

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ძმების სისხლით შეღებილი საშინელი ზღვარი გაივლოს“, - ესაა 2022 წლის 27 თებერვალს წარმოთქმული მისი სიტყვები. უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი უკვე სამი დღის დაწყებული იყო, მიმდინარეობდა ბრძოლები კიევისთვის, რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ბერდიანსკი, ხერსონში კი ჯარები შედიოდნენ. უკვე იყო ასობით, უფრო სწორად, ათასობით დახოცილი, მაგრამ პატრიარქმა კირილემ არც კი მოუწოდა კრემლს სისხლისღვრის შეწყვეტისკენ.

რუსეთის პატრიარქი უკრაინას „რუსულ მიწად“ მიიჩნევს.

„ღმერთმა დალოცოს რუსული მიწა. როდესაც ვამბობ რუსულს, ვიყენებ ძველი წყაროებიდან აღებულ გამონათქვამს - „საიდანაც იღებს სათავეს რუსეთის მიწა, რომელიც ახლა მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსიას“, - განაცხადა მან ერთ-ერთი ქადაგების დროს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პატრიარქმა მალევე მიიღო კრემლის მიერ შეთავაზებული თამაშის წესები და საჯაროდ ჩაერთო საინფორმაციო-პროპაგანდულ ომში.

რუსეთის პატრიარქი კირილე და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
რუსეთის პატრიარქი კირილე და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

„რვა წლის განმავლობაში ცდილობდნენ იმის განადგურებას, რაც არსებობს დონბასში. დონბასში კი არსებობს ფუნდამენტური უარყოფა იმ ღირებულებებისა, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ ისინი, ვინც პრეტენზიას გამოთქვამენ მსოფლიოს მართვაზე“, - განაცხადა კირილემ, რომელიც ასევე ცნობილია თავისი მილიტარისტული განცხადებებით.

„ჩვენ ისე ვართ აღზრდილები, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ დავიცვათ იგი ისე, როგორც მხოლოდ რუსებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგული ჩვენი ფიცისა, რომ სული დავდოთ ჩვენი მოყვასისათვის, როგორც ამას წმინდა წერილი გვეუბნება“, - ამ სიტყვებით მიმართა პატრიარქმა კირილემ რუს სამხედროებს, რომლებსაც ასევე მოუწოდა, არ შეშინებოდათ სამშობლოსთვის სიკვდილისა. ამასთან, მას არ გაუკეთებია მოწოდება ომის დასრულებისკენ.

„წესით, ასეთი პოზიცია უნდა გამოეხატა პატრიარქს, რომელიც თავს მიიჩნევს როგორც მოსკოვის, ასევე კიევის პატრიარქად, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, - ამბობს ანდრეი კურაევი, - ალბათ იმიტომ, რომ ხვდება, რომ მშვიდობიანი საშუალებებით უკრაინაზე თავისი გავლენის შენარჩუნება შეუძლებელია. სადაც იქნებიან რუსული ტანკები, იქ იქნება მისი კანონიკური ტერიტორია“.

„კირილეს შემცვლელი კირილეზე უარესი იქნება“

იაკოვ კროტოვი, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის (განახლებული) ხარკოვ-პოლტავის ეპარქიის მღვდელი, ისტორიკოსი და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის თანამშრომელი ამბობს, რომ რუსეთის პატრიარქს აღსაყდრების 15 წლისთავზე ბევრად მნიშვნელოვანი თარიღი აქვს აღსანიშნი:

იაკოვ კროტოვი
იაკოვ კროტოვი

„15 წელი ინტრონიზაციიდან, ეს დიდი თარიღია. თუმცა ათვლა უნდა დავიწყოთ 1969 წლიდან, როცა სულ ყმაწვილი პირველკურსელი სემინარისტი გადაიბირეს უშიშროების ძალებმა. როგორც წესი, ამბობენ ხოლმე კგბ-მო, მაგრამ რადგანაც საზღვარგარეთ გააგზავნეს, სავარაუდოდ, გადაიბირა საგარეო დაზვერვის სამსახურმა. ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მაგრამ 55 წელი კრემლის სამსახურში ყოფნა - სერიოზული, დიდებული თარიღია. თუმცა ისიც მინდა შევნიშნო, რომ პატრიარქის როლი თანამედროვე რუსეთში მეტისმეტად გაზვიადებულია. უცხოურ გამოცემებში ხშირად მხვდება მოსაზრება, რომ რუსეთში სამხედრო თეოკრატიაა და, რომ პატრიარქი კირილე ლამის სახელმწიფოს მეთაურია. ეს, რა თქმა უნდა, გაურკვევლობაა, რადგან რუსეთის სახელმწიფოს თავკაცად რჩება ვლადიმირ ვლადიმირის ძე, პატრიარქი კირილე კი ერთ-ერთი, მესამეხარისხოვანი ჩინოვნიკია. საოცრება სწორედ ისაა - როგორ შეძლო სახელმწიფოს მეთაურმა მესამეხარისხოვანი ფიგურისგან ოპერატიული საფარველის გაკეთება, როგორც შეძლო ისრების გადატანა. დასავლეთს შესაძლოა მართლა ჰგონია, რომ რუსეთი გატენილია შავრაზმელებით, ფანატიკოსი მორწმუნეებით და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმადიდებლური სიმბოლოები შემცირდა, მართლმადიდებლური დღესასწაულების მისალოცი დაფებიც გაქრა ქუჩებიდან. კიდევ ერთი ფაქტორი: ხრუშჩოვის დროს უფრო ხშირად შეხვდებოდით მოსკოვის ქუჩაში მღვდელს, ვიდრე - ახლა. ხალხს რცხვენია, რაც ალბათ ცუდი არაა. სკოლებშიც სამხედრო პროპაგანდა თუ დიდი რუსეთის იდეის პროპაგანდა, მიმდინარეობს არა ეკლესიურ კალაპოტში, არამედ სეკულარულ კალაპოტში, თუმცა რომელი ექსპერტი შეძლებს დაასახელოს რუსეთის განათლების მინისტრის გვარი? ძალიან ცოტა. მაშინ, როცა კირილეს ვინაობა ყველამ იცის. საომარი რიტორიკის ლექსიკური ნაკადი მთლიანად სამოქალაქო ინსტიტუტებიდან მოდის, ისრები კი პატრიარქისკენაა მიმართული. ცხადია, არავინ აპირებს კირილეს შებრალებას, მან ამის საფასურად მიიღო ძვირადღირებული ავტომობილები, სახლები, იახტები და ა.შ. მაგრამ რას ეუბნება იგი ღამით გაღვიძებულ სინდისს? ალბათ არაფერს. 55 წლის განმავლობაში მისი სინდისი სრულიად სუბლიმირდა, აორთქლდა. მაგრამ ჩემი დაკვირვებით რუსეთში ყოველი ახალი ხელმძღვანელობა უარესია წინაზე, ამიტომ უმჯობესია ისევ კირილე იყოს: ცნობილი, სიმპათიური და მადლიანი ბოროტება, რაღაც ევროპული სტილისა, მომდევნო ზუსტად ვიცი, რომ მასზე უარესი იქნება. ასე რომ, მოგვიწევს დავტკბეთ პატრიარქ კირილებს დიდების სხივებით“.

კირილე I, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი: „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კიევი ჩვენი კონსტანტინოპოლია თავისი აია-სოფიათი. ესაა რუსული მართლმადიდებლობის სულიერი ცენტრი და სამხრეთი დედაქალაქი. <…>რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სამწყსო მისიას ასრულებს იმ ხალხებს შორის, რომლებიც იღებენ რუსულ სულიერ და კულტურულ ტრადიციას თავიანთი ეროვნული იდენტობის საფუძვლად, ან სულ მცირე თავის არსებით ნაწილად. სწორედ ამიტომ ამ თვალსაზრისით მოლდოვას რუსული სამყაროს ნაწილად მივიჩნევთ... ჩვენს ხალხებს აქვთ ძლიერი შეგნება რუსული სახელმწიფოებრივი და სოციალური ტრადიციის უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის შესახებ, დაწყებული კიევის რუსეთის დროიდან და დამთავრებული დღევანდელი რუსეთით, უკრაინით, ბელორუსიით, მოლდოვით და რუსეთის ისტორიული სივრცის სხვა ქვეყნებით“.

კირილეს ნაამაგარი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მისი ეპარქიებისა და ეპისკოპოსების რაოდენობა პატრიარქ კირილეს დროს გაორმაგდა, ეკლესიების რაოდენობა კი თითქმის 12 ათასით გაიზარდა, - ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა მოსკოვის საპატრიარქოს ვებსაიტმა კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ:

  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია მოიცავს 16 ქვეყანას, მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლო ფუნქციონირებს კიდევ 87 სახელმწიფოში. ჯამში, რუსეთის ეკლესია დღეს წარმოდგენილია 103 ქვეყანაში.
  • 2009 წლის 1 იანვრისთვის, პატრიარქ კირილეს აღსაყდრებამდე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში 159 ეპარქია იყო. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეპარქიების რაოდენობა 166-ით გაიზარდა და 2024 წლის დასაწყისისთვის 325 შეადგინა.
  • 15 წლის განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა რიცხვი გაორმაგდა: 200 იყო 2009 წელს, 402-ია 2024 წლის იანვარში. სასულიერო პირთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 11 ათასით და 41,6 ათასს გადააჭარბა.
  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებისა და სამღვდელოების რაოდენობის პარალელურად, საგრძნობლად გაიზარდა ეკლესია-მონასტრების რაოდენობა. თუ 2009 წლის 1 იანვარს 30 ათასამდე ეკლესია და 804 მონასტერი იყო, ახლა ეკლესიათა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს, ხოლო მონასტერთა რაოდენობა 994-ს აღწევს.
  • ბოლო 15 წლის განმავლობაში 45-დან 56-მდე გაიზარდა უმაღლესი რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა.
  • კირილეს პატრიარქობის პერიოდში 13-ჯერ - 1000-მდე გაიზარდა სამხედრო ეკლესიების რაოდენობა, ხოლო სამხედრო მღვდელმსახურების რაოდენობა - 16-ჯერ (3,2 ათასი ადამიანი).

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG