Accessibility links

იანუკოვიჩთან სმა და მედვედევის წინ მასხარაობა. ვლადიმირ ზელენსკის პორტრეტი


ვლადიმირ ზელენსკი

შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 30,24 % მოაგროვა და გამოკითხვებით ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა ამ პოლიტიკოსის დოსიე: საშემოსავლო დეკლარაცია, მისი შემოქმედებითი კარიერა, ბიზნესი, მათ შორის რუსეთში საქმიანობა და გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის გარდაქმნის გეგმა, რაზეც თავად ზელენსკი არ საუბრობს ბოლო დროს მიცემულ ინტერვიუებში.

პროფესია

ვლადიმირ ზელენსკი დაიბადა ქალაქ კრივოი როგში, აღმოსავლეთ უკრაინაში. ბავშვობაში მშობლებთან ერთად 4 წელი ცხოვრობდა მონღოლეთში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაამთავრა კრივოი როგის სკოლა და შემდეგ ადგილობრივი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სტუდენტობის წლებში გაიტაცა თამაშმა ე.წ. КВН-ში (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი). წარმატება მოუტანა „კვარტალ 95“-ის გუნდში მონაწილეობამ, რომელშიც ზელენსკი იყო გუნდის კაპიტანი და მრავალი ნომრის ავტორი.

რამდენიმე წლის განმავლობაში ზელენსკი ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც იგი საკმაოდ პოპულარული გახდა არა მხოლოდ როგორც კომიკოსი მსახიობი. ის გადაიღეს არაერთ ფილმში, ასევე რამდენჯერმე უძღვებოდა საახალწლო გადაცემებს რუსეთის ცენტრალურ ტელეარხებზე.

ზელენსკი კარგად იცნობს რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს. მის გადაწყვეტილებას, კენჭი ეყარა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე, მიესალმნენ მაქსიმ გალკინი, ფილიპ კირკოროვი, ხოლო მიხაილ პორეჩენკოვმა და ივან ოხლობისტინმა უძღვნეს სახუმარო კლიპი, რომელშიც ზელენსკის მომავალ მთავრობაში პოსტებს ითხოვენ.

ზელენსკიმ „იდიოტები“ უწოდა პორეჩენკოვს და ოხლობისტინს.

ვლადიმირ ზელენსკი
ვლადიმირ ზელენსკი

ზელენსკი რუსი მსახიობების გარდა პირადად იცნობს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს.

უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამოვიდა მის წინაშე საზეიმო მიღებაზე, როდესაც მედვედევი ვიზიტით ესტუმრა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს.

ზელენსკის თანახმად, მედვედევმა იგი შეაქო ხუმრობისათვის და თქვა, „ჩვენთან ასე არ შეიძლება“.

2016 წელს ზელენსკი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვისათვის ამ ეპიზოდისთვის:

ზელენსკი იცნობდა უკრაინის ყველა პრეზიდენტს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მრავალ სახელმწიფო მეთაურს, ხშირად გამოდიოდა ოფიციალურ მიღებებსა და კერძო წვეულებებზე.

ზელენსკი, მისივე სიტყვებით, მეჟიგორიეს სამთავრობო აგარაკზე ესტუმრა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც, მსახიობის სიტყვებით, შეეცადა მის დათრობას, რათა ტელეარხ „ინტერს“, რომელსაც ზელენსკი ფლობდა, შეექო ქვეყნის მეთაური.თითქოს იანუკოვიჩი მას 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა, რაზეც ზელენსკიმ უარი განაცხადა.

ოჯახი

ვლადიმირ ზელენსკის ჰყავს ცოლი, ელენა და ორი შვილი: 14 წლის ალექსანდრა და 6 წლის კირილი. პრესაში აქამდე ოჯახის მხოლოდ რამდენიმე ფოტო გამოქვეყნდა, რასაც შოუმენი ცოლის სურვილით ხსნის: უცხო თვალისაგან იცავს პირად ცხოვრებასო.

ზოგჯერ ოჯახური ცხოვრება ზელენსკის ე.წ.სტენდაფ მონოლოგებში იჩენს თავს.

ცნობილი ხდება, რომ მისი ქალიშვილი ოცნებობს პროდიუსერობაზე და ისევე როგორც ბევრ მის უკრაინელ თანატოლს,უცხოეთში სურს წასვლა, რადგან შინ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მშობლები წინააღმდეგნი არიან და ჯერჯერობით ახერხებენ გოგონას დაოკებას. ალექსანდრა ზელენსკაიამ მამასთან ერთად ერთხელ ითამაშა ფილმ „8 ახალ პაემანში“ მთავარი გმირის შვილის როლი.

ბიზნესი და ქონება

ზელენსკი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო სამსახურში და არ ყოფილა ვალდებული მოეხდინა ქონებისა და შემოსავლების დეკლარაცია მანამდე, ვიდრე ოფიციალურად გამოაცხადებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის შემდეგ ზელენსკიმ გამოაქვეყნა უძრავ-მოძრავი ქონებისა და იმ კომპანიების სია, რომლებიც მას შემოსავლებს აძლევენ.

ზელენსკი კიევის შემოგარენში ფლობს 300 კვადრატული მეტრის ფართობის კერძო სახლს, მიწის ნაკვეთს, 2016 წლის გამოშვების ავტომობილ Range Rover-სა და შვიდ ძვირადღირებულ მაჯის საათს. ეს ყველაფერი მან მიუთითა 2017 წლის დეკლარაციაში, მაგრამ უარი თქვა საშემოსავლო დეკლარაციის შევსებაზე, თითქოს კანონი არ ავალდებულებდეს ამას.

შემოსავლების გამოქვეყნების მოთხოვნით გასულ წელს პრეზიდენტობის კანდიდატს მიმართა მოძრაობა „პატიოსნებამ“, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება სიგნალია „უკრაინის საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისა“.

დეკლარაციის გამოქვეყნების საკითხმა ბიძგი მისცა ჟურნალისტურ გამოძიებას რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის პროგრამა „სქემების“ მიერ, რომელმაც გამოარკვია, რომ ზელენსკის აქვს ბიზნესი რუსეთში, სადაც მას ეკუთვნის სამი კინოკომპანია, მეოთხე კი - მის ბიზნესპარტნიორს.

ერთ-ერთი მათგანის, ფირმა „გრინ ფილმსის“ ანგარიშზე, 2017 წელს ჩაირიცხა 850 მილიონ რუბლის დივიდენდი.

ამავე პერიოდში ზემოხსენებული კომპანიის წარმოების სამმა ფილმმა მოიპოვა რუსეთში ჩვენების უფლება, ხოლო ერთ-ერთი მათგანი „ნესტეროვის ყულფი“რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა - „პირველმა არხმა“ - უჩვენა.

რუსეთის კულტურის სამინისტროს 2017 წლის დადგენილებით შოუმენ ზელენსკის კომპანიამ რუსეთის ბიუჯეტიდან მიიღო სახელმწიფო დაფინანსება ფილმისათვის „ფიცი“.

ჟურნალისტური გამოძიების მასალების გამოქვეყნებამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ 2014 წლის შემდეგ მას არა აქვს ბიზნესი რუსეთში და პირობა დადო, რომ დატოვებდა კვიპროსში დარეგისტრირებულ კომპანია Green Family LTD-ს დამფუძნებელთა საბჭოს. ზელენსკის თქმით, 2014 წლის შემდეგ იგი მხოლოდ ძველი პროექტებისათვის იღებდა ჰონორარს და არ ჰქონია კავშირი სუბსიდირებასთან, რადგან მისი კომპანია გადასული იყო მინდობილობით მფლობელობაში.

წინასაარჩევნო კომპანიის დაწყების შემდეგ დაიწყო საუბარი ზელენსკისა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კავშირებზე.

ბიზნესმენის კუთვნილ ტელეარხ "1+1"-ზე გადის შოუ და სტუდია „კვარტალი 95“-ის მიერ მომზადებული ტელესერიალები.

ზელენსკის თქმით, მას კოლომოისკისთან მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინტერესი აკავშირებს. თუმცა ზემოხსენებულ კომპანია Green Family LTD-ში წილი აქვს ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კოლომოისკისთან დაკავშირებულ „პრივატ“ ჯგუფთან.

იგორ კოლომოისკიმ დაადასტურა, რომ ზელენსკის ადვოკატი ანდრეი ბოჰდანიმისი იურისტია. ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსანდრ ზელენსკი 13 -ჯერ იმყოფებოდა ჟენევასა და თელ-ავივში, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოლიგარქი კოლომოისკი.

დღეისათვის კოლომოისკი ცდილობს, რომ სასამართლოს გზით მოიპოვოს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია მისი კუთვნილი „პრივატბანკის“ 2016 წელს განხორციელებული ნაციონალიზაციის სანაცვლოდ. მაგრამ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, არ ჩაერევა სასამართლოს საქმიანობაში.

შეხედულება

ვლადიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ 2014 წლის მოვლენების შემდეგ გაწყვიტა კავშირი მის რუს ნაცნობებთან და ბიზნესპარტნიორებთან.

სტუდია „კვარტალ 95“-ის მსახიობებმა 1 მილიონი ჰრივნა (დაახლოებით 45 ათასი დოლარი) შეიტანეს უკრაინის არმიის ფონდში და ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში კონცერტებს მართავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებისათვის.

“ყირიმი ახლა მხოლოდ შეიძლება მოვიგონოთ. ნახვამდის“, - ამბობს ზელენსკი ერთ-ერთ ინტერვიუში. რაც შეეხება დონბასს, შოუმენი მომხრეა იმისა, რომ მოხდეს კიევის კონტროლიდან გასული თვითგამოცხადებული ტერიტორიების ინტეგრირება: მიეცეთ პენსიები იქ დარჩენილ მოსახლეობას, გაიხსნას მათთვის რუსულენოვანი ბაღები და მზად არის მოელაპარაკოს „თავად ეშმაკს, ოღონდ აღარ დაიღუპოს თუნდაც ერთი ადამიანი“.

ზელენსკის იდეაა, რომ რეფერენდუმით ან ონლაინ ხმის მიცემით გადაწყდეს დონბასში მშვიდობის მიღწევის საკითხი.

იგი რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. „მე არასდროს დავდივარ სტუმრად, თუ არ მპატიჟებენ. არ მინდა ვგრძნობდე თავს ზედმეტად, მეორეხარისოვან ადამიანად“, - ასე საუბრობდა ზელენსკი ევროკავშირზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ.

აი რას ამბობდა იგი ნატოზე: „ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ომი გვაქვს. ეს უკვე არის ერთ-ერთი პირობა, რის გამოც ჩვენ ვერ გავწევრიანდებით ალიანსში“.

პირველი ტურის შემდეგ ზელენსკიმ საკუთარი შეხედულებაში კორექტირება მოახდინა და განაცხადა, რომ არ აპირებს შეცვალოს ევროკავშირისა და ნატოსკენ აღებული კურსი, რაც რამდენიმე თვის წინ უკრაინის კონსტიტუციაშიც ჩაიწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG