Accessibility links

იან ჰორნატი: “ჩრდილოეთის ნაკადი 2” ზრდის რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებას


მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში გამოიკვეთა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. მათ შორის არის ნატო, რომელსაც ტრამპმა "მოძველებული" უწოდა. რამდენად სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება ალიანსისა და, ზოგადად, დასავლელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობისათვის? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პოლიტოლოგი იან ჰორნატი.

იან ჰორნატი: ეს საკმაოდ სახიფათოა გარკვეულ დონეზე, მაგრამ არც გადაჭარბებით უნდა შევაფასოთ რიტორიკისა და დისკურსის მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რა იმალება დონალდ ტრამპის ლაპარაკისა და მოქმედების უკან. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა არ არის მხოლოდ პრეზიდენტზე დამოკიდებული, ის დამოკიდებულია ასევე კონგრესსა და ხელისუფლების სხვა შტოებზე. ნახეთ, როგორ მოქმედებდა ბოლო თვეების განმავლობაში კონგრესი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მიმართულებით. იგი ძალიან მტკიცედ უჭერდა მხარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. როდესაც დონალდ ტრამპი ივლისის ნატოს სამიტში მონაწილეობდა, სენატისა და ქვედა პალატის წარმომადგენლებმა ლამის ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს ნატოს. ასე რომ, ეს უნდა გაიმიჯნოს.

კობა ლიკილიკაძე: რიტორიკის გარდა, არის ძალიან საინტერესო ფაქტი. ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამასთან, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ჯერ არ მიუღწევიათ იმ მიზნისათვის, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ის დახარჯვას. პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს ბოლო სამიტზე მოკავშირეებს ურჩი გადამხდელები უწოდა. რას ფიქრობთ ამაზე?

იან ჰორნატი: ეს, ისევ და ისევ, არის საერთაშორისო არენაზე დონალდ ტრამპის მოქმედების მეთოდი. იგი ყოველთვის კონფრონტაციის ზღვარზე მოქმედებს, როგორც ეს იყო ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში, როდესაც თავიდან საფრთხის გამწვავებაზე წავიდა, ხოლო შემდეგ ზეწოლის გზით შეეცადა მიეღწია მაქსიმალური შედეგისთვის. ჩვენ ვხედავთ ისეთსავე ქმედებას ირანისა და ნატოს შემთხვევაში. აშშ-ის მხრიდან ნატოს კრიტიკასა და მის ურჩ გადამხდელად გამოცხადებაში ახალი არაფერია.

კობა ლიკლიკაძე: თუ გინდა მეტი უსაფრთხოება, მარტივად, მეტიც უნდა გადაიხადო.

იან ჰორნატი: დიახ. აქ სიახლე არაფერია. დონალდ ტრამპმა ეს დისკურსი მხოლოდ გააძლიერა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, თუ დავაკვირდებით, ობამას ადმინისტრაცია და ბუშის ადმინისტრაციაც ზეწოლას ახდენდა ევროპაზე, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამჯერად ნატოს ყველა წევრი კონცენტრირებულია მხოლოდ ფულზე, მთელი მსჯელობა და დისკუსია ალიანსის შიგნით მიმართულია ლამის მხოლოდ ბიუჯეტზე და არა სტრატეგიულ პერსპექტივაზე - იმაზე, უნდა გაფართოვდეს თუ არა ნატო. ასეთი დისკუსია ამჯერად მიჩუმდა, რადგან ყველა მხოლოდ ბიუჯეტზე ლაპარაკობს.

კობა ლიკლიკაძე: არსებობს სხვა რიგის საკითხები, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში. ესაა, კერძოდ, „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“, გლობალური გაზსადენის პროექტი, გერმანიასა და რუსეთს შორის. ზოგიერთ დასავლურ გამოცემაში ფიგურალურად ითქვა, ამ პროექტით გერმანია რუსეთის ტყვეობაში აღმოჩნდებაო. რას ფიქრობთ ამაზე?

იან ჰორნატი: მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ გერმანია ვინმეს ტყვეა, მაგრამ ეს ეხება ევროპის საერთო პრობლემას, რის ირგვლივაც თავს იჩენს აზრთა სხვადასხვაობა. ევროპა აცნობიერებს, რომ ძალიან არის დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და ესაჭიროება დივერსიფიკაცია. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი, 100 %-ით არიან დამოკიდებული რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე. ამიტომ აშშ-მა დაიწყო ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპისკენ, ამას მოჰყვა ენერგეტიკული ტერმინალების მშენებლობა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა ამერიკიდან იმპორტირებული ენერგია დახმარებოდა ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში. და ამ დროს გამოდის, რომ გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით ზრდის რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების დონეს. სწორედ აქ იჩენს თავს უთანხმოება.

კობა ლიკლიკაძე: და საუბრის ბოლოს, შევცვალოთ ჩვენი რაკურსი. რა გავლენას ახდენს ასეთი დაძაბულობა ტრანსატლანტიკური ალიანსის შიგნით საქართველოზე, უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებზე?

იან ჰორნატი: მე უკვე მივანიშნე ამაზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნატოს შიგნით მიმდინარე დისკუსიაა ძირითადად ბიუჯეტის გარშემო, ხოლო მსჯელობა ნატოს გაფართოებაზე გარკვეულად მიჩუმდა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვესმის გარანტიების შესახებაც. სულ რაღაც ორი კვირის წინ, როცა იენს სტოლტენბერგი აშშ-ში შეხვდა ჯონ ბოლტონს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უშიშრეობის საკითხებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს ძალიან ძლიერი გარანტიაა. გარდა ამისა, გასულ წელს, რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, 2017 წლის ზაფხულში, ჩერნოგორია ნატოს წევრი გახდა. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ეს ნატოს გაფართოების პოლიტიკისადმი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG