Accessibility links

logo-print logo-print

ივანიშვილისეული პოტიომკინის სოფელი და მისი დემონტაჟის დასაწყისი


ავტორი: გიორგი ლებანიძე

1787 წელს ყირიმში მოგზაურობისას რუსეთის იმპერატორ ეკატერინეს მოხიბვლის მიზნით მისმა გენერალმა (და ყოფილმა საყვარელმა) გრიგორი პოტიომკინმა მდინარე დნეპრის გაყოლებაზე იმპერატორს და მის თანმხლებ დასავლურ დიპლომატიურ კორპუსს დაახვედრა ფასადური ნაგებობები, რომლებიც შორიდან საოცრად ლამაზი სოფლების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ სინამდვილეში უბრალო დეკორაციებს წარმოადგენდნენ. გადმოცემის თანახმად, იმპერატორ ეკატერინესა და დასავლელ დიპლომატებში პოტიომკინის „სოფლებს“ დიდი აღფრთოვანება გამოუწვევია. ისტორიკოსები დავობენ, რამდენად ზუსტად შეესაბამება ეს ამბავი სიმართლეს, მაგრამ ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენადაც „პოტიომკინის სოფლების“ ცნება დიდი ხანია გახდა მთელს მსოფლიოში ტერმინი იმ მდგომარეობის აღსაწერად, როდესაც შთამბეჭდავი ფასადი აგებულია მის უკან დისფუნქციური რეალობის მიჩქმალვის მიზნით.

პოტიომკინის ფასადური სოფელი განასახიერებს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანი მმართველობის შედეგად. ფორმალურად არსებობს მთავრობის კაბინეტი თავისი პრემიერით, სასამართლო სისტემა, პარლამენტი, პრეზიდენტი, ასევე გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ამ ინსტიტუციის ფუნქციას და ახდენს მათი უფლებამოსილებათა დელიმიტირებას. მაგრამ ამ ინსტიტუციების ფუნქციონირებაზე მცირედი დაკვირვებაც კი ნათელს ხდის, რომ მათი ფუნქციონირების შინაარსს განსაზღვრავს არა სახელმწიფოს კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი. მაგალითად, ფორმალურად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინიშნება და მას უწყდება უფლებამოსილება პარლამენტის მიერ. ეს ივანიშვილისეული პოტიომკინის სოფლის ფასადის ერთ-ერთი ელემენტია და გარე დამკვირვებელზე ნორმალური, დემოკრატიული ინსტიტუციის შთაბეჭდილების დატოვებას ემსახურება. სინამდვილეში კი პრემიერის დანიშვნაც და გათავისუფლებაც დამოკიდებულია ივანიშვილის ნებაზე. მეტიც, ფასადის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს პარლამენტმა და გაათავისუფლოს პრემიერი, ან თავად პრემიერი „საკუთარი ნებით“ წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან. ასე რომ, ფასადად გვაქვს პრემიერი, რომელსაც ირჩევს და ათავისუფლებს პარლამენტი, ხოლო ფასადის მიღმა, რეალურად - ივანიშვილის ნება. დეკორაცია წარმოადგენს დემოკრატიული ინსტიტუციის ასლს, რეალობაში კი საქმე გვაქვს ავტოკრატიასთან. მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება ყველა სახელმწიფო ინსტიტუციიდან. სწორედ ამიტომ, Transparency International-ის მიერ 11 დეკემბერს მომზადებული დასკვნა, საქართველოში შექმნილ მდგომარეობას აღწერს როგორც „სახელმწიფოს მიტაცებას“. ჩემი აზრით, „სახელმწიფოს ივანიშვილისეულ პოტიომკინის სოფლად გადაქცევა“, კიდევ უფრო ზუსტად ასახავს შექმნილ მდგომარეობას.

ლიბერალურ დემოკრატიებში კონსტიტუცია განსაზღვრავს თითოეული სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციას და ახდენს მათ უფლებამოსილებათა დელიმიტირებას, ხოლო თავად კონსტიტუციის და მთლიანად ძალაუფლების წყაროდ ითვლება ხალხის თავისუფალი ნება. ასე რომ, მოქალაქენი იმართებიან არა რომელიმე ბელადის, ან რამე ჯგუფის - მაგალითად არისტოკრატების ანდა ოლიგარქების - არამედ იმ საკანონმდებლო სისტემის მიერ, რომელიც მათსავე თავისუფალ ნებაში იღებს სათავეს. ასე რომ, საქმე გვაქვს ავტონომიასთან, რაც ბერძნულად თვითმმართველობას ნიშნავს. სწორედ ასეთი სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობა ვერ განხორციელდა ქართულ რეალობაში. ამისი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ქართული საზოგადოება სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობის ნაცვლად ფოკუსირებულია ერის გადამრჩენი ბელადების მოძიებაზე. ასე შეიქმნა და შემდეგ დაიმსხვრა ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის კერპები, მაგრამ, ცხადია, ვერც ახალი ბელადის კერპის შექმნით და ვერც ძველის დანგრევით დემოკრატიული ინსტიტუციები ვერ ჩამოყალიბდება. ბელადი (თავისი განუსაზღვრელი ძალაუფლებით) და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუციები (რომელნიც ძალაუფლებათა ურთიერთშეზღუდვასა და ბალანსის პრინციპზეა აწყობილნი) ერთმანეთის ანტითეტიკური ცნებებია. სავსებით შესაძლებელია, რომ ბელადს ჰქონდეს კეთილი განზრახვები და გულწრფელად უნდოდეს საკუთარი ქვეყნის განვითარება, მაგრამ თავად ძალაუფლების ის სტრუქტურა, რომელიც მას, როგორც ბელადს წარმოშობს, მოითხოვს მისგან საკუთრი ნების შეუზღუდავ რეალიზაციას.

ამდენად ერთი ერის მხსნელ ბელადს ვცვლით მეორეთი, მაგრამ ამით შუასაუკუნოვანი მორევიდან ამოსვლას ვერ ვახერხებთ. მსგავს მორევში ტრიალებდა დასავლური სამყარო ასწლეულების მანძილზე, სანამ მეთვრამეტე საუკუნეში არ გაიაზრა, რომ სახელმწიფო უნდა შეიქმნას არა ლიდერის გარშემო, არამედ ურთიერთდამბალანსებელი ინსტიტუციების ბაზაზე და სწორედ იმ მიზნით, რომ ერთი პიროვნების ან ერთი ძალის მიერ მისი მართვა შეუძლებელი გახდეს. დღევანდელი ქართული რეალობა კი შეუძლებელია იყოს უფრო შორს ძალაუფლების ურთიერთშეზღუდვისა და დაბალანსების პრინციპისგან. არათუ არ არსებობს ინსტიტუციათა შორის ურთიერთბალანსი, არამედ ინსტიტუციებს წმინდა დეკორაციული ხასიათი აქვთ. ფორმალურად არსებული ყველა ინსტიტუციის ფასადის მიღმა იმალება ერთი პიროვნების ნება.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებიც სწორედ ამ პოტიომკინის სოფლის პარადიგმას ექვემდებარებოდა. არჩევნების ფუნქცია მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველყოფაა. რეალურად კი მასიური დაშინებების და მოსყიდვის გამო მოხდა ის, რომ არჩევნებმა გამოავლინა არა მოქალაქეთა, არამედ ივანიშვილის ნება. პარლამენტში შესვლით ოპოზიციური ძალები თავზე იტვირთავდნენ არა თავიანთ ამომრჩეველთა ნების გამოხატვის, არამედ ივანიშვილისეული პოტიომკინის სოფლისთვის დაქირავებული მსახიობების ფუნქციას. ხოლო პარლამენტში არშესვლით - მათ ამ ფასადური სოფლის ერთ-ერთ მთავარ დეკორაციას საყრდენი ბოძი გამოაცალეს. ასე რომ, დაიწყო პოტიომკინის სოფლის დემონტაჟი და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად მივა ლოგიკურ დასასრულამდე; ასევე იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ ბელადს მეორეთი (მათ შორის უკვე ნაცადი ბელადით) არ ჩავანაცვლებთ და დავადგებით ინსტიტუციონალური მშენებლობის გზას, რომელმაც გახადა დასავლური დემოკრატიები ისეთნი, როგორადაც დღეს გვევლინებიან.

გიორგი ლებანიძე ფლობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს; ასწავლის ფილოსოფიას ფორდამის უნივერსიტეტსა და მერისტ კოლეჯში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG