Accessibility links

ივანიშვილის ბიზნესცენტრის კედელზე ღამით გაკეთებული წარწერები წაშლილია


14 ნოემბერს გვიან ღამით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის კედლებზე აქტივისტების და მოქალაქეების გაკეთებული საპროტესტო წარწერები 15 ნოემბერს დილას უკვე წაშლილი იყო, კედლები - გადაღებილი. „შეცვალე“, „წადი“, „სირცხვილია“ - ამ წარწერების გაკეთებისას გუშინ პოლიციელები მოქალაქეებს უხსნიდნენ, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და დაჯარიმებას ექვემდებარება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ტიპის შემთხვევებში მოქალაქეებს მერიის ზედამხედველობის სამსახური აჯარიმებს ხოლმე ნაგებობებისთვის იერსახის დამახინჯების გამო, მერიაში კი ამბობენ, რომ გუშინ გაკეთებული წარწერის გამო მათ სამსახურს არავინ დაუჯარიმებია.

ვინ წაშალა წარწერები?

თბილისის მერიაში ამბობენ იმასაც, რომ მათ სამსახურებს არ მიუღიათ მონაწილეობა სოლოლაკში აქციის მონაწილეების მიერ გაკეთებული წარწერების წაშლაში და მათთვის უცნობია, ვინ მოხსნა ისინი კედლიდან. მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციამ, „თბილსერვის ჯგუფმა“ დილის საათებში ამ ტერიტორიაზე გზის მორეცხვის სამუშაოები ჩაატარა.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან პროტესტის გამოსახატად 14 ნოემბერს რამდენიმე მოქალაქემ ფეხით მსვლელობა მოაწყო. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები იყვნენ და „ქართული ოცნების“ ლიდერის სახლისკენ მიმავალი გზა სამართალდამცველების თანხლებით გაიარეს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ კედელზე წარწერების გაკეთებისას.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებისას დაიწყო. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო წესი მაჟორიტარულიდან პროპორციულზე უნდა გადასულიყო, 3-ჯერ გადაიდო და 14 ნოემბერს პირველი კენჭისყრისას ჩავარდა.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად კონსულტაციებს მართავენ, აქტივისტები კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მოთხოვნებს შორის არის ვადამდელი არჩევნები და დროებითი, გარდამავალი მთავრობის შექმნაა. პარალელურად, „ქართული ოცნების“ რიგებს დეპუტატები ტოვებენ.

საარჩევნო წესის ცვლილება იყო 20-21 ივნისის შემდეგ პერმანენტული აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა. პროპორციულ წესზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის პირობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG