Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს ვაპირებთ - ბიძინა ივანიშვილი


ბიძინა ივანიშვილი საახალწლო მიმართვას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი საახალწლო მიმართვას ავრცელებს

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მილიარდერი ექსპრემიერი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საახალწლო მიმართვას ავრცელებს თავისი და მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით და ამბობს, რომ „დანებებას“ არც 2026 წელს აპირებს.

„ქართული ოცნების“ ფეისბუკის გვერდის მიერ 2025 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილი წერს, რომ გასული წელი „გამოწვევებით და სირთულეებით იყო აღსავსე“; ის კვლავ საუბრობს „მსოფლიო მმართველობის მსურველ“ ჯგუფზე:

„საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს. ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე“, - წერს ის.

ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ „ურთულესი გამოწვევების მიუხედავად“, ხელისუფლებამ „ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი“ გასცა.

„რა თქმა უნდა, გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს ვაპირებთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი კულტურა და ტრადიციები დგას, ჩვენს უკან დგანან ჩვენი შვილები, ამიტომაც, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს“, - წერს იგი.

წერილის დასაწყისში ივანიშვილი მიმართავს თანამოქალაქეებს, მათ შორის საქართველოსა და „ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“ მცხოვრებლებს. უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს ქვეყანაში ჩამოუსვლელად ხმის უფლება 2025 წლიდან ჩამოერთვათ.

  • 2025 წელს საქართველოში მკვეთრად გაძლიერდა ის პოლიტიკური და ინსტიტუციური პროცესები, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების, უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების შეფასებით, კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას წარმოადგენს;
  • საუბარია ხელისუფლების ძალაუფლების შემდგომ კონცენტრაციაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების სისტემურ შესუსტებაზე, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნიშნებზე და კანონის გამოყენებაზე შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით.
  • ამ პროცესების მთავარ პოლიტიკურ არქიტექტორად კრიტიკოსები და ანალიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ; „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „გარანტი“, რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებით განვითარდება;
  • ბიძინა ივანიშვილის გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ასევე ეკონომიკურ რესურსებზე, ბევრის აზრით, წარმოადგენს იმ სისტემური მოვლენების საფუძველს, რამაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიიდან მნიშვნელოვნად გადაახვევინა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG