Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივან კრასტევი: ყოვლისშემძლე რუსეთზე წარმოდგენა დასავლური ფანტაზიის პროდუქტია


ივან კრასტევი
ივან კრასტევი

ივან კრასტევი ალბათ ერთადერთი პოლიტოლოგია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით უსმენენ როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში. „ივანს თავში პატარა სეისმოლოგიური სადგური აქვს ჩამონტაჟებული და მისი ანალიზი ხშირად საშუალებას გვაძლევს ტექტონიკური პროცესებით გამოწვეული ნგრევები ავიცილოთ თავიდან“ - ნახევრად ხუმრობით მითხრა ერთმა ბრიუსელელმა პოლიტიკოსმა. ჩვენც შევეცადეთ ივანს გავსაუბრებოდით სეისმოლოგიურად ისეთ აქტიურ ზონაზე, რომელსაც სახელად კრემლი ჰქვია.

ლაშა ოთხმეზური: ივან, 1942 წელს, როცა სოფია ბერლინის მოკავშირე იყო, ბულგარეთის მეფე ბორისმა ჰიტლერის საგარეო საქმეთა მინისტრ რიბენტროპს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის იქნებოდა გერმანიის გვერდზე, მაგრამ არასდროს რუსეთის წინააღმდეგ. სად არის დღეს ბულგარეთი? ევროპასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთთან ერთად ევროპის წინაააღმდეგ?

ივან კრასტევი: ამ ფრაზას ხშირად იხსენებენ, როცა ბულგარეთის რუსოფილიაზე საუბრობენ. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბულგარული ნაციონალიზმი არასდროს ყოფილა ანტირუსული. ბულგარეთი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო და მისი ნაციონალიზმიც ძირითადად ანტითურქული იყო. ანტირუსული განწყობების არარსებობის ასახსნელად ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცივი ომის დროს ბულგარეთს არ ჰქონდა საბჭოთა სამხედრო ბაზები ბულგარეთის ტერიტორიაზე. თუმცა ბულგარელების რუსოფილია, რუსეთის მიმართ ბულგარეთის ინტერესი ძალზე ზედაპირულია. მაგალითად, რუსეთის საელჩო სოფიაში ენის სწავლების სტიპენდიებს სთავაზობს ახალგაზრდებს, თუმცა არ მოიძებნა საკმარისი ბულგარელი, რომელიც ამ სტიპენდიით ისარგებლებდა. ასე რომ, რუსოფილია უფრო განცხადებების დონეზე რჩება.

ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ბევრ გულშემატკივარს ნახავთ სოფიაში, ბულგარეთი სრულად მისდევს ბრიუსელის პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ერთ მშვენიერ დღეს ბულგარეთი შეიძლება შეუერთდეს ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვისადმი დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვენ. თუმცა სოფია არასდროს იქნება ასეთი კოალიციის ლიდერი. ასე რომ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბედი უფრო დამოკიდებულია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა იტალია ან უნგრეთი.

ლაშა ოთხმეზური: რა როლს თამაშობს ამ რუსოფილიაში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია?

ივან კრასტევი: მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკური წონა ბულგარეთში ძალიან მცირეა. ამ მხრივ შეუძლებელია მისი შედარება ქართულ ეკლესიასთან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქართული ეკლესიისგან განსხვავებით, ჩვენს ეკლესიაზე მოსკოვის საპატრიარქოს გავლენაც არ არის დიდი. მაგალითად, მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქოს დიდი მცდელობისა, ჩვენი ეკლესია ნეიტრალური დარჩა რუსულ-უკრაინულ საეკლესიო კონფლიქტში.

ლაშა ოთხმეზური: ყირიმის ანექსიის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთის მიერ შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობას არა ბალტიის, არამედ ბალკანეთის ქვეყნებში უნდა ველოდოთ...

ივან კრასტევი: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ყველგან ჰქონდეს საკუთარი ბერკეტი. „შენ შეგიძლია ყველგან ახალი პრობლემა შექმნა“ - ესაა რუსეთის საგარეო პოლიტიკის დევიზი. მაგრამ ბალტიის ქვეყნებში რუსეთის წინააღმდეგ ნატო დგას. ბალკანეთში კი ამ მხრივ სიტუაცია ძალიან განსხვავებულია. 90-იან წლებში ბალკანეთის ომმა საზოგადოებას და ეკონომიკას დიდი დაღი დაასვა. ამ ქვეყნების ეკონომიკა ძალიან სუსტია, პოლიტიკური ელიტა კორუმპირებულია, პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. ამასთან, ბალკანეთის ქვეყნების ნაწილისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება. ეს ქვეყნები ვერ სარგებლობენ ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების მხრიდან ისეთი ყურადღებით, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებშია. ეს კი რუსეთს უბიძგებს აქტიურად ჩაერიოს ამ ქვეყნების შინაურ პოლიტიკაში.

მაგრამ მე მინდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გავუსვა ხაზი: ყოველთვის, როცა რუსეთის მაღალ აქტიურობას ვაკვირდებით რომელიმე ქვეყანაში, საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ ადგილობრივ მოთამაშეებს, რომლებიც კრემლს საკუთარ ქვეყანაში ეპატიჟებიან. „რუსები მოდიან“ - ამ ფრაზას ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, მაშინ როცა გვავიწყდება მეორე ფრაზა - „რუსებს ეპატიჟებიან“. არა და ამ ქვეყნებში მრავლადაა მარგინალური ძალები, რომლებსაც რუსული რესურსის მობილიზება სურთ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ასეთი მოთამაშეები ცდილობენ, მაგალითად, ყირიმში დიდი ზარ-ზეიმით ჩავიდნენ, რათა კრემლის მიერ შემჩნეული იქნენ. ეს განსაკუთრებით ეხება ულტრანაციონალისტურ ქსენოფობიურ ჯგუფებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საკუთარი კუთხე-კუნჭული მოიპოვონ რუსულ ფინანსურ ბაზარზე.

ლაშა ოთხმეზური: ზუსტად ამის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი ჩრდილო მაკედონიაში ამ რამდენიმე თვის წინ, რათა ამ ქვეყნისათვის ნატოსკენ მიმავალი გზა გადაეღობა. რუსეთის ჩარევა იმდენად უხეში იყო, რომ ამის გამო საბერძნეთიდან რუსი დიპლომატებიც კი გააძევეს...

ივან კრასტევი: რუსეთმა ჩრდილოეთ მაკედონიაში დიდი შეცდომა დაუშვა - ამ ქვეყნის გაწევრიანება ნატოში არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ რუსეთმა მაინც დადო ფსონი იქაურ ნაციონალისტურ-ქსენოფობიურ ძალებზე და სრული მარცხი განიცადა.

იცით, რა არის მთავარი ჩრდილო მაკედონიის შემთხვევაში? მიუხედავად იმისა, რომ მაკედონია არ აღიქვამს რუსეთს საფრთხედ, ამ ქვეყნისათვის ძალიან ნათელი იყო, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია მისი გადარჩენის ერთადერთი გარანტია გახლდათ. მაკედონიაში ცხოვრობს ორი დიდი ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფი და მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება ისტორიის მანძილზე არ იყო უკონფლიქტო. ნატოში გაერთიანება კი სკოპიესათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა, რადგან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია გარანტიაა, რომ ქვეყანა თავის გეოგრაფიულ საზღვრებში გადარჩება, რომ იგი მომავალში თავს აარიდებს ეთნიკურ კონფლიქტებს. ესაა მთავარი როგორც ჩრდილო მაკედონიისათვის, ისე უკრაინისა და საქართველოსთვის.

ლაშა ოთხმეზური: ბულგარეთი შავიზღვისპირა ქვეყანაა. რა შეიცვალა უსაფრთხოების მხრივ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ?

ივან კრასტევი: მართალი გითხრა, ჩვენთვის ბევრად უფრო საშიშ ელემენტს წარმოადგენს ნატოსგან თურქეთის დაშორება. ბულგარეთი ძალიან შეშფოთებულია თურქულ-რუსული თანამშრომლობის გაღვივებით. ნატოსგან თურქეთის დაშორება, მისი გადაწყვეტილება, შეიძინოს რუსული ანტისარაკეტო სისტემა, უფრო და უფრო საშიშს ხდის შავიზღვისპირა რეგიონს რუმინეთისა და ბულგარეთისთვის.

ლაშა ოთხმეზური: როგორია ბულგარეთის ენერგეტიკული სექტორის დამოკიდებულება რუსეთზე?

ივან კრასტევი: მაღალი, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა იგი კლებულობს. სოფია ახერხებს გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირებას. უნდა ითქვას, რომ თხევადი ბუნებრივი გაზის მოპოვებამ ამერიკაში, პირველად ისტორიაში, ვაშინგტონი გახადა მოსკოვის კონკურენტი ევროპულ ბაზარზე. ეს კი, იმედი ვიქონიოთ, კარდინალურად შეცვლის ევროპის ენერგიის უსაფრთხოების პოლიტიკას.

რაც შეეხება „სამხრეთის ნაკადს“, ბულგარეთს სურდა ამ პროექტის განხორციელება, რადგან, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ეს მას აძლევდა დამატებით შემოსავალს, სამუშაო ადგილებს და გეოპოლიტიკურ წონას. მაგრამ ბულგარეთი არ წავიდა ევროგაერთიანების ნების წინააღმდეგ და ეს პროექტიც ჩაიშალა. თუმცა არც ბულგარეთის მოსახლეობას და არც ბულგარეთის მთავრობას არ ესმის, ამავდროულად რატომაა ევროპისათვის შესაძლებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის განხორციელება, როცა ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვნად ზრდის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას.

ლაშა ოთხმეზური: თქვენს წიგნებში ბევრს საუბრობთ პოპულიზმზე, თუმცა არაფერს წერთ საარჩევნო სისტემებზე. არადა, პროპორციული სისტემა ბარიერის გარეშე, ჯერ ერთი, ხელს უწყობს პოპულისტების მასიურად შესვლას პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის ქმედითუნარიანობის დაკარგვას, რაც ისევ და ისევ პოპულისტურ პარტიებს აძლიერებს...

ივან კრასტევი: გრძელდება დებატები, თუ რომელი საარჩევნო სისტემა ჯობს. მე ვთვლი, რომ ბევრია დამოკიდებული ქვეყნის ისტორიაზე, ქვეყნის ეთნიკურ შემადგენლობაზე, პოლარიზაციის დონეზე და ა.შ. გეთანხმები, რომ პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით ყველას აძლევს ამის საშუალებას, ვისაც ავადმყოფური ამბიცია აქვს პარლამენტში მოხვდეს. რა თქმა უნდა, ნულოვანი ბარიერი პარლამენტს აქუცმაცებს, მასში ჯუჯა პარტიებს ამრავლებს და შემდგომში კოალიციურ მთავრობას ქმედითუნარიანობას უკარგავს. ასევე ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში ამომრჩევლისათვის ძნელი ხდება, მთავრობა გახადოს ანგარიშვალდებული, რადგან მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა ყოველთვის შესძლებს თავის მინორიტარულ პარტნიორს გადააბრალოს ყველაფერი. ბულგარეთში 4%-იანი ბარიერია და კარგად მუშაობს, რადგან აიძულებს ძირითად პარტიებს ერთმანეთთან ითანამშრომლონ და კომპრომისული პოლიტიკა გაატარონ.

ლაშა ოთხმეზური: თქვენ ხშირად წერთ, რომ უნივერსალურმა იდეოლოგიებმა დრო მოჭამეს. ხომ არ იკავებს ეკოლოგია დღეს ამ სიცარიელეში ადგილს? ხომ არ იქცევა ეკოლოგია იმ უნივერსალურ იდეოლოგიად, რომლიც ევროპას სურს, რომ მსოფლიოს მოახვიოს?

ივან კრასტევი: გასულ წელს ევროპაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ევროპელების 67%-ს სჯერა, რომ ადრე ცხოვრება უკეთესი იყო. თუმცა მათ უჭირთ უპასუხონ კითხვას, როდის იყო ეს ადრე. ევროპელებს ყოველთვის ეშინოდათ წარსულის და უყვარდათ მომავალი. დღეს კი პირიქითაა. არადა, დემოკრატიას სჭირდება გრძელვადიანი პერსპექტივა, ვინაიდან ინსტიტუციურად იგი მომავლისკენ იყურება. და მწვანეების მოძრაობა ზუსტად მომავლის პერსპექტივას ცვლის. მწვანეების მოძრაობა ევროპელებს საშუალებას აძლევს შორეულ მომავალზე იფიქრონ: „რა გველის ჩვენ, კაცობრიობას, 50 ან 100 წელიწადში?“ და ეს „ჩვენ“ ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ეკოლოგია ქმნის ერთი ბედით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს. ამასთან ერთად ეკოლოგიას თან სდევს ძლიერი რელიგიური ელემენტი - განცდა ცოდვისა, განცდა, რომ შენ ეკოლოგიის გაუარესებაზე პასუხისმგებელი ხარ. აქედან გამომდინარე, მწვანეების მოძრაობა ასევე ეხება ეთიკურ საკითხებს და, რაც მთავარია, ადამიანს საშუალებას აძლევს მომავალში საკუთარი ბედის პროეცირება მოახდინოს. ასე რომ, მე შენ გეთანხმები, რომ მწვანეების მოძრაობა ბევრად უფრო გლობალურია, ვიდრე უბრალო წუხილი ეკოლოგიის ბედზე.

ლაშა ოთხმეზური: ისევ რუსეთს რომ დავუბრუნდეთ... რა არის რუსეთის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია ევროპასთან მიმართებაში?

ივან კრასტევი: მოკლევადიან სტრატეგიაში რუსეთს სურს ეკონომიკური სანქციების მოხსნა. აქედან გამომდინარე, რუსეთის საგარეო უწყება დღეს მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს ნებისმიერ მარგინალურ ძალასთან, რომელიც რუსეთს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.

გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი დაინტერესებულია, შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ბევრად უფრო სტრატეგიულად მოაზროვნე გვგონია მოსკოვი, ვიდრე ის სინამდვილეში არის. მაგალითად, კრემლში სხვადასხვა ინსტიტუტებს განსხვავებული აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი ევროგაერთიანება სჭირდებათ. არის ჯგუფი, რომლისთვისაც ევროკავშირის დაშლა ოპტიმალური ვარიანტია. თუმცა მოსკოვის პოლიტიკურ ელიტაში არის ასევე გავლენიანი წრე, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორის გაქრობა მოსკოვს კარგს არაფერს მოუტანს. მათთვის მისაღებია სტრატეგიულად ამერიკისგან დამოუკიდებელი ევროკავშირი. და არის მესამე ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპა უნდა იყოს დიდი ბაზრის მქონე პოლიტიკური ქონდრისკაცი. კრემლში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფის ხედვა იმარჯვებს. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ კრემლის მარჯვენა ხელმა არ იცის, თუ რას აკეთებს მისი მარცხენა ხელი. ასე რომ, წარმოდგენა სტრატეგიულად მოაზროვნე, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკის მქონე ყოვლისშემძლე რუსეთზე, რომელიც ყველგან ყველაფერს აღწევს - არის დასავლური ფანტაზიის პროდუქტი. და ეს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არა მარტო რუსული დეზინფორმაციის, არამედ ჩვენი საკუთარი ფობიების მსხვერპლიც კი შეიძლება გავხდეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG