Accessibility links

18 ივლისის შექსპირი


უცნაურია, მაგრამ პაპანაქება სიცხის თუ გაურკვევლობის გამო, არა ვინმე კონკრეტული ადამიანი - ვთქვათ, რომელიმე ჩემი კოლეგა, ან ტელევიზიის თანამშრომელი, ვისაც შაბათობით ვხვდები (ან ვხვდებოდი ხოლმე), - არამედ უილიამ შექსპირი გამახსენდა, რადგან ის, რაც რუსთავი 2-ის ეზოში (უპატრონოდ აწეულ შლაგბაუმს აქეთ და იქით) დამხვდა 18 ივლისს - სწორედ შექსპირულად უჩვეულო და პირქუში იყო.

18 ივლისის შექსპირი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00
Direct link

ასე ეცემა ყველა სამეფო შექსპირის თითქმის ყველა პიესაში: დაშლილი სამყარო, ცარიელი ეზო, რატომღაც საზეიმოდ გამზადებული, ახლა კი საწყალობლად მიგდებული სცენა, აქა-იქ მიმოფანტული "გვამები" (დასიცხული და დაობლებული "პარტაქტივი", - სავარაუდოდ, ინფანტილური პოლიტიკოსების მიერ მოყვანილი სადღესასწაულოდ და სხვებიც, უპარტიო და დაბნეული ადამიანები - გულწრფელად შეწუხებულები ტელევიზიის დაცემით), ელსინორის სასახლის, ანუ ტელევიზიის შენობის ფანჯრებიდან სევდიანად გადმოკიდებული "დანიის" (საქართველოს და ევროკავშირის) დროშები, უმიზნოდ და უთავბოლოდ მოლასლასე, გაოფლიანებულ-დაბეჩავებული (ჯერ მოუჭრელი) მოლაპარაკე თავები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მათი შემყურე, აუხსნელად გამარჯვებული ხელისუფლების მცველი პოლიციელები - "ძმისმკვლელ კლავდიუსის" არმია.

ალბათ, სწორედ ასეთი ელსინორი დაუხვდა ნორვეგიელ ფორტინბრასს, როცა ვერმოზეიმე სასახლის სამეფო დარბაზში შევიდა "ჰამლეტის" დასასრულს - აშლილ-აყრილი სუფრა და ჯერ კიდევ დილით ამაყად მოქაქანე, ახლა კი მოულოდნელად დადუმებული მთავარი გმირები...

და სიცხე, აუტანელი პაპანაქება, ხვატი, გავარვარებული მზე (არა იორკის, არამედ თბილისის, მაგრამ მაინც შექსპირული), საქელეხე განწყობა, ისეთი ქალები და კაცები, საგამოცდო ცენტრების წინ აღმართულ რკინის ღობეებთან რომ ელიან შვილ-შვილიშვილებს, - წყლისგან დაცლილი ცარიელი ბოთლებით, სველი ცხვირსახოცებით და მოუხელთებელი, გაუგრილებელი შავი მარაოებით, საზეიმოდ რომ უნდა ექნიათ დროშებთან ერთად...

ვიღაცა სიცხისგან გამხდარა ცუდად, რადგან კაცის ხმა დაღლილად, თუმცა მტკიცედ მოუწოდებდა ხეებქვეშ შემალულ სასწრაფო დახმარების მანქანას: "აქეთ, აქეთ!"

ერთი-ერთი ნაცნობი სახე (მაგრამ გაუცხოებული სამეფოს უეცარი და სრული ჩამოშლისგან) ამაოდ ცდილობდა რესპექტაბელურობის შენარჩუნებას ნახევარჩრდილში მდგარ ტელეკამერასთან (რესპონდენტზე მზე, ოპერატორზე დაცვის ჯიხურის სახურავის ჩრდილი): "მეგობრებო, ახლა მთავარია..."

რა არის მთავარი?

მგონი, არც თავად იცოდა, უბრალოდ ხომ უნდა ეთქვა რამე... სამეფოს დაშლა თურმე არა შოკის, არა შიშის, არა რისხვის, არამედ დამაჩლუნგებელი, გამომათაყვანებელი, თითქმის უემოციო დაბნეულობის გამომწვევი ყოფილა - როცა უკვე აღარავინ იცის, რა უნდა აკეთოს ხვალიდან...

ლევ ტოლსტოის აუხსნელად სძულდა უილიამ შექსპირი, მაგრამ 18 ივლისს ისინი უთუოდ შეხვდებოდნენ ერთმანეთს რუსთავი2-ის ეზოში, ყოველ შემთხვევაში, "ბოროდინოს ველზე" (ტელევიზიის შენობაში) მოარული პიერ ბეზუხოვი აუცილებლად გაიგონებდა მრავლისმეტყველ სიჩუმეს: ვიღაცის ტირილს საგრიმიოროში, უმისამართოდ დასმულ ხმადაბალ შეკითხვებს, შავი სითხის მელანქოლიურ წანწკარს ყავის მანქანიდან...

მერე კი სიტყვებს: "ამ საღამოსვე მოვლენ".

ვინ მოვა?

ვინ და - სამეფოს ახალი მმართველები... ის, ვინც შექსპირის "მაკბეტესეული" მალკოლმის მსგავსად არადამაჯერებლად ოპტიმისტური რიხით შემოაბიჯებს დამორჩილებულ ციხე-სიმაგრეში:

სამართლიანობა აღდგა! ახლა ყველაფერი კარგად იქნება!

და ვინ დაგიჯერებს ახლა, მალკოლმ?

ძველი ვალები გასტუმრებულია, ახლა ახალი ვალების გასტუმრებას უნდა ველოდოთ.

მეფეები ომებს უგებენ ერთმანეთს, ხალხი კი ყოველთვის დამარცხებულია...

თუ ეს მხოლოდ შექსპირის პიესებშია?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG