ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჯერ A კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით E კორპუსისკენ გაემართნენ. გაიარეს ჭავჭაბაძის გამზირი და მსვლელობის დასასრულს სტუდენტური მანიფესტი წაიკითხეს.
მანიფესტის მთავარი მოთხოვნა განათლების რეფორმის გაუქმებაა, რომელიც ილიაუნის დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს.
მანიფესტის ტექსტი
„ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვდგავართ იმ ისტორიულ მომენტის წინაშე, როდესაც არა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, არამედ თავად აკადემიური თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და დემოკრატიული საზოგადოების მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
მიმდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვას ან ფაქტობრივად მის გაუქმებას, არის სისტემური შეტევა იმ პრინციპებზე, რომელთა გარეშეც უნივერსიტეტი ვერ იარსებებს. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შენობა ან ადმინისტრაციული ერთეული; ის არის თავისუფალი სივრცე და ქვეყნის განვითარების წინაპირობა.
ჩვენი პოზიცია მკაფიო და არგუმენტირებულია: ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას, ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს, ისე თანამედროვე განათლების არსს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა აღნიშნული რეფორმის დაუყოვნებლივ გაწვევა და უნივერსიტეტების ავტონომიის სრულფასოვანი დაცვა.
ჩვენი წინააღმდეგობა არ არის სპონტანური - ეს არის გააზრებული, ორგანიზებული და ლეგიტიმური სტუდენტური პროტესტი, სადაც ჩართულობა არ არის პრივილეგია, არამედ უფლებაა.
მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, აკადემიურ პერსონალსა და მოქალაქეებს - შემოგვიერთდით. ყველას შეუძლია თავისი ფორმით წვლილის შეტანა - იქნება ეს აუდიტორიაში საუბარი, დისკუსიებში მონაწილეობა თუ ქუჩაში დგომა.
დღეს ჩვენ ვდგავართ კონსოლიდაციისა და მობილიზაციის გზაზე. ეს პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ის აუცილებელია. ისტორია გვაჩვენებს, რომ უნივერსიტეტები ყოველთვის იყვნენ ცვლილებების ავანგარდში და დღეს ეს პასუხისმგებლობა ისევ ჩვენზეა.
ჩვენ არ ვითხოვთ რამე განსაკუთრებულს. ჩვენ ვიცავთ იმ მინიმუმს, რომლის გარეშეც არც უნივერსიტეტი და არც დემოკრატია არ არსებობს.
თუ დღეს დავთმობთ უნივერსიტეტებს - ხვალ დავთმობთ თავისუფლებას.
ამიტომ ვამბობთ მკაფიოდ: უნივერსიტეტი უნდა დარჩეს თავისუფალი; სტუდენტური ხმა უნდა დარჩეს დამოუკიდებელი; დემოკრატია კი - ცოცხალი.
ჩვენ დავიცავთ ილიას უნივერსიტეტს!
ჩვენ დავიცავთ განათლებას!",- ნათქვამია სტუდენტების მანიფესტში.
განათლების დაანონსებული რეფორმის თანახმად, განისაზღვრა იმ პროგრამების მიმართულებები სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელთა სწავლებაც შეეძლებათ.
ამ გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად მცირდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი.
დადგენილების მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკრძალება სტუდენტების მიღება ყველა სასწავლო პროგრამაზე, გარდა პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებისა.
მისაღები სტუდენტების კვოტები 300-მდეა შემცირებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები ერთხმად აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ილიაუნისათვის პედაგოგიკისა და STEM სპეციალობების გარდა, ყველა სასწავლო პროგრამის ჩამორთმევაზე, „არაკონსტიტუციურია“ და „ასამარებს“ უნივერსიტეტის ავტონომიას.
ფორუმი